ბოლოდროინდელი ეკონომიკური ინდიკატორების გაუარესებამ საკმაოდ მკვეთრი შოკი გამოიწვია საფონდო და კრიპტო ბირჟებზე. ის მოვლენები, რაც დღეს კრიპტოვალუტების ბაზარზე ხდება - პანიკა, ეკონომიკური შოკი და მკვეთრი ვარდნები გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო იმ ინფლაციის მაჩვენებლების შემდგომ, რომელიც 2022 წლის განმავლობაში მივიღეთ. ამ მაჩვენებლებმა რადიკალურად შეცვალა გლობალური ეკონომიკური სურათი და ისეთი ძლიერი სახელმწიფო და მოწინავე ეკონომიკა, როგორიცაა აშშ, რეცესიის წინაშე აღმოჩნდა.
დღეს 0%-იანი ანუ „უფასო დოლარი“ აღარ არის და აშშ-ის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთის აწევით კიდევ უფრო მეტად აძვირებს დოლარში სესხების აღებას, რამაც დოლარის გამყარება უნდა გამოიწვიოს, თუმცა ასეთ საფინანსო პოლიტიკას ძლიერი ეკონომიკური შოკი მოჰყვება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, საფონდო ბირჟებზე აისახება და ამასთანავე კრიპტო-სამყაროსაც ძლიერ დარტყმას აყენებს. ამ ყველაფრის შედეგად მივიღეთ რეცესია, რომლითაც ფედერალური რეზერვი ინფლაციის 8.6%-იანი მაჩვენებლის დაწევას ცდილობს.
ასეთი ეკონომიკური შოკი, გარკვეულწილად, მოსალოდნელი იყო ჰორიზონტზე იმ სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, რა მოცულობითაც დაიბეჭდა ბოლო 3 წელიწადში დოლარი - 0%-იანი რეფინანსირებითა და მინიმალური, დაბალ-პროცენტიანი სასესხო განაკვეთით. ასეთმა ეკონომიკურმა ფაქტორებმა ყველა მოთამაშეს მისცა საშუალება, გამოეტანა დიდი მოცულობის კრედიტები და მრავალმხრივი ინვესტიციები და შესყიდვები განეხორციელებინათ როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კორპორაციებისთვის.
დღევანდელ სარეცესიო ეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად, უნდა განვიხილოთ უკრაინის ომი და ომისგან გამოწვეული ხორბლის კრიზისი, რომელიც წლის ბოლომდე, შეიძლება, გლობალურ შიმშილში და ეკონომიკურ სიდუხჭირეში აისახოს აფრიკასა და სხვა კონტინენტებზე. ეს ტენდეციები უფრო მძიმედ შეცვლის ეკონომიკურ პროგნოზებს და გააუარესებს ყველა ეკონომიკურ და ფინანსურ ინდიკატორს. რა პერიოდით გაგრძელდება ეს რეცესია, რთული სათქმელია და განსხვავებულ სადისკუსიო თემას წარმოადგენს.
რეცესიისგან გამოწვეული ეკონომიკური და ფინანსური შოკი, გარკვეულწილად, დიდი პოზიტიური მოვლენაც არის კრიპტო სამყაროსთვის. რატომ? ეს რეცესია გამოიწვევს იმას, რომ ახალი და უსარგებლო კრიპტო-პროექტი, რომელიც არავითარ ტექნოლიგიურ სარგებელსა და სიახლეს მომხმარებელს და ბლოკჩეინ საყაროს არ სთავაზობს, უბრალოდ გაკოტრდება, ჩამოიშლება და გაქრება.
ციფრული აქტივების ბაზარზე, სადაც 20,000-მდე განსხვავებული კრიპტო-პროექტია წარმოდგენილი, გადარჩებიან მხოლოდ ისეთი ინოვაციური, ინფრასტრუქტურული კრიპტო-პროექტები და ეკოსისტემები, როგორებიცაა: ბიტკოინი, ეთერიუმი, პოლკადოტი, სოლანა, ატომი და სხვები. ეს ინოვაციური პროექტები, მომხმარებელს უამრავ სიახლეს და სარგებელს სთავაზობენ, ისეთებს, როგორებებიცაა: სწრაფი, უსაფრთხო ტრანზაქციები (50,000+ ტრანზაქცია წამში, სოლანას ბლოკჩეინი და ეკოსისტემა) მინიმალურ ფასში, რომელიც სწრაფი ფულადი გზავნილების (Western Union, MoneyGram) და ფინტექ ინდუსტრიებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს სამომავლოდ და ჩაანაცვლებს კიდეც ან შეერწყმება საბანკო-საფინანსო სექტორს და, სავარაუდოდ, გვექნება ჰიბრიდული - ბლოკჩეინ პლუს ტრადიციული საბანკო და საფინანსო სერვისების სახით.
დღეს ხშირად გვესმის შეკითხვა - შესაძლოა თუ არა ვიხილოთ $20,000-იანი ან ამ ფასზე უფრო იაფიანი ბიტკოინი?
თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი, თუ გავითვალისწინებთ წინაპირობებს. მაგალითად, თუ ისეთი დიდი ორგანიზაციები, როგორიცაა MicroStrategy დროებით გადაწყვეტენ, რომ გამოვიდნენ ბიტკოინის ინვესტიციიდან და გაყიდიან ბიტკოინის პორტფელის დიდ ნაწილს $20,000-იან ფასის ზღვარზე (stop loss პრინციპით), შედეგად, ეს ნაბიჯი გამოიწვევს უფრო დიდ პანიკას და ფასების ვარდნას, ჯერ ბიტკოინზე, შემდეგ კი დანარჩენ კრიპტოვალუტებზე. ასეთი სცენარის შემთხვევაში, $10,000-$15,000-იანი ბიტკოინის ნახვაც იქნება თეორიულად შესაძლებელი.
ზემოხსენებულ სტრატეგიას ხშირად იყენებენ ე.წ. „კრიპტო ვეშაპები“ - მსხვილი ინვესტორები, უდიდესი პორტფელებისა და კრიპტო-საფულეების მფლობელები. „ვეშაპების“ მიერ ასეთი სტრატეგიის გამოყენების დროს, უმეტესწილად დამწყები ინვესტორები ზარალდებიან, რადგან სწორედ ისინი იღებენ ხოლმე საინვესტიციო პოზიციების წამგებიან ფასად დახურვის გადაწყვეტილებას. ასეთ ქვედა ზღვარზე თეორიულად $10,000-იანი ბიტკოინი რომ ავიღოთ, მილიონ და მილიარდდოლარიან ინვესტორებს შეუძლიათ უკან დაბრუნდენ ბაზარზე ნაღდი ფულის ინვესტიციით და, მაგალითად, ბაზარზე $20,000-ად გაყიდული ბიტკოინი $10,000-ში უკან დაიბრუნონ და ამ გზით პორტფელი გააორმაგონ. ამ სტრატეგიით გრძელვადიან საინვესტიციო პორტფელებს აძლიერებენ და პოტენციური ზარალიც მინიმუმზე დაჰყავთ.
ასეთ შოკურ ვითარებასა და ფასების სწრაფი ვარდნის პერიოდში, $20,000-დან ქვემოთ უკვე ბევრი დამწყები ინვესტორი კარგავს იმედს და იწყებენ საინვესტიციო პოზიციების წამგებიან ფასად ხარუვას ანუ აქტივების გაყიდვას, რათა მათ სანაცვლოდ მინიმალური თანხა მაინც მიიღონ. ამასობაში კი, ბაზარზე ძლიერი მოთამაშეები ბრუნდებიან და გრძელვადიანი შესყიდვებით იწყებენ ხელახლა ინვესტირებას. ასეთი მეთოდებით და მანიპულაციებით ხდება „ცხვრების გაპარსვა“, ამ სტრატეგიით კი ყველაზე ხშირად დამწყები ინვესტორები ზარალდებიან, რადგან ვერ უძლებენ პანიკას, შიშსა და ფსიქოლოგიურ სტრესს და გრძელვადიანი სტრატეგიით არ სარგებლობენ ისე, როგორც გამოცდილი, კრიპტო-ვეტერანი ინვესტორები.
როგორც ყოველთვის, ყველა მომხმარებელს ვაფრთხილებთ: ნუ შეგეშინდებათ ეკონომიკური შოკის, ნუ აჰყვებით პანიკას, გაუძელით, ასეთი მოვლენა დროებითია და ნორმალურიც, თუნდაც ეს პროცესები მომავალი 2-3 წელი გაგრძელდეს. დაიმახსოვრეთ, ბლოკჩეინ ტექნოლოგია და კრიპტო ეკოსისტემები ჩვენი ყოველდღიური ეკონომიკური ცხოვრების და მომავალი ციფრული ეკონომიკის განუყოფელი ნაწილი გახდება - ამას ჩვენ ყველანი მოვესწრებით!
თუ ზემოხსენებულს დავამატებთ იმ ფაქტს, რომ ბევრ სახელმწიფოს კრიპტო საბაზრო რეგულაციები და საკანონმდებლო ჩარჩო დღესაც არ გააჩნია, ეს მოცემულობა უფრო მეტად უწყობს ხელს საბაზრო ფასების სწრაფ ცვალებადობას და შედეგად ვიღებთ პანიკას და შოკურ მდგომარეობას მომხმარებელში, რომელმაც არ იცის თუ როგორ მოიქცეს და რა სტრატეგიით იხელმძღვანელოს. თუ მომხმარებელს სწორი გრძელვადიანი სტრატეგია და ძლიერი ფსიქოლოგია არ გააჩნია, მე პირადად ვურჩევ მას: კრიპტოს არ გაეკაროს და უფრო ტრადიციულ საინვესტიციო შესაძლებლობებს გადახედოს, მათ შორის, კერძო საკუთრებას, კომერციულ საკუთრებას, მიწას, ოქროსა და ა.შ.
არავინ იცის, როდემდე გასტანს გლობალური რეცესია და მზარდი ინფლაცია, ეს ეკონომისტებში და ფინანსიტებში სადავო საკითხია, თუმცა დღეს ის ფაქტი უფრო ნათელია, რომ ეს პროცესი გლობალურია და მარტივად დასაძლევი არ იქნება, რადგან მასზე საომარი მოქმედებაცაა მიჯაჭვული, სასურსათო და ხორბლის მარაგის გლობალური პრობლემებიც სხვა გაუარესებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად. ეს მძიმე ეკონომიკური სურათი, შესაძლოა, 2024 წლამდეც გაგრძელდეს, სანამ აშშ-ში ახალი საპრეზინდენტო არჩევნები არ ჩატარდება. ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
ავტორი: დავით ძიძიკაშვილი - Ph.D. კანდიდატი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს BMG-ის რედაქციის პოზიციას.