კვირის მთავარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
დრონით აღჭურვილი ელექტრო ავტომობილები პოლიციისთვის - Lucid Air
საუდის არაბეთის პოლიციამ ავტოპარკი ელექტრო Lucid Air-ით განაახლა. პირველი ელექტრო პოლიციის მანქანა გასულ კვირას ერ-რიადში თავდაცვის მსოფლიო გამოფენაზე წარადგინეს. Lucid Air-ის პოლიციის მოდიფიკაცია შავ-თეთრ ფერებშია და სახურავზე დრონის ასაფრენ-დასაფრენი პლატფორმა აქვს დამონტაჟებული. დრონის პლატფორმა ავტომატურად იხსნება, რის შემდეგაც მოწყობილობა მზადაა საფრენად.
მომდევნო 10 წლის განმავლობაში Lucid-ი ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს 100 000 მანქანას მიაწვდის.
ამერიკული კომპანიის და საუდის არაბეთის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებას საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან ელექტრო ავტომობილების მიწოდების თაობაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ Lucid-ის აქციების 62% ეკუთვნის საუდის არაბეთის საჯარო ფონდს (PIF), რომელმაც კომპანიაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ადგილობრივი ხელისუფლება Lucid-ის დახმარებით აპირებს საუდის არაბეთი ელექტრომობილების წარმოების ცენტრად აქციოს და 2023 წლისთვის წარმოების მოცულობა წლიურად ნახევარ მილიონ ერთეულამდე გაზარდოს.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე პერიოდში Lucid Air-ის ოთხი ვერსიაა წარმოებაში. ყველაზე ხელმისაწვდომი არის ერთამძრავიანი Pure ვერსია, 436 ცხენის ძალის ელექტროძრავით უკანა ღერძზე და ბატარეით 88 კილოვატ/სთ სიმძლავრით. მანძილის დიაპაზონი 660 კილომეტრს შეადგენს, მისი ფასი კი $77,4 ათასი დოლარია.
TOYOTA კენტუკის შტატში $1.3 მილიარდის ინვესტიციას ახორციელებს
იაპონური გიგანტი Toyota კენტუკის შტატში 1 მილიარდ 300 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს, რათა ახალი ქარხანა აშენდეს, სადაც Toyota-ს ელექტრომობილების წარმოება იქნება შესაძლებელი.
ზემოხსენებული ინვესტიცია იმ $35-მილიარდიანი პაკეტის ნაწილია, რომელიც Toyota-ს ხელმძღვანელობამ ელექტრომობილების წარმოების ხელშეწყობისთვის მიზნით დაამტკიცა და ის 2030 წლამდე უნდა განხორციელდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად ზუსტად ორჯერ დიდი მოცულობის ინვესტიცია, კერძოდ $70 მილიარდი იყო გათვალისწინებული EV-ების წარმოების განვითარების მიმართულებით, თუმცა შემდეგ გეგმები შეიცვალა და Toyota შედარებით კონსერვატიულ სტრატეგიაზე გადაერთო.
Mercedes-Benz CLE Cabriolet - გაყიდვები აპრილში დაიწყება
Mercedes-Benz - მა მისი ახალი CLE კაბრიოლეტის დეტალები გაასაჯაროვა. ავტომობილი მიმდინარე წლის აპრილში გამოჩნდება. სიახლემ AIRCAP -ის ცხაურა მიიღო, ასევე MBUX -ის მესამე თაობის მულტიმედიის სისტემა. გერმანელი მწარმოებელი ძრავის რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს, Mercedes-Benz CLE Cabriolet 4 ცილინდრიან ბენზინის და დიზელის ძრავებს მიიღებს, ჯერჯერობით 6 ცილინდრიანი 3.0 AMG ვერსიის ძრავა ამ მოდელისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
განახლებული Porsche Taycan - გაუმჯობესებული თითქმის ყველა დისციპლინაში
- 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების დრო 0,6 წამით გაუმჯობესდა და ახლა 2,4 წმ-ს შეადგენს;
- ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 35 პროცენტით გაიზარდა და 678 კილომეტრს შეადგენს;
- „ტაიკანის“ დამუხტვის სიმძლავრე 50 კილოვატით გაიზარდა და ახლა 320 კილოვატამდე აღწევს;
- 10-დან 80 პროცენტამდე დამუხტვას ნებისმიერ „ტაიკანში“ 18 წუთი სჭირდება.
„პორშემ“ „ტაიკანი“ მრავალი მიმართულებით განაახლა და მოდელის ახალ ვერსიებს მეტი სიმძლავრე, ერთი დამუხტვით მეტი მანძილის გავლა, უკეთესი აჩქარება და უფრო სწრაფად დატენის ფუნქცია მისცა. გარდა ამისა, Style Porsche-მ დიზაინი დახვეწა და Turbo-მოდელები ახლა უფრო მძლავრადაა დიფერენცირებული. „ტაიკანის“ ყველა ვერსიას კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერიული კომპლექტაცია აქვს, ასევე Porsche Driver Experience-ის უახლესი თაობა ბევრი მიმართულებით გამოირჩევა გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა და მომსახურების კონცეფციით.
ცვლილება ძარის სამივე ტიპის მქონე „ტაიკანს“ შეეხო - როგორც სპორტულ სედანს, ისე ოფროუდ პაკეტით ხელმისაწვდომ Taycan Cross Turismo-სა და სპორტულ-პრაქტიკულ Taycan Sport Turismo-ს. უკვე ხელმისაწვდომია მოტორიზების 4-4 ვარიანტი - წინა ან სრული ამძრავით. „ტაიკანის“ განახლებულ ვერსიებს კი „პორშეს“ ცენტრებში 2024 წლის გაზაფხულიდან იხილავთ.
ძარისა და მოტორიზების ვარიანტების მიხედვით, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 678 კილომეტრამდეა გაზრდილი (WLTP). ეს 175 კილომეტრითა და 35 პროცენტით მეტს ნიშნავს.
2200 გაყიდული ავტომობილი - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გასულ წელს აჯამებს
საავტომობილო ინდუსტრიისათვის გასული 2023 წელი რამდენიმე მიმართულებით აღმოჩნდა მნიშვნელოვანი: თითქმის სრულად აღმოიფხვრა საწარმოო კომპონენტების დეფიციტი, მოწესრიგდა მიწოდების პროცესიც. ამას დაერთო საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი მსხვილი ბაზრიდან, რუსეთიდან, გასვლისა და ალტერნატიული ბაზრების მოძიების აუცილებლობა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით აფასებენ მსოფლიო ავტომწარმოებლები და დილერები შარშანდელ წელს. მათ შორის არის „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც“, რომელმაც გაყიდვების რაოდენობა, 2022-თან შედარებით, გააორმაგა. გასულ წელს კომპანიამ 2 200 ტოიოტა გაყიდა, მაშინ როდესაც 2022 წელს ეს მონაცემი 1 147 იყო.
კომპანიაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ტენდენციის გათვალისწინებით და მომხმარებლისათვის მეტი კომფორტის შესაქმნელად „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მიდგომებს ახალი მოთხოვნების შესაბამისად ცვლის. მომხმარებელზე მორგებული კონცეპტის ფარგლებში, კომპანია იაპონური ბრენდით დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სერვისსა თუ პროდუქტს ერთი ფანჯრის პრინციპით სთავაზობს. წარმატებით ხორციელდება დიგიტალიზაციის პროცესიც. მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებამ კი, თავის მხრივ, „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ სერვისზე მოთხოვნაც გაზარდა.