მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოვალუტა ეთერიუმი უმნიშვნელოვანესი განახლებისთვის ემზადება | რა შესაძლებლობებს მიიღებს ETH 2.0?

63073365e9d01
გიორგი თოლორდავა
25.08.22 15:15
2113
ინვესტორთა და ტრეიდერთა ყურადღების ცენტრში ისევ მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა - ეთერიუმია, რომელიც ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მრავლისმომცველი განახლებისათვის ემზადება.

ეთერიუმის დეველოპერთა გუნდის მიერ საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ კრიპტოვალუტა მასშტაბურ განახლებას 10-დან 20 სექტემბრის შუალედში მიიღებს, რომლის დასრულების შემდეგ, ETH 2.0 ქსელში სრულად გაეშვება.

განახლების შედეგად, ეთერიუმი ახალ კონსენსუსის მექანიზმზე, Proof-of-Stake-ზე გადავა.

საქმე იმაშია, რომ ეთერიუმის ბლოკჩეინი ამჟამად Proof-of-Work სისტემაზე მუშაობს, რომელიც მრავალი პარამეტრით აწ უკვე მოძველებულ ტექნოლოგიად ითვლება. Proof-of-Stake-ს ამჟამინდელ PoW სისტემასთან შედარებით მრავალი უპირატესობა აქვს, მათ შორისაა: სისწრაფე, მაღალი გამტარობა, დაცულობა, მოქნილობა და სიიაფე.

აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ Proof-of-Stake სისტემა არ საჭიროებს მაინინგ ინფრასტრუქტურას და მძლავრ კომპიუტერულ მოწყობილობებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ.

ეთერიუმის თანადამფუძნებლის, ვიტალიკ ბუტერინის შეფასებით, აღნიშნული განახლება ეთერიუმისა და, ზოგადად, კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ცხადი გახდება, რომ ეთერიუმს ევოლუციის უნარი აქვს და მისი შესაძლებლობები იზრდება.

მიმდინარე კვირას სატესტო პროცედურები წარმატებით დასრულდა, ეთერიუმი კი სრულ განახლებას, სავარაუდოდ, მომდევნო თვეს მიიღებს.

განახლების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდება ეთერიუმის ტრანზაქციის საკომისიო დანახარჯები, გაიზრდება ბლოკჩეინის სისწრაფე და შემცირდება მის მანინგთან დაკავშირებული ენერგომოხმარება.

განახლების წარმატებით დასრულების შემდეგ, ინვესტორები ვარაუდობენ, რომ ეთერიუმის მოხმარება და იმპლემენტაცია გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად იმოქმედებს ETH-ის ფასზე.

ამჟამად საერთაშორისო კრიპტო-ბირჟაზე ეთერიუმს ღირებულება 1,700 დოლარს შეადგენს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 208 მილიარდი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები