კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
ავტოინდუსტრიის ფინანსური ელიტა: ვინ და რამდენი გამოიმუშავა 2025 წელს?
2025 წელი ავტოინდუსტრიაში იმის დასტურია, რომ „მეტი“ ყოველთვის არ ნიშნავს „უკეთესს“, თუმცა Toyota Motor Corp-მა შეძლო და ორივე მაჩვენებელში ლიდერობა შეინარჩუნა. კომპანიამ დააფიქსირა რეკორდული საოპერაციო მოგება — $39.5 მილიარდი, ხოლო საოპერაციო მარჟამ 12.8% შეადგინა. ევროპულ გიგანტებში კვლავ Volkswagen Group დომინირებს, რომლის ჯამური საოპერაციო მოგება $26.2 მილიარდს გაუტოლდა. ჯგუფის საერთო მარჟა 8.2%-ია, მაგრამ მის შვილობილ ბრენდებს — Porsche-სა და Audi-ს — მნიშვნელოვნად მაღალი, 17-19%-იანი მოგებიანობა აქვთ. ლუქს-სეგმენტის ეფექტურობის ეტალონად კვლავ Mercedes-Benz Group რჩება. კომპანიამ, „Luxury First“ სტრატეგიით, $20.4 მილიარდი საოპერაციო მოგება მიიღო, მარჟა კი შთამბეჭდავ 13.5%-ზე შეინარჩუნა. მათგან ოდნავ უკან არის BMW Group, რომელმაც $17.6-მილიარდიანი მოგება დააფიქსირა. რაც შეეხება Tesla-ს, 2025 წელს კომპანიამ ფინანსური მაჩვენებლების სტაბილიზაცია შეძლო. ილონ მასკის კომპანიამ $14.2 მილიარდი საოპერაციო მოგება მიიღო, მარჟა კი 10.8%-მდე აღადგინა.
ევროპაში გაყიდული ყოველი მეათე ავტომობილი ჩინური ბრენდისაა
ევროპის ავტობაზარზე გარდამტეხი პერიოდია: ყოველი მეათე გაყიდული ავტომობილი უკვე ჩინური ბრენდისაა. ჩინურმა მწარმოებლებმა იაფიანი ალტერნატივის სტერეოტიპი დაამსხვრიეს და ბაზარი ტექნოლოგიურად ძლიერი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ელექტრომობილებით დაიპყრეს. მაშინ, როცა ევროპული გიგანტები ელექტროფიკაციას აყოვნებდნენ, ჩინეთმა ინოვაციური უპირატესობა მოიპოვა. ეს ტრადიციული ავტომწარმოებლებისთვის გადარჩენის სიგნალია, რადგან ჩინური კომპანიები ბაზრის სრულფასოვან მოთამაშეებად იქცნენ. ანალიტიკოსები ექსპანსიის შემდგომ ზრდას პროგნოზირებენ, რაც ევროპულ ინდუსტრიას ფასებისა და ტექნოლოგიების გადახედვას აიძულებს.
კვლევის მიხედვით, კანადელთა ორი მესამედი ჩინური ელექტრომობილების შესაძენად მზადაა
კანადასა და ჩინეთს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ ელექტრომობილების ტარიფები 100%-დან 6.1%-მდე შეამცირა. შერავათი 49 000 ერთეულს ეხება. Leger-ის კვლევით, კანადელთა 62% ამ ცვლილებას პოზიტიურად აფასებს, რადგან ბაზარზე ფასების ზრდის ფონზე, ჩინური ბრენდები (BYD, Geely) ბიუჯეტურ ალტერნატივას სთავაზობენ. მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია კვებეკში (72%).
მიუხედავად ინტერესისა, გამოკითხულთა უმრავლესობას მაინც აქვს ეჭვები უსაფრთხოების სტანდარტებზე, ადგილობრივ ინდუსტრიაზე გავლენასა და აშშ-სთან გეოპოლიტიკურ დაძაბულობაზე. ავსტრალიის მსგავსად, ჩინური EV-ების გამოჩენა კანადურ ბაზარზეც გაზრდის კონკურენციას, თუმცა დაწესებული მცირე კვოტა, ანუ 49 000 ავტომობილი, ბაზრის სრულ ტრანსფორმაციას ჯერჯერობით არ ნიშნავს.
Ford-ის ახალი სტრატეგია და 5 დაბალფასიანი მოდელი
ახალი ავტომობილების საშუალო ფასის $50,000-მდე გაზრდის საპასუხოდ, Ford-მა ხელმისაწვდომი მოდელების ახალი ხაზი დააანონსა. ათწლეულის ბოლომდე კომპანია ხუთ ახალ მოდელს გამოუშვებს, რომელთა ღირებულება $50,000-ზე ნაკლები იქნება. მათ შორისაა $30,000-იანი ელექტროპიკაპი, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს გამოჩნდება.
ეს იქნება სრულიად ახალი დასახელების მსუბუქი მანქანები, SUV-ები და ფურგონები სხვადასხვა ტიპის ძრავით. ამ ნაბიჯით Ford-ი ცდილობს შეავსოს ის დეფიციტი, რომელიც ბიუჯეტური Escape-ის წარმოების შეწყვეტამ გამოიწვია. გარდა ამისა, იგეგმება ისეთი პოპულარული მოდელების საბაზისო ვერსიების გამოშვება, როგორებიცაა Explorer-ი და Bronco. კომპანიის მიზანია, მომხმარებელს მეორადი ბაზრის ნაცვლად, ხელმისაწვდომი და თანამედროვე ახალი ალტერნატივები შესთავაზოს.
Waymo $16 მილიარდის ინვესტიციის მოზიდვას და შეფასების $110 მილიარდამდე გაზრდას ცდილობს
Google-ის მფლობელი Alphabet-ის შვილობილი კომპანია Waymo, რომელიც რობოტი ტაქსების სერვისს ავითარებს, მიმდინარე დაფინანსების რაუნდზე მოელის, რომ დამატებით $16 მილიარდ დოლარს მოიზიდავს. თუ ინვესტორებთან მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის, კერძო კომპანიის შეფასება $110 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კომპანია Waymo-მ სერვისის საცდელ რეჟიმში შეთავაზება მომხმარებლებისთვის მაიამიშიც დაიწყო, რაც ადასტურებს, რომ მან მარეგულირებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლო და მომსახურების უფრო მეტი შტატისთვის მიწოდების უფლება მოიპოვა. ამჟამინდელი მონაცემებით, Waymo-ს ე.წ. რობოტაქსით 20 მილიონჯერ ისარგებლეს.





























