მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

YU7

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

EV ინდუსტრიის დაფინანსება ძალაში რჩება - სასამართლომ ტრამპის გადაწყვეტილება დაბლოკა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ნაწილობრივ შეაჩერა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 14 შტატისთვის ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურისათვის გამოყოფილი დაფინანსება უნდა შეწყვეტილიყო. ეს თანხა, დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ოდენობით, ჯერ კიდევ ბაიდენის მმართველობისას იქნა გამოყოფილი NEVI (National Electric Vehicle Infrastructure) პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებდა პროექტის ღირებულების მაქსიმუმ 80%-ის დაფინანსებას. სარჩელის ავტორები კალიფორნიის, კოლორადოსა და ვაშინგტონის შტატების გენერალური პროკურორები იყვნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ტრანსპორტის დეპარტამენტის მხრიდან დაფინანსების დაბლოკვა უკანონო იყო. მოსამართლემ მათ არგუმენტებს ნაწილობრივ დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ სარჩელი, სავარაუდოდ, დაკმაყოფილდება. თუმცა, შეჩერების ბრძანება არ გავრცელდა ვერმონტის, მინესოტას და კოლუმბიის ოლქზე – მოსამართლის თქმით, მათ ვერ წარმოადგინეს მყისიერი ზიანის საკმარისი მტკიცებულება.


Defender Sport - სრულად ელექტრო Land Rover Defender-ი

Land Rover-ის ლეგენდარული მოდელი Defender, მზად არის გააფართოოს თავისი აუდიტორია და ბაზარზე პირველი სრულად ელექტრო SUV წარადგინოს – ახალი, კომპაქტური მოდელით, რომელსაც სავარაუდოდ Defender Sport ეწოდება. Defender-ის გარე დიზაინი ყოველთვის გამოირჩევა სიმტკიცით და თავგადასავლების სიყვარულით, თუმცა ამავდროულად ინარჩუნებს ელეგანტურობას და პრემიულ იდენტობას. ახალი მოდელი, რომლის სიგრძე სავარაუდოდ 4.5 მეტრი იქნება, JLR-ის სამოდელო ხაზში Discovery Sport-სა და Range Rover Evoque-ს შორის დაიკავებს ადგილს. ახალი Defender Sport ეფუძნება JLR-ის ახალ EMA პლატფორმას, რომელიც სპეციალურად ელექტრომობილებისთვისაა შექმნილი. ეს პლატფორმა საფუძვლად დაედება სხვა ბრენდების მომავალ ელექტრო მოდელებსაც, მათ შორის შესაძლოა Range Rover Evoque-ისა და Discovery-ს ელექტრულ ვერსიებსაც. Defender-ის ელექტრო მოდელი მხოლოდ დასაწყისია – წელსვე დაგეგმილია პირველი ელექტრო Range Rover-ის პრეზენტაცია, რომელსაც უკვე 61,000-მდე ადამიანი ელოდება წინასწარი რეგისტრაციით. JLR-ის გეგმაა, რომ თითოეულ მის ბრენდს – იქნება ეს Jaguar, Discovery, Defender თუ Range Rover – საკუთარი ელექტრო ვერსია ჰყავდეს.

Xiaomi ახალ მიზანს ისახავს – შეძლებს თუ არა YU7 Tesla Model Y-ს დამარცხებას ჩინეთში?

Xiaomi, რომელიც ცნობილია როგორც ჩინური Apple და ტრადიციულად ტექნოლოგიური მოწყობილობების ბაზარზე მოღვაწეობს, უკვე მეორე ელექტრომობილის გამოშვებას აპირებს და ამჯერად მიზნად ისახავს Tesla-ს ყველაზე გაყიდვადი მოდელის – Model Y-ს გაყიდვების უკან ჩამოტოვებას ჩინურ ბაზარზე.
Xiaomi-ს პირველი ელექტრომობილი, SU7, სრულიად წარმოუდგენლად სწრაფად გახდა პოპულარული – 2024 წლის დასაწყისში დაიწყო მიწოდება და ერთ წელიწადში უკვე 180,000-ზე მეტი ერთეული გაიყიდა. მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ჩინეთში მიწოდება 30 კვირაზე მეტს გრძელდება, მაშინ როცა Tesla-ს Model 3 ახალი ავტომობილი ერთ კვირაშია ხელმისაწვდომი. Xiaomi-მმა არა მხოლოდ Tesla Model 3-ს გადაუსწრო გაყიდვებში, არამედ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის ბაზრის წილზეც. ახლა კი კომპანია მზადაა შეუტიოს Tesla-ს მთავარ ფავორიტს – Model Y-ს. Xiaomi-ის მეორე ელექტრომობილი, YU7, უკვე გამოუსვლელად იპყრობს ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ YU7 ჯერჯერობით მხოლოდ ჩინურ ბაზარზე გაიყიდება, Xiaomi-ს გეგმაა, 2027 წლიდან ელექტრომობილების გლობალური ექსპანსია დაიწყოს. თუ კომპანიამ შეძლო SU7-ის მსგავსი წარმატების გამეორება, Model Y-ის გაყიდვებში გადაჭარბება უკვე მხოლოდ დროის საკითხი გახდება.

Xiaomi SU7 Ultra - ყველაზე სწრაფი ნიურბურგრინგზე

ჩინური წარმოების ელექტრომობილმა Xiaomi SU7 Ultra-მ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. პროტოტიპმა მწვანე ჯოჯოხეთი სულ რაღაც 6 წუთსა და 22 წამში დაფარა - 24 წამით უფრო სწრაფად, ვიდრე გასულ წელს. ეს ნიშნავს, რომ Xiaomi SU7 Ultra პროტოტიპი ნიურბურგრინგის ტრასაზე მოასპარეზე ნებისმიერ საწარმოო მანქანაზე - ბენზინზე მომუშავე თუ სხვა - უფრო სწრაფია. ეს გასაკვირი ნამდვილად არაა, თუ ჩინური Xiaomi-ის შესაძლებლობებს გავიხსენებთ: ეს SU7 Ultra-ს პროტოტიპი სამძრავიანი კონფიგურაციით 1 548 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე 1.98 წამში ჩქარდება. მაქსიმალურ სიჩქარეს კი ჩინური სედანი 350 კმ/სთ-ზე აღწევს.
საერთო ჩამონათვალში, ჩინური სედანი ნიურბურგრინგის ტრასაზე მეოთხეა და მხოლოდ Porsche 919 Hybrid Evo-ს, Volkswagen ID.R-ს და Porsche 956-ს ჩამორჩება. აღსანიშნია, რომ Porsche 919 Hybrid Evo სარბოლო მანქანა გახლდათ, რეკორდებისთვის მოდიფიცირებული, ხოლო Volkswagen ID.R-ი, ისევე როგორც Porsche 956, საჯარო გზებზე ლეგალური არ ყოფილა. შედეგად, მწვანე ჯოჯოხეთის ისტორიაში, საწარმოო სუპერქარებიდან ყველაზე სწრაფი ჩინური სედანია.


Tesla-მ რობოტაქსების გამოცდა დაიწყო

პოლიტიკური თავგადასავლის დასრულების შემდეგ, Tesla-ს CEO ილონ მასკი ძველ საქმიანობას დაუბრუნდა. შედეგმა არ დააყოვნა - ტექსასის ქალაქ ოსტინში, კვირას გამართულმა უპილოტო რობოტაქსების ტესტირებამ მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. გამოცდა კომპანიისთვის ფინანსურადაც მოგებიანი აღმოჩნდა. მიმდინარე მცირემასშტაბიანი გამოცდის ფარგლებში, ოსტინის ქუჩებში Tesla-მ 20-მდე რობოტაქსი გამოიყვანა, თუმცა მათი მოძრაობის რადიუსი მკაცრად განსაზღვრულია და მგზავრებიც წინასწარ არიან შერჩეულნი. შესაძლო გართულებებისა თუ საფრთხეებისაგან თავის ასარიდებლად ტაქსი ტელეოპერატორით აღიჭურვა. მგზავრს გვერდით ტესლას წარმომადგენელიც უზის, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ღილაკის ერთი დაჭერით გააჩეროს მანქანა. რობოტაქსით ერთი გასეირნება $4,20 დოლარი ჯდება, თუმცა უცნობია, შეიცვლება თუ არა ტარიფი სამომავლოდ. რობოტაქსების გამოცდას უპრობლემოდ არ ჩაუვლია. შტატების საგზაო უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება რამდენიმე შემთხვევაზე, როცა ტესლას საპილოტე ტაქსებმა სიჩქარის დაწესებულ ზღვარს გადააჭარბეს, ასევე საგზაო ხაზები წესების დარღვევით გადაკვეთეს. როგორც სააგენტომ აღნიშნა, გამოძიების შესახებ უკვე ინფორმირებულია კომპანიაც. თავად კომპანიის დამფუძნებელს სურს, რომ Tesla-ს უახლესი გამოგონებით ტაქსის კულტურა ჯერ შტატებში, შემდგომ კი მთელ მსოფლიოში შეცვალოს. თუმცა მისი პირობა 2026 წელს მილიონობით რობოტაქსი გამოეშვა, სავარაუდოდ, ვერ შესრულდება. საქმე ის არის, რომ ხელოვნური ინტელექტით მართულ ამ უნიკალურ გამოგონებას სერიოზული ტექნიკური ბაზა კერძოდ, პროფილაქტიკისა და მონიტორინგის ინფრასტრუქტურა სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები