მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის ტოპ 10 ეკონომიკური მოვლენა

5ded4026cd28b
ირაკლი მაკალათია
08.12.19 21:53
4160
გთავაზობთ განვილი კვირის (02.12.2019 - 07.12.2019) ათ უმთავრეს ეკონომიკურ მოვლენას:

1. "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს"

ამოქმედდა ეკონომიკის სამინისტროს პროექტი ,,100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს’’, რომლის ფარგლებშიც საპრივატიზაციოდ გამოიტანეს 100-ზე მეტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომლებიც წარმოდგენილნი არიან თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ჯამში 150 მილიონის ღირებულების სახელმწიფო ქონებაა გატანილი საპრივატიზაციოდ და მათი პრივატიზაციის შემდეგ, ჯამში, 2 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
 
ამ ეტაპზე გაიყიდა 6 ობიექტი, საიდანაც 8 მლნ ლარზე მეტი შემოვიდა. გაყიდული ობიექტებია: 2 დეველოპერული; 1 სასტუმრო კოპლექსი; 3 სამრეწველო / სასაწყობე ობიექტი.

ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში კიდევ 15 ობიექტის გაყიდვას გეგმავს. დარჩენილი ობიექტებია: 11 დეველოპერული პროექტი; 73 სამრეწველო/სასაწყობე ობიექტი; 5 სამედიცინო/სასწავლო დაწესებულება; 1 სპორტული ინფრასტრუქტურა; 26 სასტუმრო; 5 სატბორე მეურნეობა.

მიუხედავად აღნიშნული საპრივატიზაციო ნუსხისა, ეს ზღვაში წვეთია იმ რეალურ ქონებასთან შედარებით რასაც რეალურად სახელმწიფო ფლობს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები; წიაღის უდიდესი რესურსი; ტყის ფონდი; შენობა-ნაგებობები; სახელმწიფო კომპანიები. ეს უდიდესი ქონება ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია დაკონსერვებული, არ ხდება მათი ჩართვა ეკონომიკაში და შესაბამისად, მათი ღირებულება 0-ია. არც კერძო სექტორს აძლევს ამ აქტივების გამოყენების შესაძლებლობას და არც თავად იყენებს, ხოლო რასაც იყენებს (მაგ; სახელმწიფო კომპანიები) ყოველ წელს ზარალით ასრულებს და ბიუჯეტიდან, ანუ გადასახადის გადამხდელების ფულით ფინანსდება

2. სახელმწიფო საწარმოების დაყოფა 2 კატეგორიად



ფინანსთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო საწარმოების ორ კატეგორიად დაყოფაზე. პირველ კატეგორიაში გაერთიანდებიან მოგებიანი საწარმოები, ხოლო მეორე კატეგორიაში წამგებიანი საწარმოები, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამ საწარმოების საბიუჯეტო ოპერაციები შემდგომში აისახება, როგორც მთავრობის ვალი.

საინტერესოა რა ეკონომიკურ შედეგებზე აქვს გათვლა ფინანსთა სამინისტროს, რა ეკონომიკურ ეფექტს უნდა ველოდოთ საწარმოთა კლასიფიკაციის შემდეგ, თუ ეს მხოლოდ IMF-ის მორიგი რეკომენდაციის შესრულება და ზარალიან საწარმოთა ოპერაციების სახელმწიფოს ვალის სახით აღირიცხვა იქნება. სხვა შემთხვევაში, წამგებიანი კომპანიები კვლავ იარსებებენ და კვლავ ბიუჯეტის ხარჯზე. მაშინ როცა ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს 100-ზე მეტი სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, მის ბალანსზე კვლავ რჩება წამგებიანი სახელმწიფო ობიექტები, რომლის შენახვა გადასახადის გადამხდელებს უწევთ. რეალურად ვიღებთ ასეთ სურათს, რომ კერძო ბიზნესი ბიუჯეტში შენატანი მისივე ფულით აფინანსებს მისსავე კონკურენტ სახელმწიფო საწარმოებს. თუ თქვენი კერძო კომპანია ფინანსურ ზარალზე გადის და გაკოტრდით თქვენ ეთიშებით ბაზარს, ამიტომ ცდილობთ თქვენი კომპანია ეფექტიანად ამუშაოთ და მისგან მოგება მიიღოთ, რაც არ ხდება სახელმწიფო კომპანიების შემთხვევაში. სახელმწიფო საწარმოები იმყოფებიან მონოპოლიურ მდგომარეობაში, წაგების ან მოგების ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მაინც მიიღებენ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხებს, ამ პირობებში კომპანიების ხელმძღვანელების არანაირ მოტივაციას არ წარმოადგენს მისი კომპანიის მოგებაში გაყვანა, შესაბამისად ასეთი მოცემულობა მოტივაციას აჩენს კომპანიაში დასაქმდნენ არაკვალიფიციური ადამიანები პარტიული ნიშნით და პროტექციონიზმით, ხოლო კომპანიამ იმუშაოს კერძო ინტერესებიდან გამომდინარე.
ვრცლად ამ თემაზე - სტატია.

3. ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის პროექტი



ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებ სკანდალები და პოლიტიკური პროცესები არ სრულდებდა, ღრმა წყლოვანი პორტი, რომლის აშენების შემთხვევაშიც შეეძლო ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა და ახალი სამუშაო ადგილები შეექმნა, დიდი ხანია ეკონომიკური განხილვის საგანს გასცდა და პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა. შედეგად ყოველ კვირას ახალი, მაგრამ არასასიამოვნო ინფორმაციები ვრცელდება პორტთან დაკავშირებით. პორტს სჭირდება მოწესრიგებული კომუნიკაციები: გზა და რკინიგზა. ანაკლიის პორტთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობა, რომლის ღირებულება დაახლოებით 330 მილიონი ლარია, ჩიხში შედის. აღნიშნული პროექტი წარდგენილი იყო 2019 წლის 2 ოქტომბერს, რომელიც შენიშვნების გასათვალისწინებლად უკან დაუბრუნდა კონტრაქტორს, საბოლოო პროექტის წარმოდგენის ვადა 25 დეკემბერია.
ბევრი დაიწერა და უფრო მეტი ითქვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობიდან მიღებულ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, ამიტომ ბევრს არ განვიხილავთ. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ამ პროექტს საქართველოსთვის დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
ვრცლად ამ თემაზე - სტატია.

4. მთავრობის სამივლინებო ხარჯებისა და დანამატების ზრდა



თუ გეტყვით რომ მთავრობა ხელფასებში, დანამატებში და მივლინებებში ძალიან ბევრს ხარჯავს ამით ვერ გაგაოცებთ. რაც შეეხება კვირის მნიშვნელოვან თემას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით: 2019 წლის 9 თვეში მთავრობის წარმომადგენლებმა 163 მილიონამდე ლარის დანამატი გამოიწერეს, რაც 13%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ხოლო ადგილობრივ თუ საერთაშორისო მივლინებებზე 62.3 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 6.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც მეტია მთავრობის ზომა მით მეტია მისი ბიუჯეტი, ხოლო დიდი ბიუჯეტის პირობებში იზრდება სამთავრობო ხარჯები და ხშირ შემთხვევაში ასეთი ხარჯები არის არამიზნობრივი. ამიტომაც აუცილებელია მთავრობის ზომის შემცირება, რაც უნდა გამოიხატებოდეს არა შემცირებულ სამინისტროების რაოდენობაში, რომლებიც ჩვენს შემთხვევაში ხელოვნურად მიიღეს სამინისტროების გაერთიანებებით, არამედ სამთავრობო ხარჯების კლებაში. ბიუჯეტის დაგეგმვისას ნაკლები ფული უნდა დარჩეს სამთავრობო სექტორს, ხოლო მეტი ფული კერძო სექტორს, რაც გამოიწვევს ბიზნესის განვითარებას, წარმოების ზრდას და მეტ სამუშაო ადგილს ქვეყანაში.
ვრცლად ამ თემაზე - სტატიები.

5. მთავრობის ვალის ზრდა



ბიუჯეტის პროექტის წინა წარდგენასთან შედარებით, 2020 წელს 1 350.0 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც 30 მილიონი ლარით მეტია წინა პროექტთან შედარებით. სახელმწიფო ვალის მოცულობა 2020 წლის ბოლოსათვის, 23 434.9 მლნ–ს შეადგენს, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 17 968.1 მლნ ლარს, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5 466.9 მლნ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო ვალის დაკორექტირება და ზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო მოხდა. ცხადია, სახელმწიფო ვალი გარდა ვალდებულებებისა, კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება ბიუჯეტს, სწორედ ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ზრდის გამო.
ვრცლად ამ თემაზე - სტატია.

6. საყოველთაო ჯანდაცვა და საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილება


აქტუალობას არ კარგავს საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილება გულისხმობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას, კონკრეტულად კი ეს ეხებათ კარდიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის დარგებს რომელთაც ერთიანი ტარიფი დაუდგინდათ. ცხადია დარგის სპეციალისტებში უკმაყოფილება და დიდი კრიტიკა გამოიწვია, ის რომ ამ მიმართულებით დაბალ ფასიანი პროდუქცია ფიზიკურად არ შემოდის, სახელმწიფოს მიერ ხელოვნურად დაბალი ტარიფის დაწესება აღნიშნულ დარგებს უბრალოდ გაანადგურებს, რაც ერთის მხრივ ჯანდაცვის სფეროს დააზარალებს, ხოლო მეორე მხრივ პაციენტების მომსახურებაზე იმოქმედებს უარყოფითად. სახელმწიფო ხაზინის ოპერატიული მონაცემების მიხედვით, 2 დეკემბრის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი11 მილიონი ლარით არის გაზრდილი და შეადგენს 765 მილიონ ლარს. ამ ვითარებაში კი ,,საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკების ზარალი 3.2 მლნ ლარია.

ვრცლად ამ თემაზე - სტატია

7. ტურისტული ნაკადის სარეკორდო მაჩვენებელი და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდა



2019 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 670,122 საერთაშორისო მოგზაურთა შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12,0%-ით აღემატება. ხოლო მიმდინარე წლის 11 თვეში სარეკორდო მაჩვენებელი 8,7 მლნ მოგზაური დაფიქსირდა (7.2%-ით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით). მიუხედავად ზაფხულის პეროდში რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა შემცირებისა, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 4,9%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, 2019 წლის იანვარი-ოქტომბერში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $2.8 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო, რაც 0.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ წრეებში მცდელობა იყო ივლისის მოვლენების შემდეგ ტურიზმის სფეროში პრობლემები დაეხატათ და ამ მოვლენაზე დაეკავშირებინათ თუნდაც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურება, მომდევნო პერიოდის სტატისტიკებმა აჩვენა, რომ მათ მიერ დახატული ,,შავი სურათი’’ რეალობას არ წარმოადგენს და ტურიზმის სფეროშიც გვაქვს ზრდა. ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ დარგს წარმოადგენს, რომელიც განაპირობებს უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში, ტურისტული სერვისების განვითარებასა და ქვეყნის იმიჯის ზრდას უცხოეთში.

ვრცლად ამ თემაზე - სტატია.

8. მაღალმთიან რეგიონებში მეწარმე სუბიექტებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესება



საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება ექნება, მის მიერ წარმოებული და გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს არა მხოლოდ მაღალმთიანი დასახლების, არამედ ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე, ასევე გაიტანოს ექსპორტზე და ეს არ გამოიწვევს მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტას.

მაღალმთიან დასახლებაში საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება: ,,მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის’’ მქონე მეწარმის მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობით მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა), ხოლო ახალი საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ეს შეღავათი არ გავრცელდება მხოლოდ მაღალმთიანი დასახლებისთვის.

ასევე; ბ) საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. გ) საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი), აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე დ) მიწის გადასახადისაგან თავისუფლდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.

ცხადია მსგავსი ეკონომიკური შეღავათები დადებითად უნდა შევაფასოთ. თუმცა, მაღალმთიან დასახლებებში ცუდ მდგომარეობაში არსებული კომუნიკაციები, შეზღუდული სამომხმარებლო ბაზარი, რაც გამოიხატება შემცირებულ მოსახლეობაში (შემცირებული მყიდველები) და სიღარიბეში, რაც მოსახლეობის დაბალმყიდველუნარიანობას ნიშნავს, ეს ყოველივე მიუხედავად საგადასახადო შეღავათებისა, ვერ ქმნის მიმზიდველ ბიზნეს გარემოს მეწარმეებისათვის. რაც შეეხება ბოლო საკანონმდებლო ცვლილებას და მეწარმეებისათვის საგადასახადო შეღავეთებს, ეს სჯობს წინა ვერსიას თუმცა ის მცირე დაუბეგრავი საშემოსავლო შეღავათი რაც დაწესებულია, დიდ ეკონომიკურ პროცესებზე ნამდვილად არ მიუთითებს.

ვრცლად ამ თემაზე - სტატია.

9. გაზრდილი ინფლაცია



ბოლო წლების განმავლობაში 2019 წლის ნოემბრის თვეში ინფლაცის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 7,0% შეადგინა. ბოლოს ასეთი ზრდა 2017 წლის ივნისში 7,1% დაფიქსირდა. ფასების განსაკუთრებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (15.4%); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (13,4%); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (7,4%); დასვენება, გართობა და კულტურა (7.0%).

ვრცლად ამ თემაზე სტატია.

10. ლარის კურსი



ლარის კურსი ბოლო წლებია ადამიანების ლამის ყოველდღიურ განხილვის საგნად იქცა, მცირე ეკონომიკისა და იმპორტზე მაღალი დამოკიდებულების ფონზე ლარის დევალვაცია მნიშვნელოვნად აისახება სამომხმარებლო ბაზარზე. მზარდი ტენდეციის ფონზე, ბოლო დღეს მცირედით, მაგრამ დაფიქსირდა ლარის კურსის გამყარება ევროსა და აშშ დოლარის მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები