კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემის ორგანიზატორი და გაკოტრებული FTX-ის დამფუძნებელი, სემ ბენკმენ-ფრიდი სასამართლოსგან შეწყალებას და პატიმრობის ვადის 6.5 წლამდე შემცირებას ითხოვს.
პროკურატურის მოთხოვნით, მილიონობით მომხმარებლისთვის ზიანის მიყენების გამო, სემ ბენკმენ-ფრიდს თავისუფლების აღკვეთა 100 წლის ვადით უნდა მიესაჯოს და მის კომპანიას მრავალმილიარდიანი ჯარიმა უნდა დაეკისროს. ბენკმენ-ფრიდის ადვოკატი პროკურატურის ამ მოთხოვნას გროტესკულს და უსამართლოს უწოდებს, რადგან ფინანსური დანაშაულის გამო, ადამიანი სამუდამო პატიმრობით არ უნდა ისჯებოდეს.
კრიპტობირჟა FTX-ის დამფუძნებელს ბრალად ედება თითქმის ყველაფერი, რაც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება - ფულის გათეთრებით დაწყებული, თაღლითობით და ინვესტორების აქტივების მიტაცებით დამთავრებული.
ბენკმენ-ფრიდმა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითური პროექტი, FTX შექმნა, რომელიც ერთ დროს ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტობირჟა იყო.
ეგვიპტის პირამიდებისგან განსხვავებით, ფინანსურ პირამიდებს დიდ ხანს სიცოცხლე არ უწერიათ და 2022 წელს FTX-მაც კოლაფსი განიცადა, რის შედეგად ინვესტორებმა დაახლოებით 65 მილიარდი დოლარის აქტივები დაკარგეს. FTX-ის მიერ ინდუსტრიაზე მიყენებული არაპირდაპირი ზარალის მოცულობა კი $200 მილიარდს აღწევს, რაც ბენკმენ-ფრიდს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ თაღლითად აქცევს.