მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟა BITTREX US გაკოტრდა

645a044a28684
გიორგი თოლორდავა
09.05.23 12:35
1581
კრიპტოინდუსტრიაში კოლაფსების ტენდენცია ისევ გრძელდება - ამჯერად გაკოტრების ოფიციალურად გამოცხადება ამერიკულ კრიპტობირჟა Bittrex-ს მოუწია, რომელმაც სასამართლოში განაცხადი უკვე შეიტანა.

კომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, Bittrex-ის გაკოტრება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ რეგულაციებთან და კრიპტოკომპანიების მიმართ არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებასთან.

საქმე ისაა, რომ გასულ თვეს საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) კრიპტობირჟის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გარდა ამისა, გასულ წელს ფედერალურმა სახაზინო დეპარტამენტმა Bittrex-ი 24 მილიონი დოლარით დააჯარიმა, რაც ინდუსტრიის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელი იყო. დაჯარიმების მიზეზად აშშ-ის მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევა და არალეგალური ტრანზაქციების განხორციელება დასახელდა.

ამჯერად საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია Bittrex-ს ფულის გათეთრებაში და სალიცენზიო პირობების დარღვევაში ედავება, ამ ყველაფრის ფონზე კი ამერიკელი მომხმარებლები Bittrex-ის ანგარიშებს ხურავენ და კრიპტობირჟის გამოყენებას წყვეტენ.

გარდა ზემოხსენებული ჯარიმისა, გასულ წელს მარეგულირებელმა Bittrex-ი დამატებით 5 მილიონი დოლარით დააჯარიმა, ამ შემთხვევაში სანქციის მიზეზი AML და KYC სტანდარტების დარღვევა იყო.

Bittrex-ის განცხადებით, კრიპტობირჟა სრულ შესაბამისობაშია ამერიკულ კანონმდებლობასთან და მისი მეშვეობით სანქციების გვერდის ავლა არ ხდება, თუმცა ამერიკის მთავრობა აქტიურად ცდილობს ბირჟის შეზღუდვას, ამიტომაც Bittrex-ის ხელმძღვანელობა ქვეყნის ბაზრიდან საბოლოოდ გასვლის გადაწყვეტილებას იღებს.

Bittrex-ს ამჟამად 100,000-მდე კრედიტორის მიმართ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის სასესხო ვალდებულება აქვს. კომპანიის ხელმძღვანელობის გაცხადებით, გაკოტრების გამოცხადების მიუხედავად, კრიპტობირჟის კლიენტებიცა და კრედიტორებიც თავიანთ თანხებს უკან აუცილებლად დაიბრუნებენ, ყოველგვარი დანაკლისის გარეშე.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გაკოტრება უშუალოდ აშშ-ში რეგისტრირებულმა Bittrex US-მა გამოაცხადა, თავად საერთაშორისო კრიპტობირჟა კი მსოფლიოს მასშტაბით ისევ განაგრძობს ოპერირებას.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები