დეველოპერული კომპანია „ორბის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, კვალიფიციური კადრების განვითარება დეველოპერულ სექტორში აქტივობის ზრდის პროპორციულად ვერ ხდება, რის გამოც კომპანიებს სპეციალისტების საზღვარგარეთიდან შემოყვანა უწევთ. ამის შესახებ ირაკლი კვერღელიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციის შემდეგ BMG-ისთან განაცხადა.
მისი თქმით, კონფერენციაზე პრემიერმა ბიზნესს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა, რაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გამოწვევებს, კვერღელიძე იმედოვნებს, რომ მათ გადასაჭრელად ნაბიჯები მოკლევადიან პერიოდში გადაიდგმება, რაც ადგილობრივ კომპანიებზე დადებითად აისახება.
„დღეს რა გამოწვევაც რჩება, ის არის, რომ ეკონომიკური ზრდის და სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში აქტივობის ზრდის პროპორციულად კვალიფიციური კადრების ზრდა ვერ ხდება, რაც იმას იწვევს, რომ ქართულ ბაზართან ერთად სპეციალისტების შემოყვანა უცხოური ბაზრიდან გვიწევს.
ვფიქრობ, ამ კუთხით აქტიური ნაბიჯები გადაიდგმება და მოკლევადიან პერიოდში ადგილზე არსებული სამუშაო რესურსის მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბება მოხდება, რაც შეამცირებს უმუშევრობას და მეორე მხრივ, უფრო მაღალკვალიფიციურ კადრებს მივიღებთ, რაც კიდევ უფრო გააიოლებს ქართული კომპანიების შემდგომ საქმიანობას“, - განაცხადა კვერღელიძემ.