2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
აშშ მკაცრად გმობს საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებსა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
"დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას", - წერია საელჩოს განცხადებაში.
2008 წლის 12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას, თუმცა რუსეთი ამ შეთანხმებას დღემდე არ ასრულებს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.




























