მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კუსტარული ელექტროშოკური იარაღის აკრძალვა იგეგმება - "გახშირებულია უკანონო თევზჭერის შემთხვევები"

თევზჭერაქ

პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც კუსტარული ელექტროშოკური აპარატების დამზადების/ფლობის/რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება. ამის მიზეზს კი სწორედ მსგავსი საშუალებებით ბრაკონიერობის და უკანონო თევზჭერის შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.

კანონპროექტი, რომლის ავტორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები არეგულირებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გადაცემისა და გასხვისების შემთხვევებს. თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღების შემთხვევაში, კანონპროექტი აწესებს ჯარიმას 3 000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციით, ხოლო განმეორებისას - 6 000 ლარის ოდენობით და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

ცნობისთვის, სამოქალაქო ბრუნვაში დაიშვება მხოლოდ ისეთი თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა, რომელიც ქარხნული წესითაა დამზადებული, გამოიყენება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე და აკმაყოფილებს დადგენილებით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს.

ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, გახშირებულია ბრაკონიერობის ფაქტები, კერძოდ საქართველოს მდინარეებში აკრძალული იარაღით თევზჭერის ფაქტები, ეს დიდ ზიანს აყენებს არამხოლოდ ბიომრავალფეროვნებას, არამედ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც შეექმნა საფრთხე. ბრაკონიერები იყენებენ აკრძალულ იარაღს, როგორიცაა ელექტროშოკური იარაღი. როდესაც ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს კონტროლს, დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, თუკი უშუალოდ თევზჭერის პროცესში არ მოხდა დაფიქსირება, რომ უკანონოდ ხდება თევზჭერა, გვიჭირს სხვა დანარჩენ შემთხვევებზე რეაგირება“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

„როდესაც პირს ექნება მსგავსი ტიპის აკრძალული იარაღი, ჩვენს მაკონტროლებელ უწყებასაც ექნება შესაძლებლობა, რომ მოახდინოს რეაგირება, იარაღის კონფისკაცია და შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით მოხდეს პასუხისმგებლობის დაკისრება ბრაკონიერის მიმართ“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებისთვის, იარაღის შესახებ კანონში საჭიროა შევიდეს ცვლილება და ელექტროშოკური მოწყობილობა აკრძალული იარაღების სიას დაემატოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები