მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვების მენიუში საქონლის ჯამური ფასის მითითება მომსახურების ფასს გაზრდის - მაკა ცაბუტაშვილი

თაშრე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ რესტორნებმა მენიუში ფასი დღგ-ის და მომსახურების ხარჯის ჩათვლით უნდა მიუთითონ.

ახალი სტანდარტის შესახებ, „ქალების ნარატივში“ რესტორან „თაშრეს“ დირექტორმა, მაკა ცაბუტაშვილმა ისაუბრა. მისი მოსაზრებით, ეს ცვლილება ფასების ზრდას გამოიწვევს.

„ბიზნესს მოგვიწევს ზედმეტი ხარჯის გაწევა. საჭირო გახდება ახალი მენიუების დაბეჭდვა და ამაზე მუშაობა, მომხმარებელი კი დადგება იმის წინაშე, რომ ფასები რესტორანში გაზრდილი დახვდება, მაგრამ ეს ყველაფერი გადალახვადია,“ - განაცხადა მაკა ცაბუტაშვილმა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განმარტებით, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია - მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის იანვრის თვეში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სააგენტოში 60 განაცხადი დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 2 მოვაჭრეს, 1 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე - 13 შეთანხმება გაფორმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები