Genesis-ს 100,000 კრედიტორის მიმართ 10 მილიარდ დოლარამდე ვალდებულება აქვს და ის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა.
კომპანიის გაკოტრება FTX-ისა და ჰეჯ-ფონდ Three Arrows Capital-ის კოლაფსთანაა დაკავშირებული. როგორც ირკვევა, Genesis-სს აღნიშნულ კომპანიებზე ერთ მილიარდ დოლარამდე ვალი ჰქონდა გაცემული, მათ მიერ დეფოლტის გამოცხადებამ კი კომპანია უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობამდე მიიყვანა.
Genesis-ი მსხვილი ჰოლდინგის, Digital Currency Group-ის შვილობილი კომპანიაა, თავად DCG-ის მფლობელი კი ბარი სილბერტია, რომელმაც ერთ წელში 30 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.
ექსპერტების შეფასებით, Genesis-ის გაკოტრება გარდაუვალი იყო, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მისმა კოლაფსმა სხვა კომპანიებიც მნიშვნელოვნად დააზარალოს, მათ შორის ყველაზე დიდი რისკის წინაშე კი მილიარდერი ტყუპების, ტაილერ და კამერონ ვინკლევოსების მიერ დაფუძნებული Gemini-ია, რომელსაც Genesis-ზე $800 მილიონის ვალი აქვს გაცემული.
კამერონ ვინკლევოსის განცხადებით, DCG ჰოლდინგი და ბარი სილბერტი მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ამიტომაც Gemini-ის წარმომადგენლობა ემზადება, რომ გაკოტრებულ კრიპტო ბანკსა და მის ხელმძღვანელობას სასამართლოში უჩივლოს.
Genesis-ი ახლა უკვე რიგით მეექვსე მსხვილი კომპანიაა, რომელმაც ბოლო ერთ წელში კოლაფსი განიცადა, სხვა გაკოტრებულ კრიპტო კომპანიებს შორისაა: FTX, Celsius, Voyager, BlockFi და Three Arrows Capital.