შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულ ქართველთა ჩამონათვალი გაზარდა. პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტროს მაღალჩინოსნები ჯერ ბრიტანეთმა, შემდეგ კი აშშ-მა დაასანქცირა.
ორივე შემთხვევაში სანქციები ფინანსური ხასიათისაა, თუმცა თუ გაერთიანებული სამეფოს სანქციები ქვეყანაში შესვლის აკრძალვას და არსებობის შემთხვევაში იქ აქტივების გაყინვას გულისხმობს, აშშ-მა გომელაური და სამინისტროს მაღალჩინოსანი მირზა კეზევაძე “მაგნიტსკის სიაში" შეიყვანა. აშშ-ც და დიდი ბრიტანეთიც გომელაურს და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებს საქართველოში მიმდინარე აქციების დროს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევას ედავება.
მაგნიტსკის აქტს, რომელიც რუსეთის ციხეში დაღუპული სერგეი მაგნიტსკის სახელს ატარებს აშშ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დამრღვევთა და კორუფციაში ჩართული პირების მიმართ იყენებს.
ეს სია 2012 წელს კონგრესის მიერ მიღებული “მაგნიტსკის აქტის” საფუძველზე შეიქმნა, რომლის მიზანიც მაგნიტსკის, სამართლებრივ დევნასა და ციხეში სიკვდილთან დაკავშირებული ოფიციალური პირების დასჯა იყო. ამ ეტაპზე აქტი ითვალისწინებს სიაში შეყვანილ პირებზე ვიზის გაცემის აკრძალვას და მათი ანგარიშების გაყინვას; აშშ-ში მოძრავი თუ უძრავი ქონების გაყინვას ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების დაბლოკვას და სავიზო შეზღუდვებს. ამ ბრძანებით სანქცირებულები აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სიაში ხვდებიან.
სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სიაში გომელაურთან ერთად ამ დროისთვის სამინისტროს კიდევ სამი მაღალჩინოსანი და ერთი ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის გამო 2023 წელს დასანქცირდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი ამბობს, რომ „მაგნიტსკის აქტით” სანქცირებული პირები მთელი ცხოვრება სანქცირებული რჩებიან და გასაჩივრების მექანიზმი ამ შემთხვევაში არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ელის, რომ სანქციები გაგრძელდება და მაღალჩინოსნების სიაც გაფართოვდება, ერთი მიზნით, რომ მთავრობა ევროპულ გზაზე დაბრუნდეს, რაც მხოლოდ ახალი არჩევნების დანიშვნით არის შესაძლებელი. ალექსანდრე ქევხიშვილი ასევე გვეუბნება, რომ ფინანსური სანქციები, რაც აშშ-მ გომელაურის თუ მისი უწყების სხვა მაღალჩინოსნების მიმართ გამოიყენა, გულისხმობს მოგზაურობის აკრძალვასაც, ანუ ეს ადამიანები ამერიკაში ვეღარ შევლენ.
“პირველად [სანქციები] მინისტრის დონეზე ავიდა ეს. მაგნიტსკის აქტი მოიცავს საკმაოდ მძიმე ფინანსურ სანქციებს, ამ სიაში მოხვედრა ფაქტობრივად ნიშნავს რომ ადამიანი მეტწილად ეთიშება გლობალურ ფინანსურ სისტემას", - ამბობს ქევხიშვილი.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართველი მაღალ ჩინოსნებისთვის სავიზო სანქციები გაგრძელება, თუმცა ფინანსური სანქციებისგან განსხვავებით, არ საჯაროვდება იმ პირების სია, ვისაც ამერიკამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მხოლოდ ის ვიცით, რომ ჯამში ეს ასზე მეტ ადამიანს შეეხო.
“მთელი ცხოვრება ის იქნება შეყვანილი ე.წ სარისკო ადამიანების სიაში, რომელსაც არათუ ბანკები არ მოემსახურებიან, არამედ ნებისმიერი საზღვრის კვეთის დროს ან განვითარებულ ქვეყნებში სხვადასხვა სერვისის მიღების დროს შესაძლოა შეექმნას პრობლემები მხოლოდ იმიტომ რომ ამ სიაშია. ლარში გადარიცხვებშიც პრობლემა ექნება, Mastercard-სა და Visa-ზე, რადგან ამერიკული კომპანიებია და მათ ეკრძალებათ მაგნიტსკის სიაში მოხვედრილი ადამიანების მომსახურება. ასევე ორი მთავარი ბანკი თიბისი და საქართველო, მათი მთავარი აქციონერები დიდ ბრიტანეთში არიან და დიდმა ბრიტანეთმაც დაადო ფინანსური სანქციები ამიტომ ეს ბანკებიც ყველანაირ ურთიერთობას გაწყვეტენ გომელაურთან მათ შორის - ლარშიც. ის თუ წავა სადმე ევროპაში, ამერიკაში ან სხვა დასავლურ, განვითარებულ ქვეყანაში, მას ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეექმნება პრობლემა, არამარტო ფინანსურ მომსახურებაზე ”, - აცხადებს TI-ის წარმომადგენელი.
ცოტა ხნის წინ საქართველოში გაზრდილი პოლიტიკური რისკებისა და დასავლელ პარტნიორებთან გაუარესებული ურთიერთობის გამო, Fitch-მა ქვეყანას პერსპექტივა ნეგატიურით გააუარესა მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო რეიტინგი ჯერჯერობით არ შემცირებულა. ამ ფონზე და ზოგადად ეკონომიკაში გაუარესებული მოლოდინების პირობებში BMG-მ ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილს ჰკითხა - რა ეკონომიკურ შედეგს მოუტანდა ქვეყანას ერთი მხრივ სანქციები, ხოლო მეორე მხრივ დასავლეთთან პოლიტიკური იზოლაცია.
“ეკონომიკაზე გავლენა სრულად არის დამოკიდებული იმაზე თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები. თუ “ქართული ოცნება” შეძლებს ძალაუფლებაში დარჩენას და იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რასაც ის ახლა აკეთებს. მაშინ ადვილად დასანახია როგორ შეიძლება აღმოვჩნდეთ იგივე ვითარებაში, სადაც არის რუსეთი და ირანი. მეტიც მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენის თვალსაზრსით გაცილებით მარტივია საქართველოს დასანქცირება, ვიდრე მაგალითად ირანის და რუსეთის. რადგან ამ ორი ქვეყნის სანქცირებას გარკვეული თვალსაზრისით უარყოფითი გავლენა აქვს მსოფლიო ეკონომიკაზე. საქართველოს შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება ეკონომიკური კუთხით გაცილებით მარტივად იქნება მიღებული. თუ მართლა სრულ პოლიტიკურ იზოლაციამდე მივედით ეს სრულ პოლიტიკურ იზოლაციას ნიშნავს", - ამბობს ბედინეიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების გარდა, ბალტიის ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი ირაკლი კობახიძეც დაასანქცირა. ასევე მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი საქართველოში გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზოს გაუუქმებს, რაზეც ბრიუსელში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში იქნა მიღებული.