მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 300 მლნ ლარი იქნება

6050900156c41
შოთა ტყეშელაშვილი
16.03.21 15:01
3090

79 - მომხრე, 0 - წინააღმდეგი - ამ შედეგით დღეს საქართველოს პარლამენტმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს აღდგენის საკანონმდებლო პაკეტს დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონთან ერთად კიდევ 56 კანონს აერთიანებდა, რომლებშიც ახალი სამინისტროს სახელი და უფლებამოვალეობები არის გაწერილი.

აღდგენილი სამინისტროს დაფინანსების შესახებ კანონი ორ ჩანაწერს აკეთებს, კერძოდ, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 1.8-მილიარდიანი ბიუჯეტი გაიყოფა ორ მიმართულებად.

მიმართულებები და პროგრამები, რომლებიც განათლების სამინისტროდან გადის, ბიუჯეტით განსაზღვრულ დაფინანსებასაც გაიყოლებს. ამ პროგრამების მოცულობა ამჟამად 300.7 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 1.5 მილიარდამდე მცირდება, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება კი 300.7 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

300.7 მილიონი ლარის მოცულობის საბიუჯეტო პროგრამები, რომლებიც განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, სავარაუდოდ, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გადაინაცვლებს:

  • მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 122.4 მლნ ლარი;
  • კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 69.5 მლნ ლარი;
  • სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 46.9 მლნ ლარი;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 30 მლნ ლარი;
  • კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები - 17.1 მლნ ლარი;
  • კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - 8 მლნ ლარი;
  • სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 6.8 მლნ ლარი;

ამ თანხებს სხვადასხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო ხარჯებიც დაემატება, რაც განცალკევებული სახით სამინისტროს ოპერირებასთან არის დაკავშირებული, მათ შორის მინისტრის და მისი მოადგილეების ხელფასები, სამინისტროს აპარატი და სხვა.

კანონის თანახმად, სამინისტროების გაყოფასთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს ევალება 10 დღეში განისაზღვროს რა საბიუჯეტო კოდი რა სამინისტროში რჩება, შესაბამისად ახალი უწყების დაფინანსების ზუსტი მოცულობა უახლოეს დღეებში გაირკვევა. კანონი ასევე კორექტირებული ბიუჯეტის შექმნასაც ითვალისწინებს.

“კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადების შემთხვევაში, მასში ასახოს ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები", - ნათქვამია კანონში.

აღდგენილ კულტურისა და სპორტის სამინისტროში უკონკურსოდ გადავლენ ის მოხელეები, რომლებიც ამჟამად განათლების სამინისტროს შესაბამის მიმართულებებზე საქმიანობენ. ჯამში, ეს საშტატო ნუსხა 329 თანამშრომელია.

შეგახსენებთ: განათლების, მეცნიერების სამინისტროს კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018 წელს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის “მცირე მთავრობის” ინიციატივით გაერთიანდნენ. უწყების მინისტრად მიხეილ ბატიაშვილი დასახელდა, რომელიც მოგვიანებით მიხეილ ჩხენკელმა შეცვალა. 2020 წლის დეკემბერში “ქართული ოცნების” მთავრობამ განაცხადა, რომ ამ სამინისტროს აღდგენა იგეგმებოდა, პარლამენტში გამართულ განხილვებზე აღდგენის მთავარ არგუმენტად დასახელდა ის, რომ გაერთიანებულ უწყებაში სხვადასხვა მიმართულების ეფექტიანად მართვა ვერ ხერხდებოდა.

აღდგენილი კულტურის და სპორტის სამინისტროს მინისტრად თეა წულუკიანი განიხილება, რომელიც ამჟამად პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები