კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
2023 წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები
ავტოინდუსტრიის ერთ-ერთმა წამყვანმა კვლევითმა ცენტრმა Focus2Move-მა გლობალური საავტომობილო ბაზრის 2023 წლის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების რეიტინგი მსოფლიოს 162 ქვეყნის ყოველთვიურ მონაცემებზე დაყრდნობით არის შედგენილი.
Focus2Move-ის მიერ გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში მსოფლიოს მასშტაბით 100 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია წარმოდგენილი, რომელთა შორისაც მართალია შიდაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილები დომინირებენ, თუმცა, წლევანდელი შედეგები ცხადყოფს, რომ გლობალური ავტოინდუსტრია ელექტრიფიკაციისკენ ისწრაფვის და ინდუსტრიაში ელექტრომობილების წილი სულ უფრო მზარდია.
როგორც კვლევიდან დგინდება, საავტომობილო ბაზრის უპირობო ლიდერი Tesla-ს ელექტრომობილი Model Y-ია, რომლის გაყიდვებიც გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით 57.1%-ით გაიზარდა. გასულ წელს, პირველადგილოსანი Model Y-ის 1 მილიონ 60 ათასი ერთეული ავტომობილი გაიყიდა და ამ მაჩვენებლით წინა წელთან შედარებით 3 პუნქტით დაწინაურდა.
რეიტინგში მეორე პოზიციაზე გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი, Toyota Corolla ხვდება, რომლის გაყიდვების მაჩვენებელმაც 2023 წლის 11 თვეში 1 მილიონ 10 ათასი ერთეული შეადგინა.
2023 წელს რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა Toyota Rav 4 და 819 780 გაყიდული ერთეულით რეიტინგში მესამე პოზიცია დაიკავა.
მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ავტომობილებს შორის ხვდება ასევე პირველი პიკაპი - Ford F-series, რომელმაც გასულ წელს გაყიდვების 12%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც 777 231 გაყიდულ ერთეულში გამოიხატა.
მეხუთე ადგილზე Honda CR-V ხვდება, რომელმაც 2022 წლის შედეგები 15.2%-ით გააუმჯობესა. გასულ წელს მსოფლიოს მასშტაბით 629 765 CR-V გაიყიდა.
Honda-მ ახალი თაობის ელექტრომობილი წარადგინა
იაპონურმა ავტომწარმოებელმა, Honda-მ CES-ის კონფერენციაზე საზოგადოებას ახალი თაობის ელექტრომობილი Honda Zero წარუდგინა, რომელიც ფუტურისტული დიზაინით გამოირჩევა.
კრიტიკოსების შეფასებით, ელექტრომობილი ზედმეტად ჰგავს Mercedes Vision One-Eleven-ს და Tesla Cybertruck-ს, თუმცა ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ელექტრომობილების ეპოქაში პროდუქტების ერთმანეთთან დამსგავსება ინდუსტრიულ სტანდარტად ჩამოყალიბდა.
Honda-ს განცხადებით, Zero-ს სერიის ელექტრომობილები კონკურენტებთან შედარებით მოქნილობით და სიმსუბუქით იქნებიან გამორჩეულნი. ზუსტად როგორ აპირებს იაპონური კომპანია ფიზიკის კანონების დაძლევას და ელექტრომობილის მძიმე ბატარეების შემსუბუქებას, ამ საკითხზე Honda საჯაროდ არ საუბრობს.
ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ Honda Zero აღჭურვილი იქნება ავტოპილოტის ფუნქციით, ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტით და ავტონომიური მართვის რეჟიმით, რაც მგზავრებს განტვირთვის და კომფორტული მგზავრობით სიამოვნების მიღების საშუალებას მისცემს.
Hyundai-მ ექსტრემალური მოხვევის კუთხის მქონე ელექტრომობილი წარადგინა
კორეულმა ავტომწარმოებელმა, Hyundai-მ CES-ის 2024 წლის შოუზე ექსტრემალური მოხვევის კუთხის მქონე ელექტრომობილი წარადგინა, რომელსაც ადგილზე დატრიალება, პარალელურად გადაადგილება და ნებისმიერი სირთულის მოსახვევში შესვლა შეუძლია.
ელექტრომობილი აღჭურვილია Hyndai-ს მიერ შექმნილი e-Cornering ტექნოლოგიით, რომელიც ოთხივე საბურავის 90 გრადუსამდე მოხვევის საშუალებას იძლევა, რაც ავტომობილს არნახულ მოქნილობას აძლევს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს სისტემა, ძირითადად, დაბალი სიჩქარით გადაადგილებისას და პარკირებისას მოქმედებს, რადგან მაღალ სიჩქარეზე საბურავების ასეთი კუთხით მოხვევის საჭიროება არ არსებობს.
ექსპერტების შეფასებით, აღნიშნულ ტექნოლოგიას განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვს სპეცტექნიკის, სატვირთოებისა და დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების მიმართულებით, რომელთაც ზომების გამო ქალაქის პირობებში მანევრირება უჭირთ.
ჩინეთში ძვირად ღირებული ავტომობილების გაყიდვები შემცირდა - Bentley
ჩინეთში ეკონომიკური გამოწვევებისა და დაღმავლობის ფონზე, ძვირად ღირებული, luxury ავტომობილების მწარმოებელი Bentley-ის გაყიდვები შემცირდა, მომხმარებელთა დიდი ნაწილი კი ავტომობილებით საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოხატვას ცდილობენ, რაც მსხვილ ბრენდებზე მოთხოვნას ზრდის - წერს Euronews Business.
ავტომწარმოებელი Bentley-ის ინფორმაციით, 2023 წელს ავტომობილების გაყიდვები ჩინეთში მას შემდეგ დაეცა, რაც ფუფუნების საგნებზე მოთხოვნა ქვეყნის მასშტაბით 18%-ით შემცირდა. გამოცემის ცნობით, ბრიტანულმა კომპანიამ გასულ წელს 13 560 ავტომობილი გაყიდა, 11%-ით ნაკლები, ვიდრე 2022-ში, რომელიც Bentley-სათვის რეკორდული იყო.
კომპანია აცხადებს, რომ ბაზარზე რთული ვითარება კვლავ გრძელდება, თუმცა კომპანია აზიაში 5%-ით, შუა აღმოსავლეთში, ინდოეთსა და აფრიკაში კი 2%-ით გაიზარდა.
Bentley აცხადებს, რომ მომხმარებლის მხრიდან ინტერესი განსაკუთრებულად გაზრდილია Luxury ავტომობილების პერსონალიზაციაზე - მომხმარებელთა ¾ უპირატესობას უნიკალურ და ძვირად ღირებულ აქსესუარებს ანიჭებს, რომლებიც მათ ავტომობილებს სხვებისაგან გამოარჩევს.
Bentley-ის ყველაზე გაყიდვად ავტომობილად კვლავ SUV Bentayga რჩება, რომელიც კომპანიის გაყიდვებში 44%-იან წილს იკავებს და მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი Luxury SUV-ია.
ავტომობილების განბაჟებით 2023 წელს ბიუჯეტში რეკორდული თანხა 335 მილიონი ლარი შევიდა
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების განბაჟებით ბიუჯეტში რეკორდული თანხა 335 მილიონი ლარი შევიდა.
2022 წელთან შედარებით ავტომობილების განბაჟებიდან სახელმწიფოს მიერ მიღებული საგადასახადო შემოსავალი 112 მილიონი ლარით, ანუ 50%-ით არის გაზრდილი.
განბაჟებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების მატება ავტომობილებით ვაჭრობის სექტორში არსებულ მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის 11 თვეში ავტოექსპორტმა 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც 2022 წელს ის 1 მილიარდზე ნაკლები იყო. საქართველოში შემოსული ავტომობილების ღირებულებამ კი გასული წლის 11 თეში 2.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც მთლიანად 2022 წელს ის 1.7 მილიარდ დოლარს არ აღემატებოდა.
კიდევ ერთი ფაქტორი რამაც ავტოიმპორტი წაახალისა სავარაუდოდ 2013 წლამდე წარმოებულ ავტომობილებზე დაწესებული საიმპორტო შეზღუდვაა, რაც 2024 წლიდან ამოქმედდა.
საქართველოში ავტომობილის განბაჟების განაკვეთი ავტომობილის ძრავის მოცულობაზეა მიბმული, თითოეული კუბური სანტიმეტრი შესაბამის თანხორბივ მაჩვენებელზე მრავლდება. ამასთან ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში განაკვეთი 60%-ით მცირდება. მაგალითად, 1 წლამდე 2,000 კუბური სანტიმეტრის (2 ლიტრი) ავტომობილის განბაჟების სააქციზო განაკვეთია 3,000 ლარი. იგივე ავტომობილი ჰიბრიდის შემთხვევაში 1,200 ლარის სააქციზო განაკვეთით დაბეგვრას ექვემდებარება.