კვირის მთავარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
Tesla-მ ათასობით Cybertruck-ი გამოიხმო, მიზეზი - სატერფულის გაუმართაობაა
მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიის, ამერიკული Tesla-ს გარშემო, როგორც ჩანს, პრობლემები ჯერაც არ დასრულებულა. ილონ მასკის კომპანია იძულებული გახდა ათასობით Cybertruck-ი გამოეხმო, რადგან ამ ელექტროპიკაპის სატერფული, როგორც ჩანს, იმდენად გაუმართავია, რომ შესაძლოა, ის აჩქარებისას გაიჭედოს, ანუ ავტომობილმა აჩქარება უდროო დროს და უსასრულოდ დაიწყოს, რითაც ავტომობილის მგზავრები საფრთხეში ჩააგდოს.
როგორც ჩანს, სატერფულის აწყობის პროცესში, ლუბრიკანტად საპონი იყო გამოყენებული, რომლის გამო, სატერფულს გარსი ძვრება, ხოლო თავად სატერფული აჩქარების პოზიციაში იჭედება.
ამ დროისთვის, Tesla-მ 3,878 Cybertruck-ი გამოიხმო, რომლებიც კომპანიამ 2023 წლის ნოემბრისა და 2024 წლის აპრილის შუალედში გამოუშვა. აღნიშნული გაუმართაობის აღმოფხვრაში, ცხადია, მომხმარებლები თანხას არ გადაიხდიან, ხოლო ხარჯების დაფარვა ილონ მასკის კომპანიას მოუწევს. ეს მიღებული პრაქტიკაა, რომელიც, როგორც წესი, ავტომწარმოებელ კომპანიებს საგრძნობლად აზარალებს.
აჩქარების სატერფულის გაუმართაობა ერთადერთი პრობლემა არ არის, რომელიც ამ ავტომობილს ხვდა წილად, რადგან თავად ეს პროექტი, მრავალი წლის განმავლობაში, გაუმართავი იყო და პირველი Cybertruck-ის ხუთი წლის დაგვიანებით გამოშვება - ამის დასტურია.
2024 წელს TESLA-ს აქციების ღირებულება 37%-ით შემცირდა
ელექტრომობილების მწარმოებელ ამერიკულ გიგანტს, Tesla-ს არასახარბიელო ფინანსური შედეგები აქვს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ღირებულება 37%-ითაა შემცირდებული, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 486 მილიარდ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, 2021 წელს Tesla-ს კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 230 მილიარდ დოლარს აღწევდა, ანუ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით კომპანიის საბაზრო შეფასება დაახლოებით 60%-ითაა შემცირებული.
სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებთან შედარებით, ამჟამად Tesla-ს ყველაზე ცუდი შედეგი აქვს, რაც არასახარბიელო ფინანსური შედეგებით, გაჭიანურებული გეგმით, საწარმოო პროცესის გაუმართაობით და იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ელექტრომობილების წარმოება ახლა უკვე სმარტფონების მწარმოებელმა კომპანიებმაც კი დაიწყეს.
დიდი ხანია, რაც Tesla აღარ არის ელექტრომობილების ბაზარზე არსებული ერთადერთი მოთამაშე, უფრო მეტიც, ის საუკეთესოც კი აღარ არის, რადგან ეს სტატუსი ამჟამად Porsche Taycan-ს ეკუთვნის, რომელიც ელექტრომობილების ეტალონად ითვლება.
GranCabrio Folgore - Maserati-ის ყველაზე სწრაფი ელექტრო კაბრიოლეტი
Maserati-მ ახალი GranCabrio Folgore წარადგინა. ეს არის პირველი მთლიანად ელექტრო კაბრიოლეტი ლუქს სეგმენტში და დღემდე ყველაზე სწრაფი ელექტრო მანქანა სახურავის გარეშე. GranCabrio, GranTurismo - ს ძრავს იზიარებს, რომელიც შედგება სამი ელექტროძრავისგან, რომლებიც ჯამში 829 ცხენის ძალას და 1350 ნ/მ ბრუნვას გამოიმუშავებენ. ელემენტის ნომინალური სიმძლავრე კი 92,5 კილოვატ/სთ-ია. 0-დან 100-მდე აჩქარებას კაბრიოლეტისთვის 2.8 წამი სჭირდება, 0-დან 200-მდე კი 9.1-ში ჩქარდება. მაქსიმალური სიჩქარე საათში 290 კილომეტრია.
GranCabrio Folgore-ში ელექტროძრავები ინდივიდუალურად კონტროლდება, რაც საშუალებას გაძლევთ გადახვიდეთ ყველა წამყვანიდან უკანა ამძრავზე და ისევ უკან დაბრუნდეთ. ერთი სრული დამუხტვისას ელექტრომობილის დიაპაზონი 419-დან 447 კილომეტრამდე მერყეობს.
Nissan Qashqai განახლებულია - რა შეიცვალა?
განახლებულმა Nissan Qashqai-მ ერთი შეხედვით უნდა მოგხიბლოს. ასეთი ჩანაფიქრი აქვს იაპონურ ბრენდს, რომელმაც მისი საშუალო ზომის ქროსოვერის განახლებული
ვერსიის შეთავაზება გადაწყვიტა.
Nissan Qashqai-ს ექსტერიერი თითქმის სრულად განახლებულია. მთავარი სავიზიტო ბარათი სავარაუდოდ რადიატორის ცხაურა იქნება, რომელიც იაპონური კულტურის შთაგონებით შეიქმნა, მისი დიზაინი სამურაის ჯავშანს მოგაგონებთ. ასევე შეიცვალა განათების სისტემა და "ქაშქაიმ" მატრიცული ნათება მიიღო. ფარების ფორმა უცვლელია.
სტანდარტული Qashqai დისკები 18 დიუმიანია, თუმცა 19 და 20 დიუმიანიც ხელმისაწვდომია სხვა კომპლექტაციებისთვის. დამატებულია სამი ახალი ფერი ექსტერიერისთვის: მარგალიტის თეთრი, მარგალიტის შავი და ღრმა ოკეანის ლურჯი. ინტერიერში გამოყენებულია Alcantara და სავარძლების მაღალი ხარისხის მასალით არის აწყობილი. განახლებულია მულტიმედია სისტემა, რომელსაც Google-ის სერვისების მხარდაჭერა ექნება.
რაც შეეხება ძრავას. Qashqai-ს ქროსოვერები კვლავ ჰიბრიდულია. საბაზისო ვერსია აღჭურვილია 1.3 ბენზინის ტურბო-ოთხით ძრავით, რომელიც 140 ან 158 ცხ/ძ გამოიმუშავებს. უფრო ძვირად ღირებულ ვარიანტებს e-Power სისტემის მხარდაჭერა აქვს. მასში ამძრავის ფუნქციას ასრულებს 1.5 ტურბო ძრავა (157 ცხ.ძ.) ხოლო ბორბლების ბრუნვაზე პასუხისმგებელია 190 ცხენის ძალის ელექტროძრავა. Qashqai-ს ეს ვერსია კომბინირებულ ციკლში მოიხმარს 5,1-5,3 ლიტრ საწვავს 100 კილომეტრზე.
"მე მესმის ქარიშხალი გვიახლოვდება" - Ram, RHO-ს პრეზენტაციისთვის ემზადება
"მე მესმის ქარიშხალი გვიახლოვდება" - ასე იწყება ამერიკული ავტომწარმოებლის RAM ის ახალი ტიზერი და სრულდება ფრაზით, "შენ არ გინდა ამის გამოტოვება". ვიდეო, სავარაუდოდ უკავშირდება RHO/Ram High Output ვერსიის პრეზენტაციას, რომელიც TRX-ის მემკვიდრე იქნება. ასევე ვიდეოდან ვიგებთ, რომ პრეზენტაცია 25 აპრილს შედგება.
RHO TRX-თან შედარებით, ნაკლებად ძლიერი მოდიფიკაცია უნდა იყოს, თუმცა ის Ram 1500 ხაზის ტოპ ვერსია გახდება. ახალი პროდუქტის ბევრი დეტალი არ არის ცნობილი. ვიცით, რომ ახალი ვერსია მიიღებს 3.0-ლიტრიან 6 ცილინდრიან ძრავს, რომელიც 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 706 ნიუტონმეტრი იქნება. ძრავს 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის მხარდაჭერა ექნება და სისტემა რა თქმა უნდა სრული ამძრავია. Ram 1500 RHO კონკურენციას გაუწევს Ford F-150 Raptor-ს, Toyota Tundra TRD Pro-ს და Chevrolet Silverado ZR2-ს.