საქართველოს საგარეო ვალის მომსახურება ასობით მილიონი ლარით გაუძვირდა, რისი მიზეზიც ვალის საპროცენტო განაკვეთების ზრდაა.
2024 წელს საგარეო ვალების დაფარვაზე ბიუჯეტი 2.12 მილიარდ ლარს დახარჯავს, რაც 2023 წელთან შედარებით 529 მილიონი ლარით მეტია. აქედან საგარეო ვალის ძირის დაფარვაზე 1.37 მილიარდი ლარი (ზრდა ₾305 მლნ), ხოლო ვალის პროცენტზე ბიუჯეტი 750 მილიონ ლარს გადაიხდის (ზრდა ₾224 მლნ).
ვალის მომსახურების გაძვირება გლობალურ კაპიტალის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების მატებას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო ვალების საპროცენტო განაკვეთები ორ კატეგორიად იყოფა.
საქართველოს საგარეო ვალების 51%-ს წინასწარვე აქვს საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირებული, ხოლო 49% ცვლად განაკვეთიანია და ის ევროპის საბაზრო განაკვეთებზე, LIBOR-სა, EURIBOR-ზე არის მიბმული. მაშინ, როდესაც ეს საბაზრო განაკვეთები იზრდება, ვალის მომსახურების საფასურიც ძვირდება.
თუკი 2020-2021 წლებში ცვლადი ეს განაკვეთი ფაქტობრივად 0%-ის ტოლი იყო, ამჟამად ის საშუალოდ 3.2%-ს შეადგენს.
“2022 წლიდან გლობალური მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პირობებში, ზრდადი ტენდენციით ხასიათდება მთავრობის საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 3.2%-ს შეადგენს და ბოლო ათ წლიანი პერიოდის ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფება. აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა ძირითადად განაპირობა მთავრობის საგარეო ვალის პორტფელში ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხების წილის ზრდამ (ასეთი სესხების წილი 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 49%-ია). აღნიშნული ტიპის სესხები მნიშვნელოვანი სენსიტიურობით ხასიათდებიან გლობალური მონეტარული პოლიტიკის მიმართ”, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 22.8 მილიარდ ლარს შეადგენს. საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი საქართველოს საერთაშორისო დონორების - მსოფლიო ბანკის ჯგუფის, აზიის განვითარების ბანკის, EIB-ის, გერმანიის საერთაშორისო განვითარების ბანკის, საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების ბანკის, EBRD-ისა და სხვა დონორების მიმართ მართებს.