Binance US-მა მომხმარებელს ანგარიშებიდან თანხის გატანა გაურკვეველი ვადით შეუზღუდა. როგორც ირკვევა, შეზღუდულია როგორც დოლარში, ასევე ევროში ტრანზაქციებიც.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ამერიკულ Binance US-ზე და არც საერთაშორისო ბირჟა Binance.com-ზე, რომელიც საქართველოშიც ოპერირებს.
კრიპტობირჟის ხელმძღვანელობას შეზღუდვის ამოქმედების მიზეზები არ განუმარტავს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს მოვლენა Binance US-ის წინააღმდეგ აშშ-ში აღძრულ საქმეს უკავშირდებოდეს.
მოგეხსენებათ, ფინანსური მარეგულირებელი კრიპტობირჟას 13 მუხლის დარღვევით ედავება, მათ შორისაა: ფულის გათეთრება, ბუღალტრული ანგარიშების წესების დარღვევა, არალეგალური ტრანზაქციების განხორციელება, მომხმარებლების თანხების არასათანადოდ განკარგვა, აშშ-ის ფინანსური კანონმდებლობის დარღვევა და არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეალიზება.
ბრალდების მხარის განცხადებით, Binance US-ის ხელმძღვანელობა საერთაშორისო ფინანსურ დანაშაულშია ბრალდებული, ამ მრავალმილიარდიანი სქემის მიღმა კი კომპანიის დამფუძნებელი, ჩანგპენგ ჟაო დგას.
ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ თვეს Binance US-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა კომპანია დატოვეს.