მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტოსიახლეები

LAMBORGHINI X SILVER CROSS

კვირის მთავარ ავტოსიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო ავტომობილებს - სტატისტიკა

2024 წლის რვა თვეში საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების 125 ათასი ავტომობილი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით თანხობრივად 11%-ით, რაოდენობრივად კი 20 ათასი ავტომობილით ნაკლებია. ავტომობილების იმპორტის კლების მიუხედავად, 8%-ით გაზრდილია ავტომობილების რეექსპორტი, რამაც იანვარ-აგვისტოში 1.48 მილიარდი დოლარი და 68 ათასი ერთეული ავტომობილი შეადგინა, შესაბამისად იმპორტირებული ავტომობილების 74% საქართველოდან შემდგომ რეექსპორტზე გავიდა.
საქსტატის თანახმად, საქართველო ავტომობილების ყველაზე დიდ ნაწილს აშშ-დან ყიდულობს, 2024 წლის 8 თვეში აშშ-დან იმპორტმა 1.07 მილიარდი დოლარი (89 ათასი ავტომობილი) შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით ნაკლებია, ამასთან აშშ-დან იმპორტირებული ერთი ავტომობილის საშუალო ფასი წელს 12 ათას დოლარს შეადგენდა. 51%-ით გაიზარდა გერმანიიდან იმპორტირებული ავტომობილების ღირებულება და მან 336 მილიონი დოლარი შეადგინა, სულ გერმანიიდან იმპორტირებულია 6 ათასამდე ავტომობილი, ხოლო მათი საშუალო ფასი განსაკუთრებით მაღალია და საშუალოდ 57 ათას დოლარს შეადგენდა. შედარებისთვის, გასული წლის იანვარ-აგვისოში საქართველომ გერმანიიდან 221 მილიონი დოლარის ღირებულების 9 ათასი ავტომობილი შეიძინა, საშუალო ფასი კი 25 ათასი დოლარი იყო.
შესაბამისად, წელს სავარაუდოდ გაზრდილია გერმანიიდან ახალი ავტომობილების იმპორტი, რაც უმეტესწილად არა საქართველოს შიდა მოხმარებისთვის, არამედ შუა აზიაში ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი. იმპორტში მესამე პოზიციაზეა იაპონია, საიდანაც საქართველომ 315 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები შეიძინა, წინა წელთან შედარებით იაპონიიდან იმპორტი (ღირებულების მიხედვით) 15%-ით არის შემცირებული, თუმცა გაზრდილია შესყიდული ავტომობილების რაოდენობა, რამაც იანვარ-აგვისტოში 19.6 ათასი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 3.5 ათასით მეტია. წელს იაპონიიდან იმპორტირებული ავტომობილის საშუალო ფასი 16 ათას დოლარს შეადგენს, რაც გასულ წელს 23 ათას დოლარს შეადგენდა.

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი 111%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა - აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სულ $27 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 111%-ით მეტია. აღნიშნული მატებით, ჩინეთმა საქართველოს 2-მილიარდიან ავტოიმპორტის სექტორში მეექვსე ადგილი დაიკავა. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ჩინეთს საქართველოს ავტოიმპორტის რეიტინგში მე-11 ადგილი ეკავა.
საქსტატის თანახმად, პერიოდის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში სულ 1,797 ერთეული ავტომობილი შემოვიდა, რომელთა საშუალო ფასმაც 15.4 ათასი დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის თანახმად, ჩინეთიდან იმპორტირებული ავტომობილებიდან 568 ელექტრომობილი იყო, რომელთა ღირებულებამაც 14.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით, ჩინეთი საქართველოში ელექტრომობილების იმპორტის მეორე მოთამაშეა აშშ-ის შემდეგ, საიდანაც 2024 წლის იანვარ-აგვისტოში 1,429 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა.
ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ჩინეთთან ავტო-ვაჭრობის კავშირების დაახლოების მიზნით ქუთაისში ავტობაზრობის შექმნაც განიხილება, რის შესახებაც საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა 2024 წლის მაისში განაცხადა.
„ბევრი ჩინური კომპანიაა საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესებული. იგეგმება, რომ საქართველოში ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების ბაზრობა მოეწყოს. შეიძლება, ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. ჩინური კომპანიების კიდევ მრავალი ინვესტიცია და გეგმა არსებობს,"- განაცხადა ელჩმა.

General Motors-მა ამერიკული სანქციების გვერდის ავლის გზა იპოვა

Bloomberg-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ამერიკული ავტომწარმოებელი აპირებს ჩინურ CATL ბატარეებზე წარმოების გადაწყობას, მაგრამ GM ბატარეებს არ შეიძენს პირდაპირ ჩინეთიდან, ამას კომპანია იაპონური შუამავლის TDK-ს საშუალებითა გააკეთებს, ეს ჯაჭვი კი General Motors-ს საშუალებას მისცემს არ მოხვდეს ამერიკელი კანონმდებლების და ბაიდენის ადმინისტრაციის ყურადღების ქვეშ და გვერდი აუაროს შესაძლო სანქციებს. აშშ-ის ხელისუფლება ელექტრომობილების ბატარეებს სტრატეგიულ ტექნოლოგიად მიიჩნევს და ამ მიმართულებით ჩინეთთან თანამშრომლობას ეწინააღმდეგება. TDK-თან გარიგება კი ოფიციალურად გვერდს უვლის შეზღუდვებს და ერთგვარ უხერხულობას, რადგან იაპონური კომპანია შეიძენს ლიცენზიას CATL ტექნოლოგიაზე და შესაბამისად გაივლის ინსპექტირებას მარეგულირებელი ორგანოების მიერ.
Bloomberg-ის წყაროები ამბობენ, რომ General Motors-ს TDK-თან გარიგების დადების სხვა მიზეზებიც აქვს. ერთ-ერთი მიზეზი ხელშეკრულების პირობებია, რომელიც ელემენტებზე ფიქსირებულ ფასს გულისხმობს, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. ეს მიდგომა დაიცავს ავტო გიგანტს ელემენტების ფასების მკვეთრი რყევებისგან, რაც საკმაოდ ხელის შემშლელი ფაქტორია გრძელვადიანი დაგეგმვის დროს. ასევე, General Motors-ს არ მოუწევს ბატარეების წარმოებაში დიდი ინვესტიციის ჩადება ელექტრომობილებზე მოთხოვნის შემცირებისა და პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე.

ევროკავშირის ავტომობილების ბაზარი ბოლო 3 წლის მინიმუმზეა

ევროკავშირის ავტომობილების ბაზარი ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
Reuters-ის ინფორმაციით, ყველაზე მსხვილ ბაზრებზე, გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის გამო ახალი მანქანების გაყიდვები აგვისტოში ჯამურად 18,3 პროცენტით შემცირდა.
კლება ყველაზე დრამატულია ელექტრომობილების ბაზარზე, სადაც გაყიდვები 44 %-ითაა შემცირებული. ელექტრომობილებზე მოთხოვნის ყველაზე მკვეთრი კლება აგვისტოში გერმანიაში დაფიქსირდა - 68,8%.
ევროპის უმსხვილესი მწარმოებლები მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან. აგვისტოში Volkswagen-ის მანქანებზე მოთხოვნა 14,8 პროცენტით ნაკლები იყო 2023 წლის იმავე თვესთან შედარებით. Stellantis-მა დაკარგა მომხმარებლების 29,5%, Renault - 13,9%.
ელექტრომობილებზე მოთხოვნის შემცირება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის ერთ-ერთია გერმანიაში სუბსიდიების მოხსნა. კიდევ ერთი ფაქტორი მაღალი საგადასახადო წნეხია ჩინეთში წარმოებულ დაბალფასიან ავტომობილებზე.

Lamborghini საბავშვო ეტლს გამოუშვებს

ძვირადღირებული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანია, Lamborghini საბავშვო ეტლს, Reef AL Arancio-ს გამოუშვებს. ინფორმაციას Creapills ავრცელებს.
საბავშვო ეტლის დიზაინი Lamborghini-ის ავტომობილების, კერძოდ, Huracán STO-ის ან Urus Performante-ის მოდელებით იქნება შთაგონებული. კომპანია მას ბავშვთა მოვლის ბრენდ Silver Cross-თან თანამშრომლობით გამოუშვებს.
ეტლის შეძენა 2025 წლის იანვრიდან გახდება შესაძლებელი, თუმცა რაოდენობა შეზღუდული იქნება და მხოლოდ 500 ეგზემპლარს შეადგენს.
გამოცემა წერს, რომ ამ გზით ბრენდი თავისი გავლენის გაფართოებას საკუთარი იმიჯის იმ პროდუქტებთან ასოცირებით გეგმავს, რომელიც ლოიალურ და ექსკლუზიური პროდუქტის მიმღებ აუდიტორიაზე არის ორიენტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები