WIZZ AIR-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. შედეგად, Wizzair-ი ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით ფრენას განახორციელებს.
„ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების წარმატებული შედეგი“, - ასეთი შეფასება გააკეთა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ახალი მიმართულებებზე საუბრისას. მისი თქმით, Wizzair-თან მჭიდრო თანამშრომლობით მიმართულებების იდენტიფიცირება მოხდა.
„2023 წელს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გერმანიაში ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად ძალიან დიდი მარკეტინგული აქტივობები გვაქვს დაგეგმილი, რათა ამ ქვეყანაში საქართველოში მოგზაურობის სურვილი მეტ ადამიანს გაუჩნდეს. კარგად გვესმის, რომ გამტარუნარიანობა და პირდაპირი რეისები უმნიშვნელოვანესია, რათა შევძლოთ მგზავრების და ტურისტების მიღება.
ასევე ჩვენ გვაქვს კვლევები, რომლებზე დაფუძნებითაც ვხედავთ, რომ ესპანეთი ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მზარდი ბაზარია, სწორედ ამიტომ ჩვენი მხრიდან მოლაპარაკების მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი იყო ესპანეთზე, კონკრეტულად მადრიდის მიმართულებაზე და მადლობას ვუხდი ავიაკომპანიას ამ თხოვნის გათვალისწინებისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მან ასევე დადებითად შეაფასა, რომ დაემატა ბრიუსელისა და პოზნანის მიმართულებები და თქვა, რომ ხუთი მიმართულება ჩვენი ქვეყნის შემოსავლებს გაზრდის, რომლებსაც ჩვენ ტურიზმის ინდუსტრიიდან იღებს.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის 11 თვეში გერმანიიდან 46 840 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 53.4%-ით ნაკლებია, გასული წლის ამავე პერიოდს კი 134.5%-ით აღემატება.
ესპანეთიდან წელს შესრულებული ვიზიტების რაოდენობა 7 297 იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 55.2%-ით ნაკლებია, 2021 წლის მონაცემებს კი 98.4%-ით აღემატება.
ბელგიიდან 11 თვეში სულ 5 129 ვიზიტი შესრულდა. ეს 2019 წლის ვიზიტებს 63.1%-ით ჩამორჩება, 2021 წლის ამ პერიოდს კი 127.3%-ით აღემატება.
რაც შეეხება პოლონეთს, წელს ამ ქვეყნიდან 40 486 ვიზიტი შესრულდა, რაც 47.3%-ით ნაკლებია 2019 წლის ვიზიტებზე, ხოლო 2021 წლის 11 თვის მონაცემებს 34.8%-ით აღემატება.