მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კრისტალინა გეორგიევა: "ახლო აღმოსავლეთის ომი გლობალურ ინფლაციას გაზრდის და ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს"

კრისტალინა გეორგიევა IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მსოფლიო ეკონომიკისთვის ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება.

მისი თქმით, ომმა ენერგორესურსების გლობალური მიწოდების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეფერხება გამოიწვია, რის გამოც ნავთობის მოპოვება 13%-ით შემცირდა. გეორგიევას პროგნოზით, მაშინაც კი, თუ დაპირისპირება მალე დასრულდება, ფონდს გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება და ინფლაციის მოლოდინი გაზრდა მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე სავალუტო ფონდი 2026 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის 3.3%-იან ზრდას ვარაუდობდა, თუმცა არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი გადაიხედება.

აღსანიშნავია, რომ ბრენტის მარკის ნავთობის ფასი უკვე გასცდა $110-იან ნიშნულს, რაც პირდაპირ აისახა მიწოდების ჯაჭვებზე - პრობლემები შეექმნა ჰელიუმისა და სასუქების წარმოებას. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ სასუქების დეფიციტმა, შესაძლოა, გლობალური სასურსათო უსაფრთხოების პრობლემაც წარმოშვას. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ომის შედეგად უკვე დაზიანდა 72 ენერგეტიკული ობიექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეგატიური ეფექტი კონფლიქტის დასრულების შემდეგაც დიდხანს შენარჩუნდება.

გეორგიევას განცხადებით, დარტყმა ასიმეტრიულია და ყველაზე მძიმედ იმ ღარიბ ქვეყნებზე აისახება, რომლებსაც ენერგორესურსები არ გააჩნიათ. “ბევრ სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი ფისკალური რესურსი, რათა მოსახლეობას ფასების ზრდით გამოწვეული ტვირთი შეუმსუბუქოს, რაც სოციალური არეულობის რისკებს გაზრდის”, - ამბობს IMF-ის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, სავალუტო ფონდის წევრების 85% ენერგეტიკული რესურსების იმპორტიორია. როგორც ირკვევა, ზოგიერთმა მათგანმა ფონდს ფინანსური დახმარებისთვის უკვე მიმართა.

მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემა სწორედ ომის ეკონომიკური გავლენა და კრიზისიდან გამოსვლის გზები იქნება. შეგახსენებთ, ირანის მიერ ჰორმუზის იმ სტრატეგიული სრუტის ბლოკირებამ, სადაც მსოფლიო ნავთობისა და გაზის ერთი მეხუთედი გადის, ფასების მკვეთრი მატება განაპირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები