იმის მიუხედავად, რომ 2021 წელი სრულდება, ჯერჯერობით მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი COVID-საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზითაც კი არაა აცრილი. უფრო ზუსტად, ამერიკული „ფორბსის“ ცნობით, აშშ-ის ზრდასრული მოქალაქეების 25%-ზე მეტი აცრილი საერთოდ არაა. მთელი წლის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვები კი აჩვენებს, რომ ამერიკელთა ნაწილი, რომელიც საერთოდ უარს ამბობს ვაქცინაციაზე, იმათთან შედარებით, ვინც ამ დრომდე ყოყმანობდა, აცრილიყო თუ არა, სამწუხაროდ, არ შემცირებულა.
კვლევითი ორგანიზაცია Kaiser Family Foundation-ის ბოლო გამოკითხვის შედეგად, რომელიც ნოემბერში ჩატარდა, ირკვევა, რომ 1820 გამოკითხული ამერიკელიდან 14% კვლავ მტკიცედ ფიქრობს, რომ არ აიცრება; 3% ამბობს, რომ ვაქცინას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გაიკეთებს; ხოლო გამოკითხულთა 6% გეგმავს, “მოიცადოს და მოგვიანებით აიცრას”.
პარალელურად, დეკემბრის დასაწყისში, გამოკითხვა Morning Consult-მაც ჩაატარა. გამოკითხული 47 ათასზე მეტი ამერიკელი მოზარდის 19%-ის თქმით, მათ ჯერ კიდევ არ სურთ ვაქცინაცია, ხოლო ამ საკითხთან დაკავშირებით 9%-ს საბოლოო გადაწყვეტილება კვლავ არ მიუღია.
ამ კვლევების შეჯერებით, ამერიკული “ფორბსი” წერს, რომ ამერიკელთა ის რიცხვი, რომელთაც აცრა არ სურთ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის უცვლელი რჩება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საბედნიეროდ შეცვლილია იმ ხალხის მთლიანი ოდენობა, რომელიც ამ დრომდე აცრასთან დაკავშირებით ყოყმანობდა. ბოლოს ჩატარებული კვლევის მონაწილეთა 31% ამბობს, რომ “მოიცდის და შემდეგ აიცრება”, ხოლო 18%-სთვის - კვლავ გაურკვეველია საბოლოო გადაწყვეტილება.
საგულისხმოა, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის Covid-საწინააღმდეგო ვაქცინის პრეპარატები ხელმისაწვდომია. შედეგად, კვლევაში მონაწილე მოქალაქეები ამბობენ, რომ აცრილ ხალხზე დაკვირვებით, მათ გარკვეული გამოცდილება უკვე დაუგროვდათ და, შესაბამისად, ვაქცინაციაზე შედარებით მკაფიო პოზიცია ჩამოუყალიბდათ.
რაც შეეხება კორონავირუსის კონკრეტული შტამების გავლენას ვაქცინაციის მაჩვენებლებზე, კვლევის თანახმად, ზაფხულში დელტა ვარიანტის გავრცელებამ ამერიკელთა ნაწილზე მცირე გავლენა მოახდინა და მათ აცრასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიაღებინა. უფრო ზუსტად, ისეთ რესპოდენტთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც აუცრელობა მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, 14-დან 12-მდე შემცირდა; ვისაც მოგვიანებით აცრა უნდოდა - 10-დან 14%-მდე გაიზარდა; ხოლო ვინც ამბობდა, რომ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში აიცრებოდა, 6-დან 4%-მდე შემცირდა.
ცნობისთვის, აშშ-ის სურსათის და წამლების ადმინისტრაციამ Pfizer-BioNTech-ის Covid-ვაქცინა 16 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობისთვის აგვისტოს ბოლოს სრულად დაამტკიცა. ამ დროისთვის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ამერიკელ ზრდასრულთა 72,6% სრულად აცრილია.