მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

629c6fba409ff
ირაკლი მაკალათია
05.06.22 13:02
1680
გთავაზობთ გასული კვირის (30 მაისი – 4 ივნისი, 2022) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას.

1. აპრილში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა
2. მაისში წლიური ინფლაციის დონემ 13.3% შეადგინა
3. 1 ივლისიდან თბილისში ბიზნესისთვის გაზის ტარიფი იზრდება
4. რა მდგომარეობაა ბორჯომის ქარხანაში
5. როგორი არის ბარელი ნავთობის ღირებულებ მსოფლიო ბაზარზე და რა გადაწყვეტილება მიიღეს OPEC-ის წევრმა ქვეყნებმა
6. რამდენი სამუშაო ადგილი შექმნა ბიზნესსექტორმა 2022 წლის პირველ კვარტალში
7. რა დაუჯდა საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო დავები
8. დასაქმებულთა რამდენ პროცენტს აქვს 6,000 ლარზე მაღალი ხელფასი საქართველოში
9. ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო მსოფლიოს ლიდერი ქვეყანაა
10. მთავრობამ წელს ბიზნესს 103 მლნ ლარის გადასახადები ჩამოაწერა.

1. აპრილში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ეკონომიკური ზრდა 10.8% იყო. ეკონომიკური ზრდის შენელება კი საბაზო ეფექტით არის განპირობებული. რაც შეეხება პროგნოზებს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2.5%-მდე ამცირებს, ხოლო მსოფლიო ბანკი კი თავის პროგნოზს 5.5%-მდე ზრდის, რაც ომამდე გაკეთებულ პროგნოზის დონეს უთანაბრდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3GOHchl ; https://bit.ly/3NppKCC ;

2. მაისში წლიური ინფლაციის დონემ 13.3% შეადგინა

2022 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 13.3% შეადგინა. ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა შემდეგ სამომხმარებლო ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (22,0%); ტრანსპორტი (20.0%) და საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (16,1%). სურსათის ჯგუფში ფასების მატება 6.88%-ული პუნქტით აისახა მთლიან ინფლაციაზე, ხოლო ტრანსპორტის ჯგუფში ფასების მატება 2.42%-ული პუნქტით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მაისამდე ყოველთვე ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებლები ფიქსირდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3assAIc ; https://bit.ly/3GMNxtp 

3. 1-ელი ივლისიდან თბილისში ბიზნესისთვის გაზის ტარიფი იზრდება

მსოფლიო ბაზარზე ბუნებრივი გაზის ფასის მკვეთრი ზრდის გამო, 2022 წლის 1-ლი ივლისიდან "თბილისი ენერჯი" არასაყოფაცხოვრებო 20,000 აბონენტს გაზის ტარიფს ერთ კუბურ მეტრზე 1.10 ლარიდან 1.35 ლარამდე გაუზრდის. 1 ივლისიდან გაზის ტარიფის ზრდა ასევე დაანონსეს "სოკარ ჯორჯია გაზმა“ და "საქორგგაზმა" (1.15 ლარიდან 1.38 ლარამდე). ბუნებრივი გაზის ფასის გაძვირება არ ეხებათ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Mpbkkh ; https://bit.ly/3GOmwpA ; https://bit.ly/3Q3Woeq 

4. რა მდგომარეობაა „ბორჯომის“ ქარხანაში

„ბორჯომის“ ქარხანასთან დასაქმებულები გაფიცვას აგრძელებენ; დასაქმებულების უფლებების დამცველის გიორგი დიასამიძის განცხადებით, ,,კომპანიის ადმინისტრაცია გაფიცვის პარალელურად ქარხნების ამუშავების იმიტირებას ცდილობს, თუმცა ადმინისტრაცია ამ ჩიხიდან ვერ გამოვა.’’ გაფიცული თანამშრომლები 50 უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებას, ძველ სახელშეკრულებო პირობებზე დაბრუნებას და 1 წლამდე ვადით გაფორმებული ხელშეკრულებების უვადო ხელშეკრულებებით შეცვლას ითხოვენ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3mhl8T0 ; https://bit.ly/3MiaE0b 

5. როგორი არის ბარელი ნავთობის ღირებულება მსოფლიო ბაზარზე და რა გადაწყვეტილება მიიღეს OPEC-ის წევრმა ქვეყნებმა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ბარელი Brent-ის ღირებულება 120-დოლარამდე გაიზარდა, OPEC-ის წევრი ქვეყნები ნავთობის ყოველდღიური წარმოების ზრდას აანონსებენ, რაც საუდის არაბეთის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც მზად არის ევროპას ნავთობის მიწოდება გაუზარდოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის ბაზრიდან რუსეთის გასვლის და საუდის არაბეთისა და OPEC-ის წევრი სხვა ქვეყნების შესაძლებლობების ზრდას ნიშნავს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3av6VPC ; https://bit.ly/3xfxJfM ; https://bit.ly/3x6M90o 

6. რამდენი სამუშაო ადგილი შექმნა ბიზნესსექტორმა 2022 წლის პირველ კვარტალში

საქსტატის კვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში სულ 673,600 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც წინა წლის მაჩვენებელს 8.1%-ით აღემატება. სექტორებს შორის ყველაზე მეტი ადამიანი საბითუმო და საცალო ვაჭრობაშია დასაქმებული (185,583 დასაქმებული), ხოლო ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი “ხელოვნების გართობის და დასვენების” სექტორში დაფიქსირდა (2,468 ლარი). დასაქმების მაჩვენებლის მატების ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში პანდემიური შეზღუდვების მოხსნა და ტურიზმის აღდგენაა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Q1Vb7r 

7. რა დაუჯდა საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო დავები

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ 24 საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობდა. Bm.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ინვესტორებთან დავებში საქართველოს 48 მლნ დოლარის და 9 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა. საარბიტრაჟო დავების უმრავლესობა კონფიდენციალურია და შესაბამისად, დავის საგანი და მოსარჩელე მხარეების ვინაობა საჯარო არაა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Mp76sV 

8. დასაქმებულთა რამდენ პროცენტს აქვს 6,000 ლარზე მაღალი ხელფასი საქართველოში

2022 წლის აპრილში ხელფასი 898,000 დაქირავებით დასაქმებულმა მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება. დასაქმებულთა 50,4%-ს 1,200 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს, ხოლო 6,000 ლარზე მაღალი ხელფასი დასაქმებულთა მხოლოდ 4.0%-ს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Mgy8D0 

9. ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო მსოფლიოს ლიდერი ქვეყანაა

ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობამ (International Budget Partnership) ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 კვლევის (Open Budget Survey – 2021) შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. კვლევა მიზნად ისახავდა მთავრობის ბიუჯეტის გამჭვირვალობას, საბიუჯეტო პროცესში მხარეთა ჩართულობას და ბიუჯეტის მართვაზე ზედამხედველობას. კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ დამოუკიდებლად შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3NdbKeZ 

10. მთავრობამ წელს ბიზნესს 103 მლნ ლარის გადასახადები ჩამოაწერა

მთავრობის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი ანგარიშის მიხედვით წელს მთავრობამ 2122 გადასახადის გადამხდელს 102,845,918 ლარის ოდენობის ჯარიმა და საურავი ჩამოაწერა, შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის გამო კი 551 გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/392AdoD

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები