სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 - 2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, გამოიკვეთა, შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ნაკლოვანებები. კერძოდ, შერჩეული ხელშეკრულებების მიხედვით შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები ხელოვნურადაა გაზრდილი და შესაბამისად, სამუშაოთა შემსრულებლებისათვის ზედმეტად არის ანაზღაურებული ჯამურად 527.0 ათასი ლარი, მათ შორის:
- ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე - 277.8 ათასი ლარი; ოპერის თეატრის რეაბილიტაციის სამუშაოებზე - 228.4 ათასი ლარი;
- გრაკლიანი გორის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო სივრცის მოწყობის სამუშაოებზე - 20.8 ათასი ლარი;
- გარდა ამისა, ოპერის თეატრის რეაბილიტაციის სამუშაოებზე დამატებით გამოვლენილ იქნა ზედმეტად გადახდილი 5.1 ათასი ლარი, რომელიც აუდიტის მიმდინარეობისას დაბრუნებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში.
ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები სრული სახით გამოვლინდა ნოქალაქევის კომპლექსის საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში. აუდიტის სამსახური ასკვნის, რომ აღნიშნული გარემოება მიუთითებს შესყიდვების პროცესში მონაწილე პირთა შორის შეთანხმებული ქმედების რისკზე.
აუდიტმა ასევე გამოავლინა საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის ნაკლოვანებები
სააგენტოს მხრიდან, პრეტენდენტების მიმართ საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბებისას, ადგილი ჰქონდა არათანაბარ მიდგომას. ამასთანავე, რიგ შემთხვევებში სატენდერო პირობებით განსაზღვრული იყო ისეთი სახის მოთხოვნები, რომლებიც შესყიდვის ობიექტის თავისებურების და მოცულობის გათვალისწინებით, არ იყო კვალიფიკაციის დადასტურების პროპორციული. კერძოდ, ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის დროს, პერსონალის გამოცდილებასთან ერთად, მოთხოვნილი იყო კომპანიის გამოცდილებაც მაშინ, როდესაც პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდა მხოლოდ პერსონალის გამოცდილებას. ასევე, პერსონალის მიერ წარსადგენ CV-ებზე, დამატებით, მოთხოვნილი იყო არარელევანტური პირების ხელმოწერები. აღნიშნულმა შეზღუდა ერთი მხრივ, ტენდერებში პოტენციურ მიმწოდებელთა მონაწილეობა, ხოლო მეორე მხრივ, დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამარჯვება და შედეგად, 193.2 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.