მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

CLA

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

Tesla-მ ათასობით Cybertruck კიდევ ერთხელ გამოიხმო

Tesla-ს განცხადებით, კომპანიამ თითქმის ყველა გაყიდული, 46 000 Cybertruck გამოიხმო, რისი მიზეზიც ავტომობილის ექსტერიერის კოსმეტიკური პანელია. კომპანიის თქმით, არსებობს რისკი, რომ აღნიშნული პანელი მანქანას მოძრაობაში მოსძვრეს და ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს. საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ ადმინისტრაციაში წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ხარვეზის გამო კომპანია ყველა იმ ავტომობილს იბრუნებს, რომელიც 2023 წლის ნოემბრის შემდეგაა წარმოებული.
Tesla-ს განცხადებით, კომპანიაში აღნიშნულ პანელთან დაკავშირებით 151 საგარანტიო განცხადება შევიდა, თუმცა ფატალურ ავტოსაგზაო შემთხვევებსა და პოტენციურ დაზიანებებზე ავტომწარმოებელს ინფორმაცია არ აქვს.
წუნდებული ავტომობილის მფლობელები შესაბამის შეტყობინებას მაისის ბოლომდე მიიღებენ, კომპანია მათ Cybertruck-ს უფასოდ შეაკეთებს.
Tesla-ს მიერ Cybertruck-ის გამოთხოვის ეს შემთხვევა არა პირველი, არამედ მერვეა, თუმცა ყველაზე მასშტაბური. მანამდე ავტომობილს აჩქარების სატერფულის, უკანა ხედვის კამერისა და სხვა სახის პრობლემები ჰქონდა.


Tesla ბიუჯეტურ ელექტრომობილს მიმდინარე წელს წარადგენს

მსოფლიოს უძვირფასესი ავტომწარმოებელი სიახლეების შემოთავაზებასაც განაგრძობს. Tesla გეგმავს უფრო კომპაქტური და იაფი ვერსიის გამოშვებას, რომელიც Model Y-ზე მინიმუმ 20%-ით ნაკლები ეღირება. მისი კოდური სახელწოდებაა "E41". ახალი მოდელი შანხაის ქარხანაში დამზადდება და ის უკვე არსებული კომპონენტებისა და ასამბლეის ხაზების გამოყენებით შეიქმნება, რაც წარმოების ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

Tesla-ს ამ ნაბიჯის მიზანია კონკურენციის გაძლიერება ჩინეთისა და სხვა ბაზრებზე, სადაც კომპანია ბოლო წლებში პოზიციებს კარგავს. მაგალითად, 2024 წელს Tesla-ს გაყიდვები პირველად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ Model Y კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილია, ბრენდის საბაზრო წილი შემცირდა ევროკავშირში (13.1%-ით), ჩინეთში (11.7%-დან 10.4%-მდე) და აშშ-ში (EV ბაზრის 45.4%-მდე დაეცა).

ახალი მოდელის მასობრივი წარმოება 2025 წლიდან დაიწყება ჩინეთში, ხოლო მოგვიანებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც იგეგმება. Tesla-მ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.


BYD-ის ახალი ელექტრომობილები 5 წუთში დაიმუხტება

ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით ბოლო წლებში ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა ჩინური BYD-ი, რომელმაც ახალი პლატფორმა წარმოადგინა. ბრენდი გეგმავს ელექტრომობილებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა, დამუხტვის დრო პრობლემების სიიიდან გააქროს. Super e-Platform — ასე ეწოდება BYD-ის ახალ 1,000-კილოვატიან პლატფორმას, რომელიც სულ რაღაც ხუთ წუთში იმუხტება. ახალ ტექნოლოგიას 1,000-მდე ამპერის გატარება შეუძლია, ხოლო პლატფორმა 1,000-ვოლტიანია, რაც ახალი სიტყვაა ელექტრომობილების წარმოებაში. კონკრეტულად რა ტიპის დასამუხტი ინფრასტრუქტურა სჭირდება ამ პლატფორმაზე დაშენებულ ავტომობილებს BYD-ში არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ აღნიშნეს, რომ ჩინეთში 4,000 BYD-ის ბრენდრებული სადგური აშენდება. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ამ ტიპის მძლავრი EV-დამტენების დამონტაჟება შეუძლებელია ნებისმიერ ადგილას, რადგან მნიშვნელოვანია ახლოს იყოს, როგორც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, ასევე შესაბამისი ტრანსფორმატორი, რომელიც დენის გარდაქმნაზე იქნება პასუხისმგებელი.
ახალ პლატფორმასთან ერთად, BYD-მ ახალი ელექტრომოტორები წარმოადგინა, რომელთა ბრუნის სიჩქარე 30,000 RPM-ია, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე 777 ცხენის ძალა, რაც ნიშნავს, რომ ეს ყველაზე მძლავრი საავტომობილო ელექტრომოტორია, რომელიც დღეს პლანეტაზე არსებობს. ერთმოტორიანი უკანა წამყვანი ავტომობილების მაქსიმალური სიმძლავრე 671 ცხენის ძალა იქნება, როცა ორმოტორიანი ავტომობილები 1,084 ცხენის ძალამდე სიმძლავრის განვთარებას შეძლებენ.

ახალი Mercedes-Benz CLA – კიდევ უფრო ჭკვიანი და ინოვაციური

Mercedes-Benz-მა ოფიციალურად წარადგინა სრულიად ახალი CLA – ინოვაციური, ჭკვიანი და ეკოლოგიურად ეფექტური მოდელი. CLA პირველი მოდელია, რომელიც მთლიანად MB.OS სისტემაზე მუშაობს და გთავაზობთ ულტრა მეგობრულ ციფრულ ასისტენტს. ელექტრო ვერსია 792 კმ-მდე გადის ერთი დამუხტვით, ხოლო 10-წუთიანი სწრაფი დამუხტვა 325 კმ-ს უზრუნველყოფს. სიახლე აღჭურვილია MBUX სისტემით Google AI-სა და ChatGPT-4o-ს ინტეგრაციით, რაც მართვას კიდევ უფრო კომფორტულსა და პერსონალიზებულს ხდის. CLA -ს სპორტული პროპორციები, განათებული ვარსკვლავის ფორმის ცხაური და პანორამული სახურავი მომავლის მანქანის იერს აძლევს. რაც შეეხება MB.OS სისტემას, ის მუდმივად აახლებს ავტომობილს, ხოლო Unity Game Engine-ის ვიზუალიზაცია ინტერიერს სუპერ მოდერნულ სახეს აძლევს. Mercedes-Benz CLA ახალი სტანდარტია, რომელიც მაღალ ხარისხს, ინტელექტსა და მდგრადობას აერთიანებს.

გასულ წელს Volvo Cars Caucasus-ის გაყიდვები საქართველოში 40%-ით გაიზარდა

Volvo Cars Caucasus, რომელიც საქართველოსთან ერთად, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში ოპერირებს, ოთხ ქვეყანაში 60%-ით გაიზარდა - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის დირექტორმა, რუსუდან გრძელიძემ ისაუბრა.
2024 წლის შეჯამებისას Volvo Cars Caucasus-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ გასულ წელს კომპანიის ახალი შოურუმი თბილისში ამოქმედდა, ბაქოში კი მშენებლობა ამ დრომდეც მიმდინარეობს.
2025 წლის გეგმებზე საუბრისას Volvo Cars Caucasus-ის დირექტორმა ახალი ელექტრომობილი დააანონსა, რომელიც ერთ თვეში უკვე საქართველოში იქნება.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ქართველი მომხმარებლებისთვის ახალ 7-ადგილიანი ელექტრო SUV-ის წარადგენენ, რომელიც ერთი სრული დამუხტვით 750 კმ-ს ფარავს და ზომით ბრენდის ფლაგმანი მოდელის XC90-ზე უფრო დიდია. რუსუდან გრძელიძის თქმით, ამ ავტომობილში იქნება ყველაზე მეტი ტექნოლოგია, რაც კი Volvo-ს ისტორიაში ავტომობილებში ყოფილა. სიახლეს საქართველოში ერთ თვეში უნდა ველოდოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები