მიმდინარე წლის 27 ივნისს, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. თბილისში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, საავიაციო უწყებების მიერ განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის რეგულარული ოპერირების დაწყების ტექნიკური ასპექტები, მათ შორის საავიაციო ბაზრებზე არსებული ვითარება, ძირითადი მარეგულირებელი სტანდარტები და ფრენის სიხშირეები.
ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად განისაზღვრა ფრენის სიხშირეები: საქართველოსა და კორეის დანიშნულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ რეგულარული სამგზავრო/სატვირთო ფრენები განახორციელონ კვირაში 7 სიხშირით. საქართველოსა და კორეის საავიაციო უწყებები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას აღნიშნული პროცესის ხელშესაწყობად.
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება 2018 წელს დაიწყო. ავიაკომპანია Korean Air-მა საქართველოს მიმართულებით სეზონური ფრენები მიმდინარე წლის მაის-ივნისშიც შეასრულა.