მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვერცხი 5%-ით გაიაფდება - რა შემოსავალი აქვთ საქართველოს კვერცხის უმსხვილეს მწარმოებლებს

კვერცხი

დღეს საქართველოს კვერცხის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიებმა - „სავანეთმა“, „დილამ“, „კოდამ“ და „კუმისმა“ პროდუქციის 5%-ით გაიაფების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

"აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება", - ნათქვამია კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

კვერცხის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიების უმეტესობას საკუთარი ფინანსური ანგარიშგებები წარდგენილი აქვს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში, რომლის პორტალზეც აღნიშნული დოკუმენტები გასაჯაროებულია. ამ დროისთვის ხელმისაწვდომია კომპანიების 2024 წლის ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სექტორის ოთხი მოთამაშის - "კოდას"; "დილას"; "სავანეთის" და "პატარძეულის" ჯამური შემოსავალი 108 მილიონ ლარს შეადგენდა.

აღნიშნული თანხა წარმოადგენს ამ კომპანიების მიერ სადისტრიბუციო და სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის მიწოდებიდან მიღებულ თანხას, შესაბამისად 108 მილიონი ლარი არ არის ის თანხა, რაც საბოლოო მომხმარებლებმა ამ პროდუქციაში გადაიხადეს.

კომპანიების ფინანსური შედეგები 2024 წლისთვის ასე ნაწილდება:

  • კოდა - 41.3 მილიონი ლარის შემოსავალი, მოგება 4.4 მილიონი ლარი;
  • დილა - 33.4 მილიონი ლარის შემოსავალი, მოგება 5.6 მილიონი ლარი;
  • სავანეთი - 21.2 მილიონი ლარის შემოსავალი, მოგება 5.9 მილიონი ლარი;
  • პატარძეული - 11.1 მილიონი ლარის შემოსავალი, მოგება 1.4 მილიონი ლარი.

რაც შეეხება კომპანია "კუმისს", კომპანიას 2024 წლის ფინანსური ანგარიში ამ დროისთვის გასაჯაროებული არ აქვს.

საქსტატის თანახმად, საქართველოში სულ 8 მილიონი ფრთა ფრინველია, ხოლო წარმოებული კვერცხის რაოდენობაა 673 მილიონი ერთეული, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მეფრინველეობის ფერმები ბაზარს ყოველდღიურად 1.8 მილიონ ცალ კვერცხს აწვდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები