ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, ევროკავშირს რუსეთთან ენერგეტიკული გარიგებების გაფორმების სურვილი არ აქვს.
მისი თქმით, მაშინაც კი, როდესაც წევრი ქვეყნების ლიდერი კრიზისიდან შესაძლო გამოსავლის გზებზე დახურულ კარს მიღმა საუბრობენ, ამ ინიციატივების მიმართ ინტერესი მაინც არ ფიქსირდება. კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობის ძველ რეჟიმში დაბრუნება დაუშვებელია, რადგან ეს მხოლოდ მოსკოვის “აგრესიულ მადას” გაზრდის და ახალ ომებს გამოიწვევს.
შეგახსენებთ, აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე სანქციების გარკვეულწილად შემსუბუქების მიუხედავად, ევროპა მკაცრ პოზიციას ინარჩუნებს და რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების პროცესს აგრძელებს. კალასის განმარტებით, იმისთვის, რომ ომი დასრულდეს, მოსკოვს საბრძოლო მოქმედებების დასაფინანსებლად ნაკლები ფული უნდა ჰქონდეს. ამ მიზნით, ევროკავშირი რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტზე“ ზეწოლის გაძლიერებასაც გეგმავს და სანქციების მე-20 პაკეტის მიღებაზე მუშაობს.



























