მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟა BINANCE-მა აშშ-ის მთავრობას $2.7 მილიარდის ჯარიმა უნდა გადაუხადოს

Binance

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟა Binance-მა ამერიკის შეერთებული შტატების საქონლის სავაჭრო კომისიას 2 მილიარდ 700 მილიონი დოლარის მოცულობის ფულადი ჯარიმა უახლოეს მომავალში უნდა გადაუხადოს.

გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს პირადად დაეკისრა $150 მილიონის ჯარიმის გადახდა, რაც ასევე მარეგულირებელი კომისიის სასარგებლოდ უნდა იქნეს ჩარიცხული.

ზემოხსენებული თანხა იმ $4.3-მილიარდიანი ჯარიმის ნაწილია, რომლის გადახდა კომპანიას გასულ თვეს დაეკისრა და ეს მრავალწლიანი სასამართლო დავის ერთგვარ კულმინაციას წარმოადგენს, რომელშიც ათამდე სამთავრობო უწყება და მარეგულირებელი კომისია იყო ჩართული.

ჯარიმის დაკისრების გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ ჩანგპენგ ჟაოს საქმის დასრულებამდე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს Binance-ს 4 მილიარდ 300 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. კომპანიის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დატოვა მოუწია.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, Binance-ს ბრალად ედება: ფულის გათეთრება, არალეგალური ტრანზაქციების გატარება, საერთაშორისო სანქციების დარღვევა და ულიცენზიოდ ოპერირება. ბრალდებები საკმაოდ მძიმეა და კომპანიის ხელმძღვანელობა საკუთარ დანაშაულსაც აღიარებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ Binance-ს ბაზრის მანიპულირებაში, თაღლითობასა და მომხმარებლების აქტივების მიტაცებაში ბრალი არ უმტკიცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტობირჟის საქმიანობით კლიენტებს ზარალი არ მიუღიათ.

გარდა ამისა, მარეგულირებელი ორგანო Binance-ში სპეციალურ საზედამხედველო დეპარტამენტს შექმნის, რომელიც დამოუკიდებლად უზრუნველყოფს კრიპტობირჟის საქმიანობის მონიტორინგს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკის ფინანსური სამსახურის წარმომადგენლები Binance-ის ოფისში 24 საათის განმავლობაში იქნებიან.

კონტროლის ასეთი მკაცრი მექანიზმის დაწესება იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ Binance-ი გლობალურ კრიპტობაზრის თითქმის 80%-ს აკონტროლებს და მას ინდუსტრიაზე კოლოსალური გავლენა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები