კულტურის სამინისტრო დარგის ხელშეწყობის ფარგლებში 5 კონკურსს აცხადებს. განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა:
პირველი კონკურსი ეხება პროფესიულ თეატრებს და საგრანტო კონკურსის ჯამური ბიუჯეტი 200 ათასი ლარია. ამ შემთხვევაში თეატრების გასტროლები არ გამოცხადდება. „მისი მიზანია პროფესიულ თეატრებში შემოქმედებითობის გააქტიურება და ამ პროექტის დაფინანსდება სადადგმო ან სხვა ხარჯი“, - განმარტა მინისტრმა.
მეორე კონკურსი არის კლასიკური მუსიკის და ფოლკლორის წახალისება რეგიონებში. აქ პირდაპირ დაფინანსდება საგასტროლო ხარჯები და ჯამური ბიუჯეტი არის 700 ათასი ლარი.
მესამე კონკურსის მთავარი მიზანი არის კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ პროფესიულ თეატრებს სადადგმო და საგასტროლო ხელშეწყობა, რათა თეატრებმა შეძლონ, რომ მეტი გასვლები იქონიონ რეგიონებში და შექმნან ახალი რეპერტუარიც. კონკურსის ბიუჯეტი 150 ათასი ლარია.
მეოთხე კონკურსის ბიუჯეტი არის 200 ათასი ლარი და ეხება დედაქალაქში არსებულ თეატრებს. „ყველას შეუძლია შემოიტანოს პროექტი დაფინანსებისთვის და დაფინანსდება მათი საგასტროლო ხარჯები“, - განმარტა თეა წულუკიანმა.
მეხუთე კონკურსის ჯამური ბიუჯეტი არის 90 ათასი ლარი და ეხება ინდივიდუალურ შემოქმედებით პროექტებს რეგიონებისთვის, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან.
კულტურის მინისტრის ინფორმაციით, კონკურსებზე დოკუმენტები 30 ივნისამდე მიიღება.




























