საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირის განცხადებით, ევროპის ფსიქოლოგთა ასოციაციების ფედერაციის სტანდარტით, კვალიფიციური ფსიქოლოგის მოსამზადებლად აუცილებელია მინიმუმ 360 კრედიტის შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის მიღება. პროფკავშირი განათლების მინისტრის ბრძანებას გამოეხმაურა.
საქმე ისაა, რომ განათლების მინისტრმა თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალა და ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა კვლავ 2-წლიანი იქნება, თუმცა საბაკალავრო პროგრამა 3 წლამდე შემცირდა.
პროფკავშირში აღნიშნავენ, რომ თუკი 3-წლიანი საბაკალავრო (180 კრედიტი) და 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა (120 კრედიტი) გვაქვს, ამას აუცილებლად უნდა დაემატოს პრაქტიკა, რომელსაც ზედამხედველობს კვალიფიციური ფსიქოლოგი (60 კრედიტი), რათა შევინარჩუნოთ პროფესიული სტანდარტი და ხელი შევუწყოთ კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ფსიქოლოგების მომზადებას.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა რჩება 2-წლიანი (120 კრედიტი), თუმცა საბაკალავრო პროგრამის მოცულობა მცირდება და სწავლა 3-წლიანი ხდება (180 კრედიტი).
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროპის ფსიქოლოგთა ასოციაციების ფედერაციის მიერ შემუშავებული სტანდარტის მიხედვით, კვალიფიციური ფსიქოლოგის მოსამზადებლად აუცილებელია მინიმუმ 360 კრედიტის შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციის მიღება.
მიმართულებები, რომლებსაც ეს საკვალიფიკაციო მინიმუმი ეხება შემდეგია:
- კლინიკური და ჯანმრთელობის ფსიქოლოგია
- განათლების ფსიქოლოგია
- შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია,
- სპორტის ფსიქოლოგია
- სხვა (ყველა მიმართულება, რომელიც არ არის ზემოთ ნახსენები)
აღნიშნული სტანდარტის მიხედვით, იმ ცოდნისა და კომპეტენციის შეძენა, რაც ფსიქოლოგს დამოუკიდებლად მუშაობის უფლებას მისცემს (360 კრედიტი), შესაძლებელია სხვადასხვა გზით:
თუკი 3-წლიანი საბაკალავრო (180 კრედიტი) და 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა (120 კრედიტი) გვაქვს, ამას აუცილებლად უნდა დაემატოს პრაქტიკა, რომელსაც ზედამხედველობს კვალიფიციური ფსიქოლოგი (60 კრედიტი);
შესაძლოა 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამა (240 კრედიტი) და 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა (120 კრედიტი) ისე იყოს შედგენილი, რომ სამაგისტრო პროგრამა პროფესიული პრაქტიკის კომპონენტს მოიცავდეს, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობისთვის საჭირო უნარების განვითარების გარდა, პროფესიული იდენტობის ფორმირებასაც უზრუნველყოფს.
საქართველოში მოქმედი მოდელი ტექნიკურად აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტს და ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მინიჭება ხდებოდა 360 კრედიტის დაგროვების საფუძველზე.
კანონში შეტანილი ცვლილებების პირობებში, როცა უმაღლესი განათლების ფარგლებში მხოლოდ 300 კრედიტის დაგროვებაა შესაძლებელი, პრაქტიკის კომპონენტის ინტეგრირება (დარჩენილი 60 კრედიტი) კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა შევინარჩუნოთ პროფესიული სტანდარტი და ხელი შევუწყოთ კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი ფსიქოლოგების მომზადებას.
მოვუწოდებთ პრაქტიკოს ფსიქოლოგებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხის განხილვაში.
საქართველოს ფსიქოლოგთა პროფესიული კავშირი მზად არის ითანამშრომლოს ფსიქოლოგიის ყველა მიმართულების წარმომადგენელთან, პრაქტიკის კომპონენტის დანერგვისა და პროფესიული სტანდარტების შენარჩუნების მიზნით", - წერია განცხადებაში.




























