მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულტურის სამინისტრომ ქართული კინოკრიტიკის პორტალი შექმნა - უწყებამ ₾60 000 გამოყო

6447c6a98f63f
ვიქტორია მღებრიშვილი
25.04.23 16:51
553
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებითა და სს "ქართული ფილმის“ ორგანიზებით, პირველად ქართული კინოს ისტორიაში შეიქმნა ქართული კინოკრიტიკის პლატფორმა - „ქართული კინოს მიმოხილვა“ (GEORGIAN FILM REVIEW). ინფორმაციას კურტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე პროექტის შესახებ მისმა ინიციატორმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ „თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“- ხელშეწყობის შემდეგ, კულტურის სამინისტრო მხარს უჭერს უპრეცედენტო პროექტს, კერძოდ პლატფორმას, სადაც ნებისმიერ კინოკრიტიკოსსა თუ კინოს თემაზე მომუშავე სტუდენტს საშუალება აქვს, დაწეროს თანამედროვე ქართული კინოს შესახებ.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, პროექტი უპრეცედენტოა, რადგან აქამდე არ არსებობდა პლატფორმა, სადაც თავმოყრილი იქნებოდა როგორც თანამედროვე, ისე უფროსი თაობის კინოკრიტიკოსების ნამუშევრები და სხვა საინტერესო მასალა ქართული კინოს შესახებ. კინომცოდნეობის სტუდენტებს კი პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, მოამზადონ სტატიები სტუდენტურ ფილმებზე. პროექტისათვის მიმდინარე წელს კულტურის სამინისტრომ 60 000 ლარი გამოყო.

ორენოვან პორტალზე ქართული კინოთი დაინტერესებული როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი კინომოყვარული ქართული კინოს ისტორიას, თანამედროვე ქართული კინოს თავისებურებებს, ტენდენციებს, ძირითად ასპექტებსა და ახალ ფილმებს გაეცნობა. მკითხველი ასევე ნახავს ფოტომასალას ქართული კინოს ისტორიიდან და წაიკითხავს უფროსი თაობის კინოკრიტიკოსების მიერ ადრეულ წლებში დაწერილ საუკეთესო რეცენზიებს.

კინოთეატრ ,,კავეასა“ და პორტალ ,,კავეა+“-თან თანამშრომლობით, პროექტის მონაწილე კინოკრიტიკოსებსა და ამ თემაზე მომუშავე სტუდენტებს ყველა თანამედროვე ქართული ფილმის პრემიერაზე დასწრებისა და ვებგვერდზე https://www.cavea.plus  ბოლო წლებში გადაღებული ქართული ფილმების ნახვის საშუალება მიეცემათ.

უწყებაში განმარტავენ, რომ ინგლისურად ნათარგმნი რეცენზიები ქართული ფილმების ერთგვარი მეგზური იქნება საერთაშორისო ასპარეზზე.

„პორტალზე მუშაობის პროცესში მონაწილეობენ პროფესიონალი და კინომცოდნეობის სტუდენტები, რომელთა ანალიტიკური სტატიები ქართულ პროფესიულ თუ სტუდენტურ მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ ნამუშევრებზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კინოკრიტიკის განვითარებასა და ეროვნული კინემატოგრაფის პოპულარიზაციაში.

დეტალები და სტატიები იხილეთ ვებგვერდზე www.gfr.ge ", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები