კურორტი შოვი რაჭაში ზღვის დონიდან 1 520 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და ბალნეოლოგიური წყლებით არის ცნობილი. 2006 წელს კურორტის ტერიტორიის 60% ყაზახი ინვესტორების ჯგუფმა, მომავალი განვითარების მიზნით შეისყიდა, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომმა და მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა მათი გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა. ინვესტორებმა კურორტის განვითარებაზე ფიქრი და ქმედება 2016 წლიდან დაიწყეს და შედეგად დღეისთვის ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების პროექტი და ზოგადად კურორტ შოვის მთლიანი ტერიტორიის განაშენიანების გენერალური გეგმაც შეიმუშავეს. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორები კურორტის მხოლოდ 60%-ს ფლობენ, განაშენიანების გეგმა სრულად შოვს მოიცავს, რათა სივრცეს ერთიანი კონცეფცია და შინაარსი ჰქონდეს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
კომპანია „შოვი რეზორტი“ აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 50 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს, ხოლო პროექტის განმახორციელებელი უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიაა“. BM.GE პროექტის განხორციელების ვადებთან და გეგმებთან დაკავშირებით, მის მენეჯერს ირაკლი ფაილოძეს ესაუბრა.
მისი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში „სიმეტრია“ შოვში 130-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, სადაც ყველანაირი სივრცე - რესტორნები, სპა და ბალნეოლოგიური ზონა, გასართობი დახურული სივრცეები იქნება განთავსებული. ამავე დროს, ტერიტორიაზე განთავსებული იქნება 30-მდე კოტეჯი, რომელიც ოჯახური და ჯგუფური დასვენებისთვის იქნება განკუთვნილი. გეგმაში შედის მთლიანი კურორტის ლანდშაფტური კეთილმოწყობა და სხვადასხვა გასართობები - მაგალითად 3.4 კმ-იანი წრიული ბილიკი, რომელიც ფეხით, ცხენითა და ველო-მოტო გადაადგილების საშუალებებისთვის იქნება განკუთვნილი. ამასთან კურორტის დაგეგმარებაში შშმ პირებისა და ასაკოვანთათვის დაიგეგმა შიდა 1.4 კმ სიგრძის ბილიკი, რომლის დახრა არ აღემატება 5%-ს და ზედაპირიც სპეციალურად იქნება მოპირკეთებული. ირაკლი ფაილოძის თქმით, ეს თითქოს მცირე დეტალებია, მაგრამ ამ დონეზე დაგეგმარებული საქართველოში და არც რეგიონში არცერთი კურორტი არ არის.
პროექტის ხელმძღვანელის განმარტებით, გეგმაში ისიცაა მოაზრებული, რომ კურორტ შოვის ტერიტორიაზე მოქმედმა სხვა კერძო მესაკუთრეებმაც უნდა გამართონ სტანდარტი და კურორტის კონცეფციას მიუსადაგონ, რადგან ისინი ამ ერთიანი ინფრასტრუქტურის მომხმარებლები იქნებიან.
„ძირითადად ეს გრძელვადიან დასვენებაზე მორგებული სასტუმროს ტიპის ოთახები და ინფრასტრუქტურა იქნება, სადაც სტუმარი 7-14 ან 20 დღემდე გაჩერდება. კურორტის შოვის დღიური დატვირთვა 1 450 ადამიანი უნდა იყოს, რაც წლიურად საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე 60 000 ტურისტის მოზიდვას ნიშნავს.
პროექტი მოიცავს შიდა და გარე ინფრასტრუქტურულ სერვისებს, რაც დამატებით არაპირდაპირ სამუშაო ადგილებს შექმნის. რაც შეეხება პროექტის ფარგლებში პირდაპირ შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობას, პროექტი არანაკლებ 300 ადამიანის დაასაქმებს.
ეს ერთ-ერთი პირველი კურორტია, რომელიც სუფთა ფურცლიდან საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ერთიანი განაშენიანებით გეგმარდება“, - განმარტა BM.GE-სთან საუბრისას ირაკლი ფაილოძემ.
პროექტის მენეჯერი კურორტის განვითარების უპრეცენდენტობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით ინვესტორებმა და „სიმეტრიამ“ არაერთი ნაბიჯი გადადგეს და სოლიდური თანხებიც დახარჯეს.
„ჩვენი ხედვაა, რომ კურორტი განაშენიანების ერთიანი გენგეგმით განვითარდეს. ამიტომ შევისწავლეთ რა გვინდოდა, დავგეგმეთ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. დღეისთვის საკვლევ სამუშაოებზე 1.2 მლნ ლარია დახარჯული, რომლის ნაწილი კურორტის საერთო კონცეფციის შესაქმნელად დაიხარჯა. ჩვენი დაკვეთით Ernst and Young-მა შექმნა კონცეფცია და კურორტის პროგრამა - რა უნდა იყოს, როგორი გასართობები, როგორი სეზონურობა უნდა იყოს და ა.შ. ამ პროგრამის საფუძველზე ტერიტორიის გენერალური დაგეგმარებისთვის საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა, რომელიც ალპებში მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე ავსტრიულმა ჯგუფმა მოიგო. მათ შოვის სრული სივრცის გენერალური განაშენიანების გეგმა წარმოადგინეს. ამ პერიოდში სახელწმიფო ახორციელებდა რაჭის სივრცითი მოწყობის გეგმას, რისთვისაც სპეციალური ჯგუფი ჰყავდა დაქირავებული და ეს საკანონმდებლო დოკუმენტად უნდა ქცეულიყო. შესაბამისად, შევეცადეთ ჩვენი დოკუმენტი და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული გეგმა მაქსიმალურად დასინქრონებულიყო, რათა შემდგომში გენგეგმის შეთანხმებისას პრობლემები არ შექმნილიყო.
ინვესტიციის „მესამე ხაზი“ იყო გერმანელი კონსულტანტების და ბალნეოლოგების მიერ კურორტის ირგვლივ არსებული მინერალური წყლების ქიმიური შემადგენლობის დადგენა და ანალიზი. ეს სინჯები წავიღეთ გერმანიის ლაბორატორიაში და ამაზე დაყრდნობით გერმანელმა და სლოვაკმა კონსულტანტებმა ამ წყლების გამოყენებით ერთობლივად ბალნეოლოგიური პროექტი შექმნეს, რაც სხვადასხვა დაავადებების მკურნალობას განსხვავებული მეთოდოლოგიებით გულისხმობს“, - ამბობს ირაკლი ფაილოძე.
შედეგად კურორტ შოვის განვითარების და ინვესტორების მიერ დაგეგმილი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, თავად ინვესტორების მხრიდან ყველა პროცესი გავლილია. თუმცა პროექტის ხელმძღვანელი იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც პროექტის განხორციელებას აფერხებს. „სიმეტრიას“ გეგმით პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ბიუროკრატიულმა პროცესებმა და კურორტის განაშენიანების გენგეგმის დამტკიცების შეფერხებამ, კომპანიას ეს გეგმა დააკორექტირებინა.
„2019 წლის ნოემბერში გენგეგმის დამტკიცების ბიუროკრატიული პროცესი დაიწყო, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მართვას და ის განხილვის რამდენიმე ეტაპს მოიცავს. გენგეგმა ღია წესით, საზოგადოების ჩართულობით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტში განიხილება, საკრებულოში მტკიცდება და შემდეგ საბოლოო დოკუმენტის სახით ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავლით მთავრობაზე მტკიცდება. სამწუხაროდ, დღემდე გენგეგმა არ დამტკიცებულა.
ახლა მივყვებით ბიუროკრატიულ და სხვა ტიპის პროცესებს, რათა მივიდეთ იქამდე, რომ გარკვეული სამშენებლო სამუშაოების ნებართვები მოვიპოვოთ, ფულის მოზიდვა და განხორციელება დავიწყოთ. ამ ეტაპზე ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გეგმის განხილვის პროცესზე ვართ გაჭედილები, რადგან იქ გარკვეული გამოწვევები არსებობს. პარალელურად, თავს იჩენს ისეთი ტიპის პრობლემები როგორიც დაურეგისტრირებელი, ან სახელწმიფო ბალანსზე არსებული მიწების სხვადასხვა მექანიზმებით რეგისტრაციაა. მათი დიდი ნაწილი, ჩვენი წარმოდგენით კანონდარღვევას წარმოადგენს. ჩვენ, როგორც ამ კურორტის განვითარებით დაინტერესებული მხარე, სამართლებრივადაც ვიმოქმედებთ ამაზე. ვსწავლობთ სხვადასხვა შემთხვევებს და არ გამოვრიცხავთ, რომ დახმარებისთვის საქართველოს პროკურატურასაც მივმართოთ. ამასთან, გენგემის დამტკიცება გარკვეულწილად კონფლიქტში მოდის ადგილობრივებთან“, - ამბობს ფაილოძე.
გენგეგმის დამტკიცების გარდა ინვესტორებს ხელისუფლების მიმართ გარკვეული სახის მოთხოვნები აქვთ, რაც სახელმწიფოს მხრიდან ცენტრალური ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.
„ხელისუფლებისგან შემდეგი სახის მოთხოვნები გვექნება: ცენტრალური ინფრასტრუქტურა - გზა, წყალარინები, წყალმომარაგება, ელექტრომომარაგება, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, რომლის მოწყობა სახელწმიფოს კომპეტენციაში შედის, დროულად უნდა მოხდეს. ასევე კურორტის მიღმა ატრაქციები, მაგალითად ტურისტული ბილიკები, რომლებიც მყინვარისკენ მიდის, ნაპირსამაგრი სამუშაოები, რადგან მდინარის პირას სეირნობა და ამ ტიპის ატრაქციები ძალიან პოპულარულია და სხვა დეტალები, მაგალითად ამბროლაურის დასაფრენი ბილიკის დაგრძელებაზეც კი შეიძლება საუბარი, რადგან მცირე ტიპის ბორტებმა მათი მომსახურებით სარგებლობა შეძლონ.
ჩვენი კურორტის განვითარების პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ შეიქმნას სრული გეგმა, რომ მივიღოთ შვეიცარიული თუ იტალიური კურორტების კონკურენტი რეგიონში“, - ამბობს BM.GE-სთან საუბრისას ირაკლი ფაილოძე.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოსთან და კურორტზე არსებულ სხვა კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმებები დროულად დასრულდება, მაშინ „სიმეტრია“ მშენებლობის დაწყებას 2022 წელს შეძლებს. თუმცა კომპანიაში კონკრეტულ დროს არსებული გამოწვევების გამო ვერ ასახელებს და განმარტავს, რომ კურორტი საბოლოო სახეს სამუშაოების დაწყებიდან 4 წლის შემდეგ მიიღებს.
„გენგეგმის დამტკიცების შემდეგ ჩვენი მხრიდან სანებართვო დოკუმენტაციის აღების პროცესი დაიწყება. გენგეგმის დამტკიცებამდე ამ ეტაპზე ვერ გადავდივართ, რადგან ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია. პარალელურად საერთაშორისო პრაქტიკის ბაზაზე ჩვენი კონსულტანტები ამზადებენ სქემას, რომლითაც სხვა კერძო მესაკუთრეებთან ერთად კურორტის ერთიანი დაგეგმარებასა და მართვაზე შეთანხმებას შევეცდებით. აქ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა და აქტივობა და „სიმეტრია“ ამას უმკლავდება.
მიუხედავად იმისა, რომ სრულად პროექტის განხორციელებაზე 4 წელი გვაქვს გათვლილი, ის ეტაპობრივად განხორციელდება და დამსვენებლების მიღებასაც ეტაპობრივად შეძლებს“, - აღნიშნა „კურორტ შოვის“ პროექტის ხელმძღვანელმა ირაკლი ფაილოძემ და დასძინა, რომ ახლა უმთავრეს საკითხს უპრეცენდენტო პროექტის განვითარებისთვის კურორტის განაშენიანების გენგეგმის დროული დამტკიცება წარმოადგენს.