საერთაშორისო ბიზნესის და სამართლის საკითხებში ექსპერტი ზვიად სხვიტარიძე მაქსიმალურად მარტივი ენით განმარტავს - რა არის მაგნიტსკის აქტი, OFAC-ი და რას ნიშნავს ამ აქტში მოხვედრა, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ფინანსური სანქციები დაუწესა.
ზვიად სხვიტარიძე აღნიშნავს, რომ ამ აქტიდან სანქცირებული პირის ამოღება ფაქტობრივად შეუძლებელია და ეს მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის თანხმობით ხდება.
„გლობალური მაგნიტსკის აქტი - 2012 წელს აშშ-ს კონგრესის ორივე პარტიის აბსოლუტური მხარდაჭერით იქნა მიღებული. თავდაპირველი მიზანი რუსი მაღალჩინოსნების დასჯა იყო ცნობილი ადვოკატის მაგნიტსკის ციხეში წამებით სიკვდილის გამო, მოგვიანებით კი მისი მოქმედება ექსტრატერიტორიულობის პრინციპით უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნებზე გაფართოვდა, რომელთაც ბრალად ედებათ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და კორუფცია
OFAC-ი (Office of Foreign Assets Controls) აშშ-ს საერთაშორისო აქტივების კონტროლის სააგენტო, სახელმწიფო ხაზინის ორგანო, რომელიც ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს აწესებს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე. სხვა სიტყვებით უმაღლესი დონის და განსაკუთრებული სიმძიმის სანქციებია და წესდება მტრულად განწყობილი ქვეყნების მთავრობების, ტერორისტული ორგანიზაციების, ნარკო-კარტელების და აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ფიზიკური პირების მიმართ. სანქციების აღსრულებაც ზედმიწევნით ეფექტიანად ხდება ამავე სააგენტოს ტერორიზმისა და ფინანსური უსაფრთხოების სააგენტოსთან ერთად. სანქციებს ექვემდებარება არა მხოლოდ სანქცირებული პირები, არამედ ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე სახით ხელს შეუწყობს სანქცირებულის სანქციებიდან თავის არიდებაში. სანქციების სახით გამოყენება როგორც აქტივების გაყინვა ან/და ამოღება მსოფლიოს მასშტაბით, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 20 წლამდე ვადით, დამატებითი ინდივიდუალური ფინანსური ჯარიმით მილიონ აშშ დოლარამდე.
- რას ნიშნავს მაგნიტსკის აქტში მოხვედრა?
ავტომატურად ნიშნავს არა მხოლოდ კონკრეტულ პირზე და მისი ოჯახის წევრებზე გაცემული აშშ-ს ვიზების გაუქმებას და ქვეყანაში არდაშვებას სახმელეთო საზღვრით ქვეყანაში შეღწევის ჩათვლით, არამედ OFAC-ის სანქციების ამოქმედებას, ანუ სანქცირებულის საბანკო ანგარიშები, ნებისმიერი სახის ფული, მოძრავი, თუ უძრავი ქონება, ნებისმიერი მატერიალური სახის აქტივი ექვემდებარება დაყადაღება/ჩამორთმევას. ყველა საბანკო, საფინანსო და აქტივების მართვის დაწესებულება ვალდებულია იხელმძღვანელოს და დაემორჩილოს OFAC-ის სანქციებს. ნებისმიერი ფიზიკური, თუ იურიდიული პირი, რომელიც არ აღასრულებს ან რამენაირად ხელს შეუშლის სანქციების აღსრულებას ასევე პასუხისმგებელი ხდება ამ აქტით", - განმარტავს ზვიად სხვიტარიძე და დასძენს:
"აშშ-ის გარდა გლობალური მაგნიტსკის აქტები მიიღო კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანამ და როგორც წესი სარკისებური ასახვა ხდება აშშ-ს მაგნიტსკის აქტით დასანქცირებული პირების.
და კიდევ ერთი - მაგნიტსკის აქტიდან პირის ამოღება ფაქტობრივად შეუძლებელია, მისი უფლება მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტს აქვს და მხოლოდ მასთან შეთანხმებით".