“კანონი უკვე მიღებულია და ამჟამად ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმას, თუ როგორ მოხდება რეალობაში მისი იმპლემეტნაცია. ვფიქრობ, რომ მიღებულ ცვლილებას ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის დაზიანება შეუძლია და, რომ ინვესტორები ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას. ერთი საკითხია უშუალოდ ამ კანონის მიღება, ხოლო მეორე კი რეტროაქტიულად მისი გამოყენება იმ ტრანზაქციების წინააღმდეგ, რომლებიც წარსულში განხორციელდა. შესაბამისად, თუ ის ამ სახით იქნა გამოყენებული, ინვესტორთა ნდობაც შემცირდება. სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხი ასევე კიდევ ერთი პრობლემური ნაწილია, რადგან სპეციალურ მმართველს ენიჭება უფლება დამოუკიდებლად განკარგოს წილები და მიიღოს საშტატო გადაწყვეტილებები. შესაბამისად, სპეციალური მმართველის საკითხი ნებისმიერ სექტორში მოღვაწე საერთაშორისო ინვესტორისთვის შეიძლება იყოს პრობლემური. კანონი უკვე ძალაში არის შესული, შესაბამისად მოვლენების შემდგომ განვითარებაზე არის ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის არის საქართველოს საინვესტიციო კლიმატიც,”- ამბობს კურტ ვოლკერი.
ინტერვიუ კურტ ვოლკერთან:
- არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის საკანონმდებლო პროცესი, რაც კომუნიკაციების სფეროში ახალი რეგულაციის მიღებას უძღვოდა წინ იყო მოტივირებული კომპანია “კავკასუს ონლაინისა” და მისი ახალი მეწილის წინააღმდეგ. გაქვთ თუ არა თქვენც მსგავსი შეფასება? - შემიძლია გითხრათ, რომ აშკარა იყო, რომ პროცესი ნაჩქარევად წარიმართა, რაზეც არაერთი ფაქტორი, მათ შორის გვიან ღამით გამართული საპარლამენტო განხილვაც მეტყველებს. რაც შეეხება მის უკან მდგარ მოტივაციებს, მათთან მიმართებით მე ვერ ვისაუბრებ. ამასთანავე მინდა ვთქვა, რომ თუ ეს საკანონმდებლო ცვლილება ერთი კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ არის მიმართული, ესეც საერთაშორისო ინვესტორებისთვის შეშფოთების საგანი შეიძლება გახდეს, რადგან საკითხი მათი ინვესტიციების დაცულობას ეხება. კანონი უკვე მიღებულია შესაბამისად ახლა მთავარი კითხვაა ის თუ რა მოხდება მომავალში.
- კავკასუს ონლაინის ახალი ინესტორი გეგმავს შექმნას ახალი ციფრული მარშრუტი ევროპას, კავკასიას და ცენტრალურ აზიას შორის და საქართველო ამ პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება. თქვენი აზრით ახალი ციფრული დერეფანის შექმნა რა გავლენას იქონიებს რეგიონის კომუნიკაციების სექტორზე?
- 12 წლის წინ საქართველო თავს რუსული აგრესიისგან იცავდა. ეს პერიოდი კარგად მახსოვს, ისიც მახსოვს თუ რა სახის ზეწოლა უძღვოდა მას წინ - ეს იყო რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევაბა, ქართული ღვინისთვის ბაზრის დაკეტვა და სხვა სანქციები. ამ მხრივ ახალი მარშრუტის და ახალი დერეფნის შექმნა, რომელიც როგორც რუსეთს, ასევე ირანს უვლის გვერდს ჩემი აზრით საქართველოს ინტერესშიც უნდა შედიოდეს.
- აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ბატონი მეთიუ ბრაიზა ფიქრობს, რომ რეგიონული ციფრული ჰაბის პროექტის განვითარების შეფერხება რუსული მხარისთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი. რას ფიქრობთ თქვენ ამასთან დაკავშირებით?
- მიჭირს საუბარი იმის შესახებ თუ რა სახის მოტივაცია შეიძლება იდგეს ამ პროექტის შეჩერების მცდელობის უკან. ჩემი აზრით მისი განხორციელება თავად საქართველოს ინტერესშიც უნდა იყოს, რადგან ის ქმნის ციფრულ აბრეშუმის გზას, რაც საქართველოს ციფრული დამოუკიდებლობისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ პროექტის განვითარება ასევე თანხვედრაში უნდა იყოს ევროატლანტიკური საზოგადოების ინტერესებთან, რადგან ჩვენ დაინტერესებული ვართ ვიხილოთ საქართველოს სუვერენეტიტეტის განმტკიცება ყველა მიმართულებით.