მიმდინარე კვირას მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკი, Goldman Sachs-ი თანამშრომლების შემცირებას იწყებს.
Reuters-ის ინფორმაციით, კვირის ბოლოსთვის სამსახურის დატოვება 3,000-მდე თანამშრომელს მოუწევს, თებერვლამდე კი მათი რაოდენობა 4,000-მდე შემცირდება, რაც კომპანიის საერთო სამუშაო ძალის 8%-ია.
თანამშრომლების დათხოვნის მიზანი კომპანიის ხარჯების შემცირებაა. Goldman-ის გენერალური დირექტორის, დეივიდ სოლომონის განმარტებით, 2023 წელს აშშ-სა და ევროკავშირს წინ მძიმე ეკონომიკური გამოწვევები და რეცესია ელოდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა ხარჯები მაქსიმალურად შეამცირონ და თავი აარიდონ ზარალზე გასვლას.
სოლომონის განცხადებით, ბანკს სხვა გზა არ რჩება, სტაფის რაოდენობა დაუყოვნებლივ უნდა შემცირდეს, რათა Goldman-მა ფინანსურ გამოწვევებთან გამკლავება შეძლოს.
1869 წელს ნიუ-იორკში დაფუძნებული Goldman Sachs-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საინვესტიციო ბანკია, ის 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 118 მილიარდ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების დათხოვნის სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს, ერთწლიან ჭრილში საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების ღირებულება 13%-ითაა შემცირებული.