მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP -10 ეკონომიკური მოვლენა (01-06.06.2020)

5edd141104cf9
ირაკლი მაკალათია
07.06.20 19:59
1658
გთავაზობთ მიმდინარე კვირის  TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას

1. მთავრობამ საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი დაამტკიცა - ასევე გაფართოვდა პროგრამა "აწარმოე საქართველოში"
1. იპოთეკური სესხების სუბსიდირება და უძრავი ქონების ბაზარი პანდემიის პირობებში;
2. 5 ბიზნეს ასოციაციის მიმართვა მთავრობას;
3. 200 ლარიანი და 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა სტატისტიკა;
4. როდის ჩატარდება ანაკლიის პორტის ტენდერი? 
5. მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები და საპენსიო სააგენტოს ინვესტიციები სადეპოზიტო სერატიფიკატებში;
6. საკარანტინო ზონაში შემავალ 84 სასტუმროზე დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს; 
7. მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6,5% შეადგინა;
8. მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემა და მთავრობის ინიციატივა; 
9. საქართველოს რკინიგზამ 2019 წელი ზარალით დაასრულა;

1. 300-მილიონიანი საკრედიტო საგარანტიო სისტემის დამტკიცება და პროგრამის "აწარმოე საქართველოში" გაფართოება:

გასული კვირის ბოლოს საქართველოს მთავრობამ  საკრედიტო-საგარანტიო პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ეს თანხა კერძო სექტორისთვის გადაუდებელი დაფინანსების გამოყოფას ისახავს მიზნად. მთავრობის პროგნოზით, სესხების გარანტირების მეშვეობით 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გაცემა მოხდება. პროგრამას ადმინისტრირებას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ი “აწარმოე საქართველოში” გაუწევს.

საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომელშიც განსაზღვრულია ის პირობები, რომელთა შედეგადაც თანხების ალოკაცია მოხდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბენეფიციარს დაფინანსების მიღება შეეძლება როგორც ახალი სესხების აღებისთვის, ასევე სესხების რესტრუქტურიზებისთვის. პროექტში ჩაერთვებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, რომელთათვისაც 30 მილიონი ლარი არის გამოყოფილი.

ასევე ცვლილებები შევიდა პროგრამა "აწარმოე საქართველოში", მისი ბიუჯეტი, ასევე სექტორული დაფარვა და თანადაფინანსების კოეფიციენტი გაიზარდა. 

2. იპოთეკური სესხების სუბსიდირება და უძრავი ქონების ბაზარი პანდემიის პირობებში 

უძრავი ქონების მხარდასაჭერად მთავრობა შეიმუშავა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა, რომელიც 5 წელი გაგრძელდება და მოიცავს 4 პროცენტული პუნქტის სუბსიდირებას. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია. (ვრცლად სუბსიდირების პროგრამის შესახებ https://bit.ly/2XCDEtA)

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით ერთ ადამიანს ერთზე მეტი "სუბსიდირებული იპოთეკური სესხის" აღების უფლება ექნება, თუმცა ამ სესხების ჯამური მოცულობა 200,000 ლარს არ უნდა აჭარბებდეს.

რაც შეეხება უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობის შესახებ კვლევებს. ,,არეა ჯგუფის“ მიერ მომზადებულ უძრავი ქონების მომხმარებელთა მოლოდინებისა და ქცევის შესახებ კვლევაში წერია, რომ Covid 19-ის შედეგად, უძრავი ქონების შეძენა მომხმარებელთა 25%-მა გადაიფიქრა, ხოლო საცხოვრებელი ფართის შეძენაზე ფიქრი 9%-მა დაიწყო. კითხვაზე, აპირებთ თუ არა უძრავი ქონების შეძენას 2020 წლის განმავლობაში დადებითი პასუხი გასცა 75 % -მა, ხოლო უარყოფითი - 25 % -მა (https://bit.ly/2Yc4tnc)

“თიბისი კაპიტალის” კვლევის მიხედვით თიბისი ბანკის მიერ გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა 2020 წლის 31 მაისის კვირაში წლიურ ჭრილში 73%-ით იყო შემცირებული. ამასთან, მაისში თებერვალთან შედარებით თბილისში უძრავი ქონების ფასი აშშ დოლარში 4%-ით შემცირდა, ამავე პერიოდში ქირავნობის საშუალო ფასი 12%-ით შემცირდა.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/37ai5n3; https://bit.ly/3dGSip5.

3. 5 ბიზნეს ასოციაციის მიმართვა მთავრობას 

ხუთი ბიზნეს ასოციაცია: ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და გადასახადის გადამხდელთა კავშირი საქართველოს მთავრობის მისამართით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. 

სადაც აღნიშნავენ, რომ მათ არ მიუღიათ მთავრობისგან გამოხმაურება რიგ შეთავაზებებზე და ისინი საფრთხეს ხედავენ, რომ მთავრობა მზარდი ეკონომიკური კრიზისის გამოწვევასთან მარტო რჩება. ბიზნეს ასოციაციები 4 ძირითად პუნქტის მიმართ იჩენენ ინტერესს და მთავრობისაგან 1,5 მლრდ აშშ დოლარის დახმარების განაწილებისა და ხარჯვითი ნაწილის გამჭირვალეობაზე ანგარიშის მომზადებას ითხოვენ. 
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატია: https://bit.ly/3dAINrz 

4. 200 ლარიანი და 300 ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა სტატისტიკა


ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით 5 ივნისის მიხედვით, 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციის მისაღებად სახელმწიფოს 120 240-მა თვითდასაქმებულმა მიმართა. "საქსტატის" მიხედვით, საქართველოში დაახლოებით 840 ათასი თვითდასაქმებულია. პროგრამის ბიუჯეტი 75 მილიონი ლარია, ხოლო პროგრამა 1 ივლისამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება 200-ლარიანი კომპენსაციას, 22 851 დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი 91 810 განაცხადია დაკმაყოფილებული, კომპენსაციის გაცემის პროცედურა კი მონაცემების დამუშავებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში მოხდება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. მან დაამზადა ყალბი სამსახურებრივი ცნობები 11 პირის სახელზე, რომელთა მიხედვითაც, მოქალაქეები თითქოსდა წარმოადგენდნენ ბრალდებულის კომპანიის მიერ დაქირავებულ თანამშრომლებს და 2020 წლის 21 მარტიდან COVID 19-ის გამო იმყოფებოდნენ უხელფასო შვებულებაში.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2zeYhCK; https://bit.ly/377XRdF; https://bit.ly/2AI69x1.

5. როდის ჩატარდება ანაკლიის პორტის ტენდერი?

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით ანაკლიის პორტი მთავრობისთვის კვლავ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია და კვლავ განაახლებენ მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მინისტრის განცხადებით ყველაზე კარგი დრო მომავალი წლის დასაწყისია და სწორედ ამ პერიოდში იგეგმება ტენდერის ჩატარება. ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი Forbes Talk-ში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა - იმისათვის, რომ ანაკლიის პორტის კომპლექსმა დაფინანსება მიიღოს კომერციული სიცოცხლისუნარიანობის დასაბუთება არის აუცილებელი და ეს აუცილებლობას წარმოადგენს ნებისმიერი პროექტის განვითარებაში, ასევე აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის კომერციული სიცოცხლისუნარიანობა ვერ ან არ დასაბუთდა
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2Uj39hj; https://bit.ly/2My6m8D; https://bit.ly/3h20nXC.

6. მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები და საპენსიო სააგენტოს ინვესტიციები სადეპოზიტო სერატიფიკატებში განთავსდა

სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით მოქალაქეთა ანგარიშებზე დარიცხულმა სარგებელმა 50 მილიონ ლარამდე შეადგინა. 5 ივნისის მონაცემებით ჯამში საპენსიო ფონდის მოცულობამ 786 მილიონი ლარი შეადგინა. სახელმწიფო საპენსიო სააგენტომ კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში ინვესტიციები 651 მლნ ლარამდე გაზარდა, რომლის წლიური განაკვეთიც 12.24%-ია. ბოლო მონაცემებით, პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობამ 1 003 162 ადამიანი შეადგინა, ხოლო საპენსიო სისტემა საკუთარი განცხადების საფუძველზე 165 713-მა ადამიანმა დატოვა.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2AnrxRc; https://bit.ly/2MAzig7.

7. საკარანტინო ზონაში შემავალ 84 სასტუმროზე დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს

მთავრობის ანგარიშის მიხედვით საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32,5 მლნ ლარი შეადგინა, საკარანტინო ზონაში მოიცავდა 84 სასტუმროს, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს და სადაც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა გაიარა.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატია: https://bit.ly/3cJkMNI

8. მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6,5% შეადგინა

2020 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5% შეადგინა. ყველაზე მაღალი ინფლაციის დონე დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში და 14,7% შეადგინა, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.58%-ული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (47.1%), რძე, ყველი და კვერცხი (24.6%), თევზეული (17.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (13.9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.5%), ზეთი და ცხიმი (13.1%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.5%), პური და პურპროდუქტები (9.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7%).

დეფლაცია დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: ტრანსპორტი (-4,6%); დასვენება, გართობა და კულტურა (-1,7%) და ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-1,4%).

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატია: https://bit.ly/2YcAKus

9. მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემა და მთავრობის ინიციატივა

საერთაშორისო ფონდ კურაციოს ანგარიშის მიხედვით, ევროპის რეგიონში საქართველო ლიდერობს ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მედიკამენტებზე გაწეული ხარჯებით, რაც 35,7%-ს უტოლდება. თავად ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები მთლიანი ხარჯების 8,1%-ს უტოლდება. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ბევრჯერ დაანონსდა მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ფასების რეგულირების მოთხოვნები. აკაკი ზოიძის განცხადებით ბაზარზე მედიკამენტების ხელმისაწვომობა უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს მხრიდან სასიცოცლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებზე სუბსიდირების მექანიზმის ამოქმედებით, ხოლო მედიკამენტების ფასების რეგულირებაში, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების ტოტალური კონტროლი არ იგულისხმება, რადგან ეს დეფიციტს გააჩენს და შავ ბაზარსაც გაააქტიურებს. მისი თქმით, ერთ-ერთი გზა რომელსაც შეუძლია ბაზარზე წამლები გააიაფოს, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2YcdgFJ; https://bit.ly/2zbiWHH.

10. საქართველოს რკინიგზამ 2019 წელი ზარალით დაასრულა

KPMG-ის მიერ მომზადებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით,"საქართველოს რკინიგზამ’’ 2019 წელი 5.6 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. რკინიგზის აქტივების ჯამური ღირებულება 2.3 მილიარდ ლარს შეადგენს. ხოლო რკინიგზის შემოსავლების ძირითადი წილი (76%) სატვირთო გადაზიდვებზე მოდის.

ვრცლად წლების მიხედვით საქართველოს რკინიგზის მოგება-ზარალის შესახებ იხილეთ სტატიაში:
https://bit.ly/2A9U0kq

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები