"პირველ რიგში უნდა განვავითაროთ იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესი", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. ნათია თურნავას ეს განცხადება ბევრმა პოპულისტურად აღიქვა. მაგალითად, ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარე ანი კვარაცხელია თვლის, რომ მთავრობის იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა ეკონომიკას დააზიანებს, რადგან იმპორტის ჩანაცვლების მექანიზმმა არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა.
"საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი კი, ბალანსირებული პოლიტიკის მომხრეა, თუმცა გარკვეულწილად ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ქვეყანამ ადგილობრივი წარმოება სათანადოდ განავითაროს, რათა მსგავს კრიზისულ პერიოდში, ქვეყანაში პროდუქციის დეფიციტი არ შეიქმნას.
"მომავალში თავისუფალი ვაჭრობა უნდა შენარჩუნდეს. აქცენტი ამაზე უნდა იქნას გაკეთებული, თუმცა კრიზისულმა პერიოდმა დაგვანახა, რომ ასეთ პერიოდში მნიშვნელოვანია, ქვეყანა გარკვეული რაოდენობის პროდუქციას ფლობდეს. ეს შეიძლება იყოს შიდა წარმოება, ასევე მარაგების შექმნა იგივე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ყველა პროდუქციას ადგილზე ვერ ვაწარმოებთ, მაგრამ მინიმუმ მარაგები მაინც უნდა იქნას შექმნილი. გარკვეულწილად ვეთანხმები იმას, რომ გარკვეული მიმართულებით შეიძლება გავაუმჯობესოთ ქვეყნის შიდა წარმოება იმისათვის, რათა გარკვეული მარაგები გვქონდეს, ასეთი კრიტიკული პერიოდისათვის.
აქამდე ძირითადად ექსპორტზე გვქონდა ორიენტირი აღებული სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მაგრამ ჩემი აზრით, ასეთმა კრიზისებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მნიშვნელოვანია შიდა წარმოებაზე ფიქრი და ასევე მარაგების შექმნაზე ფიქრი. მარაგების შექმნას სჭირდება არამხოლოდ წარმოება, არამედ მთელი რიგი ინფრასტრუქტურა. საჭიროა იგივე სამაცივრე მეურნეობა, შემნახველი მეურნეობები იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყანას ჰქონდეს მარაგი, რომ თავისი მოსახლეობა გამოკვებოს“, - აცხადებს კოჭლამაზაშვილი.
იქიდან გამომდინარე, რომ არავინ იცის როდის დასრულდება კრიზისი, რა მოხდება საქართველოს მეზობელ ან პარტნიორ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, კოჭლამაზაშვილი საჭიროდ თვლის დროულად იყოს ცხადი მთავრობის კრიზისული და პოსტკრიზისული გეგმა.
„ალბათ ყველას მოეხსენება, რომ როცა კრიზისი გადაივლის, ყველა ქვეყანას მოუწევს ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა“, - აცხადებს კოჭლამაზაშვილი.
რადგან კრიზისული და პოსტკრიზისული გეგმა ჯერ არ არის ცნობილი და ასევე რა მიმართულებით მოხდება გაცხადებული 2 მილიარდის ჩაშვება ეკონომიკაში, რატი კოჭლამაზაშვილი ფერმერთა ასოციაციის ფორმატში გეგმავს მთავრობას რეკომენდაციით მიმართოს.
„რაც მნიშვნელოვანია, ფინანსებზე წვდომა ფაქტობრივად გაჩერებულია. საგაზაფხულო სამუშაოების პერიოდია, შესაბამისად მნიშვნელოვანია ფინანსებზე წვდომა გაჩნდეს. ასევე იმ პირობებში, როცა აგროსაშუალებებზე წვდომა შეიზღუდა, მნიშვნელოვანია არ გავაჩეროთ ან არ შევაფერხოთ სოფლის მეურნეობა“, - აცხადებს მკვლევარი.