Bloomberg-ის თანახმად, ბიტკოინი, 2022 წლის კრიპტოკოლაფსის შემდეგ, ყველაზე უარესი თვიური შედეგისთვის ემზადება.
მსოფლიოს მთავარი კრიპტოვალუტა მიმდინარე კვირას 7.6%-ით, $80 553-მდე შემცირდა, პარასკევს კი შედარებით დასტაბილურდა. 8.9%-ით დაეცა Ether-ის ფასიც და $2 700-ს მიაღწია. მსგავსი კლება განიცადა მრავალმა სხვა მცირე ტოკენმაც.
CoinGecko-ს მონაცემებით, ვირტუალური მონეტების საერთო საბაზრო ღირებულება, აპრილის შემდეგ პირველად, 3 ტრილიონ დოლარზე ნაკლებია.
Bloomberg-ის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, ნოემბერში ბიტკოინმა თავისი ღირებულების დაახლოებით მეოთხედი დაკარგა, რაც 2022 წლის ივნისის შემდეგ ერთ თვეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
აშშ-ში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს კრიპტოვალუტის მომხრე თეთრი სახლისა და ინსტიტუციური პოპულარობის ზრდის მიუხედავად, ბიტკოინის ფასი ოქტომბრის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით 30%-ზე მეტით დაეცა. ეს ვარდნა 10 ოქტომბერს ლიკვიდაციების სერიას მოჰყვა, როდესაც ინვესტორებს ე.წ. ლევერიჯირებულ პოზიციებში ერთიანად 19 მილიარდ დოლარამდე კაპიტალი გაუნულდათ, რის შედეგადაც ციფრული აქტივების საერთო საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1.5 ტრილიონით დაეცა, რაც სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე ვარდნად შეფასდა.




























