2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 14%-ით გაიზარდა [3,5 მილიარდი დოლარიდან 4.1 მილიარდ დოლარამდე].
აღნიშნულ პერიოდში აგროექსპორტი შედარებით მეტად, 22%-ით გაიზარდა (2022 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში არსებული 740 მლნ-დან 906 მლნ დოლარამდე 2023 წელს).
მთლიანობაში, აგროექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 2023 წელს 2022 წელს არსებული 21%-დან უმნიშვნელოდ, 22%-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, აგროიმპორტიც გაიზარდა 16%-ით. თუ 2022 წელს მისი მოცულობა 1.1 მილიარდი დოლარი იყო, 2023 წელს 1.3 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუმცა აგროიმპორტის წილი მთლიანი იმპორტში არ შეცვლილა და კვლავ 13%-ს შეადგენს.
ISET-ის თანახმად, მთლიანი ექსპორტის ფართო ეკონომიკური კატეგორიების ჭრილში განხილვის შემთხვევაში, ზრდა, როგორც წესი, განპირობებულია არა პირველადი პროდუქტების, არამედ გადამუშავებული სურსათისა და სასმელების ექსპორტის ზრდით, რომელმაც 120 მლნ დოლარი შეადგინა. პირველადი პროდუქტების ექსპორტი კი ზომიერად, 30 მლნ დოლარით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ დამაიმედებელია გადამუშავებული სურსათისა და სასმელების ექსპორტის ზრდა, საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის უმეტესობა მაინც საყოფაცხოვრებო მოხმარებისაა. მთლიანობაში, აგრო პროდუქტების მთლიანი ექსპორტიდან 87% საყოფაცხოვრებო დანიშნულებისაა, 13% კი – სამრეწველო.