მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვების ობიექტი „ორი ლულა“ ბაზარზე ბრუნდება

620a5edf45091
ვიქტორია მღებრიშვილი
14.02.22 21:23
4074
სწრაფი კვების ობიექტი „ორი ლულა“ ბაზარზე დაბრუნდა. კომპანია „ლულა ნოვამ“ ბრენდის ძველ მფლობელებთან თანამშრომლობით ერთი თვეა, რაც შამფურზე გამომცხვარი საფირმო ლობიანისა და ხაჭაპურის ვარიაციების გაცოცხლება შეძლო.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლუკა ჩიქოვანი ამბობს, რომ ბრენდის გაცოცხლებისთვის, მარკეტინგის მიმართულებით  40 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო.

„ბრენდის დღევანდელი მფლობელები ძველ მფლობელებთან თანამშრომლობენ და სწორედ პარტნიორობის შედეგად აღდგა „ორი ლულას“ პროდუქციის გემოები და კონცეფცია.

მიუხედავად იმისა, რომ „ორი ლულა“ მომხმარებელში თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა და თავისი იმიჯი ჰქონდა, მისი ბაზარზე დასაბრუნებლად საკმაოდ აქტიური მარკეტინგული კამპანიის წარმოება მოგვიწია“, - ამბობს ლუკა ჩიქოვანი.

ბრენდი „ორი ლულა“ ბაზარზე ცენტრალიზებული სამზარეულოს კომპანია „ვიდუფუდუსთან“ თანამშრომლობით დაბრუნდა, სადაც ამ ეტაპზე ძველი რეცეპტურით „ორი ლულას“ პროდუქტი მზადდება. მომხმარებელს კი ძველი თუ ახალი გემოების პროდუქტის შეკვეთა და დაგემოვნება „ვოლტის“ და „ელვისის“ საშუალებით შეუძლია.

„ლულა ნოვას“ დამფუძნებელი კი აღნიშნავს, რომ სულ მალე კომპანია ონლაინგაყიდვის ფორმატის პარალელურად, კვების ობიექტის ამოქმედებასაც გეგმავს.

„ჯერ არ ვიცით სად ამოქმედდება ჩვენი პირველი ობიექტი. განვიხილავთ სამ უბანს - საბურთალო, დიღომი, გლდანი, თუმცა ზუსტად რა მოცულობის იქნება რესტორანი და რა თანხა დაგვჭირდება, გარკვეული არ გვაქვს. გარდა ამისა გვინდა კვების ობიექტებთან დავიწყოთ თანამშრომლობა, რათა ჩვენი საფირმო პროდუქცია მათ ობიექტებში გავიდეს“, - განმარტავს ლუკა ჩიქოვანი.

ცნობისთვის, სწრაფი კვების რესტორნების ქსელი „ორი ლულა” თბილისში 5 ფილიალით 2015 წლამდე ოპერირებდა და სტუმრებს ძირითადად ქართულ კერძებს სთავაზობდა, რომელთა შორის საფირმო იყო ლობიანი და ხაჭაპური შამფურზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები