მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით 245 წინასწარი შეტყობინების სადგური დამონტაჟდება - მინისტრის მოადგილე

თანდილაშვილი

წლის ბოლომდე საქართველოში წინასწარი შეტყობინების 245 სადგური ექნება. აქედან, 159 შეძენილია საერთაშორისო დაფინანსების ფარგლებში - ამის შესახებ მედიასთან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.

"ჩვენ, თუ ისეთი შემთხვევა გვაქვს, რომ სადმე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, ამასთან დაკავშირებითაც გაიცემა შესაბამისი გაფრთხილებები. წლის ბოლოსთვის, ქვეყნის მასშტაბით ჯამში 245 სადგური გვექნება, რომელიც ინფორმაციას კიდევ უფრო მეტი სიზუსტით მოგვცემს. ჯამში, დაახლოებით 159 სადგურამდე საერთაშორისო დაფინანსების ფარგლებში იქნა შეძენილი. კლიმატის ცვალებადობის ფონდის ფარგლებში ორი მილიონი დოლარი გამოიყო, რომლითაც თანამედროვე სადგურების შეძენა განხორციელდა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ნინო თანდილაშვილის თქმით, ორი თანამედროვე რადარი განთავსდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, რომლისთვისაც თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.

„წელსაც ასეთი შესყიდვა გვექნება, რომ წლის ბოლომდე სულ 245 სადგური გვქონდეს. ეს სადგურები ყველა იმ ხეობაში განთავსდება, საიდანაც ჩვენ რეპრეზენტატიული ინფორმაცია გვჭირდება იმისთვის, რომ ამინდის პროგნოზირება გავაუმჯობესოთ. ეს სადგურები მიღებული გვაქვს და მათი განთავსება ეტაპობრივად რეგიონების მიხედვით ხდება. ამ სადგურების დაყენება ყოველწლიურად უნდა გაგრძელდეს. მეწყრის მონიტორინგის სადგურები 18 ლოკაციაზე უკვე დანერგილი გვაქვს. ეს მაღალი რისკის ზონებია, რომელიც განსაკუთრებით საშიშ მეწყრულ უბნებად არის მიჩნეული. წელს კიდევ დამატებით 11 ასეთ მაღალი რისკის უბანზე მონიტორინგის სისტემების განთავსებას ვგეგმავთ“, – განაცხადა თანდილაშვილმა.

ამასთან, გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ის სტიქია, რომელიც ბაღდათში მოხდა, იყო ძალიან მოკლე დროში განვითარებული პროცესი და მისი პროგნოზირება შეუძლებელი იყო.

„ერთი წუთის განმავლობაში მოხდა ამხელა მიწის ჩამოშლა. ამის პროგნოზირება დროში და სივრცეში შეუძლებელია. ვერც ერთი რადარი და სადგური ამის პროგნოზირებას წინსწრებით ვერ მოახდენდა. რადარი არის ხელსაწყო, რომელიც ფარავს დიდ ტერიტორიას და რომელიც გვაძლევს მაქსიმალურად დაზუსტებულ ინფორმაციას მოსალოდნელი ნალექის, ტემპერატურის მატების თუ ხვალ მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ. რადარი ვერ ახერხებს განსაზღვრას, სად რა მეწყრული პროცესი შეიძლება განვითარდეს. მეწყრის მონიტორინგისთვის არსებობს სხვა ტიპის სადგურები, მაგრამ ამ ტერიტორიაზე განთავსებული რომც ყოფილიყო რაიმე ტიპის მონიტორინგის სადგური, დროში იმდენად სწრაფად განვითარებადი სტიქია, რომ ამის წინსწრებით დროში, კონკრეტულ ლოკაციებზე პროგნოზირება და რაიმე ზომის გატარება იქნებოდა შეუძლებელი“, – განაცხადა თანდილაშვილმა.

შეგახსენებთ, 2018 წელს ჭუბერში განვითარებული მეწყრული პროცესის შემდეგ იმ დროისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ - 2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები