ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ “კრისტალ ჯგუფის” დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით მუშაობა გრძელდება.
"კრისტალ ჯგუფის" დამფუძნებელი ვლადიმერ სტეფანიანი დააკავეს.
უწყების განცხადებით, სტეფანიანის დაკავება დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს ეხება. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მან დიდველზე ნებართვის გარეშე თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო სათხილამურო ტრასა. მას 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით ატარებენ ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოებს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საკურორტო ზონებში მიწის მისაკუთრების თუ უკანონო მშენებლობების საკითხს.
ცნობისთვის, პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მკაცრი სასჯელით ემუქრება იმ მოქალაქეებს, ვინც კურორტებსა თუ სხვა ადგილებში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების მისაკუთრებას და უკანონო მშენებლობებს დააპირებს.




























