მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კვიპროსის ბანკი” რუს კლიენტებს ანგარიშების დახურვით ემუქრება - RBC

643fb3f4f3191
გიორგი არონია
19.04.23 18:29
783

კვიპროსის უმსხვილესმა კომერციულმა ბანკმა, Bank of Cyprus-მა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საბანკო ანგარიშების დახურვა დაიწყო, - ამის შესახებ რუსული გამოცემა RBC, კვიპროსულ საკონსულტაციო კომპანიაზე, Main Partner Trust-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, ანგარიშების დახურვის არგუმენტებს შორის “კვიპროსის ბანკი” რუსეთის ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო გადასახადების გადახდას, სანქცირებული ბიზნესების წილის ფლობას, რუსულ კომპანიაზე დისტანციურად მუშაობას და ზოგიერთი ტიპის ბინადრობის უფლებას ასახელებს.

“კვიპროსის ბანკთან” ერთად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ანგარიშების დახურვით ბერძნული Hellenic Bank-ის ადგილობრივი ფილიალიც ემუქრება. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინფორმაცია RBC-მ გასულ კვირასაც გაავრცელა, მაგრამ იმ დროს, საუბარი შვეიცარიულ ბანკებს, UBS-სა და Credit Suisse-ს შეეხებოდა. გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე შვეიცარიული ბანკის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატებისა და “დიდი შვიდეულის” ქვეყნებიდან წამოსულ წნეხს უკავშირდება.

გასულ წელს, რუსეთის მოქალაქეები კვიპროსულ ბანკებში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშებზე 700 მილიონ ევროზე დიდ თანხას ინახავდნენ, რაც 6%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე. როგორც Main Partner Trust-ის მმართველი პარტნიორი, ალიონა სახაროვა ამბობს, “კვიპროსის ბანკის” სერვისებს კვიპროსში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 15% იყენებს. კვიპროსის უმსხვილესი ბანკის ყოველწლიური ანგარიშიდან ვიგებთ, რომ რუსებზე, ბელორუსებსა და უკრაინელებზე ბანკის კლიენტების მხოლოდ 6% მოდის.

RBC-ს ინფორმაციით, იურიდიული საკითხების გამოსარკვევად კვიპროსულმა ბანკმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ორი კვირა მისცა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები