ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითური სქემის ორგანიზატორს და გაკოტრებული FTX-ის დამფუძნებელს, სემ ბენკმენ-ფრიდს თავისუფლების აღკვეთა 25 წლის ვადით მიესაჯა. გარდა ამისა, მის კომპანიას 11 მილიარდი დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
FTX-ის დამფუძნებელს ბრალად ედება თითქმის ყველაფერი, რაც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება - ფულის გათეთრებით დაწყებული, თაღლითობით და ინვესტორების აქტივების მიტაცებით დამთავრებული.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ბენკმენ-ფრიდის 50 წლით დაპატიმრებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ბენკმენ-ფრიდმა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თაღლითური პროექტი, FTX შექმნა, რომელიც ერთ დროს ყველაზე სწრაფად მზარდი კრიპტობირჟა იყო.
ეგვიპტის პირამიდებისგან განსხვავებით, ფინანსურ პირამიდებს დიდ ხანს სიცოცხლე არ უწერიათ და 2022 წელს FTX-მაც კოლაფსი განიცადა, რის შედეგად ინვესტორებმა დაახლოებით 65 მილიარდი დოლარის აქტივები დაკარგეს. FTX-ის მიერ ინდუსტრიაზე მიყენებული არაპირდაპირი ზარალის მოცულობა კი $200 მილიარდს აღწევს, რაც ბენკმენ-ფრიდს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ თაღლითად აქცევს.