მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწარმოებს 2026 წლიდან ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ - რას ითვალისწინებს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი?

64228d7b9eddb
ვიქტორია მღებრიშვილი
28.03.23 10:44
717

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განსახილველად „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საკანონდებლო კანონპროექტი წარადგინა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი მიზანად ისახავს სამრეწველო ემისიების შესახებ ეროვნულ კანონმდებლობაში ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის გადმოტანას, რაც თავის მხრივ, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებაა.

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ ევროკავშრის დირექტივა მსხვილი სამრეწველო ობიექტების ისეთ საქმიანობებს არეგულირებს, რომლებიც გარემოს დაბინძურების მხრივ მაღალი რისკის შემცველია. ასეთ ობიექტებად მიჩნეულია მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის საწარმოები, ასევე, თბოსადგურები და სხვა. დირექტივა ითვალისწინებს მთელ რიგ მაღალ პასუხისმგებლობებს.

„სისტემა, რომლის დანერგვაც კანონპროექტის გათვალისწინებით ქვეყანაში იგეგმება, გულისხმობს არსებული და ახალი საწარმო ობიექტებისვის ინტეგრირებული ნებართვის ქონის აუცილებლობას. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს წინსწრებით ჰქონდეს განსაზღვული ის გარემოსდაცვითი პირობები, რომლის ფარგლებშიც უნდა იმოქმედოს, ეს ეხება როგორც ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებს და ჰაერის დაბინძურების შემცირებას საწარმოების მხრიდან, ასევე, წყლის ობიექტების დაბინძურების პრევენციას, ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას და ნიადაგის დაბინძურების პრევენციულ ღონისძიებებს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

სამინისტროს ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ რეგულაციები კომპლექსურია, გონივრული ვადები განისაზღვრა. კერძოდ, 2026 წლიდან, ინტეგრირებული ნებართვის აღება დაევალება ნებისმიერ ახალ საწარმოს, რომელიც კანონპროექტით განსაზღვრულ კონკრეტულ სექტორებში საქმიანობის დაწყებას გადაწყვეტს, ხოლო 2029 წლიდან, ვალდებულება უკვე არსებულ და მოქმედ საწარმოებს დაეკისრება. კანონპროექტი ითვალისწინებს საწარმოებში მთელი რიგი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ამ მიმართულებით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

აღსანიშნია, რომ ინტეგრირებული ნებართვის გაცემის პროცესი დაკავშირებული იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვის გაცემის პროცესს, რაც საწარმოსთვის გამარტივებულ პროცედურებს გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები