კვირის მტავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
ტრამპის ტარიფების გამო, ყველაზე დიდი ზარალი Porsche-სა და Mercedes-ს მიადგებათ - Bloomberg
ტრამპის მიერ ავტოიმპორტზე ტარიფების დაწესება ყველაზე მძიმედ Porsche-სა და Mercedes-Benz Group-ზე აისახება, პოტენციური ზარალის მოცულობა კი $3.7 მილიარდია - ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. ტრამპის მიერ დაწესებული 25%-იანი გადასახადი, რომელიც ძალაში 3 აპრილიდან შევა, Porsche-სა და Mercedes-ის 2026 წლის საოპერაციო პროგნოზირებულ შემოსავალს, სავარაუდოდ, მეოთხედით შეამცირებს. ზარალის შესამცირებლად კომპანიებს ფასების ზრდა ან წარმოების აშშ-ში გადატანა მოუწევთ. ტარიფები ევროპული ავტომწარმოებლების აშშ-ის მოგებიან ბაზარზე დამოკიდებულებას უქმნის საფრთხეს. ყველაზე დიდი რისკის წინაშე გერმანული კომპანიები დგანან, რადგან აშშ-ში ყველაზე მეტი ავტომობილი, მათ შორის Porsche 911 სპორტული ავტომობილები და Mercedes S Class-ის სედანები, სწორედ ამ ქვეყნიდან იგზავნება. ტარიფების გამოცხადების შემდეგ Porsche-სა და Mercedes-ის აქციები ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე 5.7%-ით დაეცა, BMW-ს აქციები - 4.9%-ით, ლონდონში Aston Martin-ის აქციები კი 8.9%-ით შემცირდა. გერმანელი ავტომწარმოებლების დიდი ნაწილი ქარხნებს აშშ-ს ტერიტორიაზეც ფლობენ, რითაც როგორც ადგილობრივი ბაზრის, ისე საექსპორტო ბაზრების მოთხოვნას აკმაყოფილებენ. ვიდრე ევროკავშირი საპასუხო ნაბიჯებისთვის ემზადება, დაწესებულმა ტარიფებმა შესაძლოა, ძლიერად დაარტყას ინდუსტრიას, რომელიც ისედაც ებრძვის გაძვირებულ ფასებსა და შემცირებულ მოთხოვნას.
Hyundai აშშ-ის ეკონომიკაში $20 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს
სამხრეთ კორეაში დაფუძნებული საავტომობილო გიგანტი Hyundai ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, რომელიც ახალი ქარხნების აშენებას მოხმარდება. როგორც ჩანს, სავაჭრო ტარიფების თავიდან არიდების მიზნით, კორეულ კომპანიას საწარმოო პროცესის ნაწილი ამერიკის ტერიტორიაზე გადააქვს, რაც ზუსტად ის არის, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საერთაშორისო კომპანიებისგან მოითხოვს. უნდა აღინიშნოს, რომ Hyundai-ის ავტომობილებზე მოთხოვნა ამერიკაში სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით ჰიბრიდული და ელექტრონული მოდელების მიმართულებით, რაც კორეულ კომპანიას აძლევს იმის საშუალებას, რომ სათანადო კონკურენცია გაუწიოს როგორც Ford-სა და GM-ს, ასევე Tesla-ს, რომელიც ელექტრომობილების სეგმენტში ჯერაც დომინანტ ძალად რჩება. როგორც ცნობილია, Hyundai არა მარტო საავტომობილო ქარხნის, არამედ ფოლადის საწარმოს აშენებასაც გეგმავს, ანუ ამ ინვესტიციით კომპანია თავიდან აირიდებს როგორც საიმპორტო, ასევე საწარმოო ტარიფს, რომელიც ფოლადთან მიმართებით არსებობს.
ევროპაში TESLA-ს გაყიდვები 49%-ით შემცირდა
ილონ მასკის პოლიტიკური აქტიურობის ფონზე, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ევროკავშირის მასშტაბით Tesla-ს გაყიდვები 49%-ით შემცირდა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ვარდნაა. ამერიკულ ელექტრომობილებზე მოთხოვნის უეცარი შემცირება პირდაპირ კავშირშია Tesla-ს გენერალური დირექტორის, ილონ მასკის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკურ ფიგურად და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელად ჩამოყალიბდა. ევროპელ მომხმარებლებს განსაკუთრებით ის ფაქტი არ მოსწონთ, რომ ილონ მასკი გერმანიაში, ბრიტანეთსა თუ საფრანგეთში ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებს უცხადებს მხარდაჭერას და სოციალურ ქსელ X-ში ისეთი შინაარსის პოსტებს ავრცელებს, რომელთაც რთულია პოლიტკორექტული ვუწოდოთ.
ამასთან, ევროპელები სოლიდარობას უცხადებენ იმ ამერიკელ ფედერალურ მუშაკებს, რომლებმაც სამსახური ილონ მასკის დეპარტამენტის (DOGE) გადაწყვეტილებით დაკარგეს. საერთო ჯამში, 2025 წლის დასაწყისში Tesla-მ ევროპის ბაზარზე 19,046 ელექტრომობილი გაყიდა, ნაცვლად 2024 წელს დაფიქსირებული 37,311 ერთეულისა.
BYD-ის მოგება 73%-ით გაიზარდა
მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ, ჩინურმა BYD-იმ 2024 წლის მეოთხე კვარტალის სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, კომპანიამ $2.1 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, რაც 73%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ანალიტიკოსების მოლოდინებს მნიშვნელოვნად აჭარბებს. პროგნოზირებულზე უკეთესია საერთო შემოსავლის სტატისტიკაც, რომელიც მეოთხე კვარტალში თითქმის $38 მილიარდს შეადგენს, რაც 53%-იან ზრდას წარმოადგენს. საერთო ჯამში, გასული 2024 წლის განმავლობაში BYD-ის მოგებამ $5.6 მილიარდი შეადგინა, რაც 34%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია ყველა მიმართულებით სწრაფად ვითარდება. კომპანიას რეკორდული ზრდა აქვს გაყიდული ავტომობილების რაოდენობის მიმართულებითაც, რომელმაც 2024 წელს 4 მილიონ 250 ათასი ერთეული შეადგინა და ამ შედეგით ჩინურმა კომპანიამ Volkswagen Group-ს გადაუსწრო.
შესანიშნავი ფინანსური შედეგების ფონზე, 1-წლიან პერიოდში BYD-ის აქციების შეფასება ბირჟაზე 75%-ითაა გაზრდილი, ხოლო 5-წლიან პერიოდში კომპანიის კაპიტალიზაციის ზრდის მაჩვენებელი 585%-ს აჭარბებს, რაც საავტომობილო ინდუსტრიაში დაფიქსირებული ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.
Toyota-ს შორ მანძილზე მავალი EV ბატარეების გამოშვება შესაძლოა გადაიდოს
Toyota-ს მიერ დაგეგმილი ახალი თაობის EV ბატარეები, რომლებიც 1,000 კმ-მდე სავალ მანძილს და 20-წუთიან სწრაფ დამუხტვას გვპირდებოდა, შესაძლოა მოსალოდნელზე უფრო გვიან ჩაეშვას ბაზარზე. კომპანიამ გადაწყვიტა იაპონიაში ახალი ბატარეის ქარხნის მშენებლობის გადავადება, სადაც სწორედ ეს ბატარეები უნდა გამოშვებულიყო 2028 წლიდან. ორი წლის წინ Toyota-მ წარადგინა ახალი თაობის EV ბატარეების სტრატეგია, რომელიც მოიცავდა 3 ტიპის ბატარეების განვითარებას 600 დან 1000 კილომეტრამდე მანძილის დიაპაზონით. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, Fukuoka-ს რეგიონში ახალი ქარხნის მშენებლობა გადაიდო. Toyota-მ ადგილზე მხოლოდ გასულ თვეში შეიძინა მიწის ნაკვეთი.
მიუხედავად დაგეგმილი ვადების გადახედვისა, Toyota ქარხნის აშენებას კვლავ გეგმავს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მასშტაბები შემცირდეს ან საწარმოო მიმართულება გადაიხედოს. შიდა წყაროზე დაყრდნობით, გადავადების მიზეზებია: მშენებლობის მაღალი ხარჯები. ტექნოლოგიური მზადყოფნის საჭიროება, განსაკუთრებით ახალი Lexus EV სედანის გასაშვებად.
როგორც ჩანს, Toyota-სთვის ელექტრომობილების მომავალი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. მიუხედავად ტექნოლოგიური ამბიციებისა, დელიკატურად დაბალანსებული სტრატეგია, ფრთხილი მასშტაბირება და არსებული მოთხოვნის შეფასება აყალიბებს ბრენდის რეალურ პოლიტიკას ელექტრომობილების სფეროში.