მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

La Gazzetta Dello Sport-ი საქართველოდან უზბეკეთში და რუმინეთში შედის

La Gazzetta

ავტორიტეტული იტალიური სპორტული გამოცემა, La Gazzetta Dello Sport-ი, რომელიც საქართველოში SMH Global-ის მიერ, იტალიურ გამოცემასთან არსებული ექსკლუზიური ფრენჩაიზის ხელშეკრულებით გამოიცემა, საქართველოს შემდეგ, უზბეკეთის და რუმინეთის ბაზრებზე შედის. როგორც SMH Global-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა “საქმიან საღამოში” განაცხადა, იტალიური გაზეთის ახალ ბაზრებზე განვითარებას სწორედ ქართული კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც ევრაზიაში La Gazzetta Dello Sport-ის წარმომადგენელია.

“La Gazzetta Dello Sport-ი საქართველოდან რეგიონში გავშალეთ. ცოტა ხნის წინ, სამუშაო შეხვედრებით უზბეკეთში და რუმინეთში ვიმყოფებოდი და შემიძლია განვაცხადო, რომ წლის ბოლოს La Gazzetta Dello Sport-ი ამ ორ ქვეყანაში გაეშვება და ეს პროცესი საქართველოდან წარიმართება, რაც სპორტული მედიის ინდუსტრიაში საქართველოს როლს რამდენიმეჯერ წინ წასწევს. თავად ის ფაქტი, რომ La Gazzetta Dello Sport-ის 120-წლიან ისტორიაში ფრენჩაიზი არავისთვის მიუცია საქართველოს გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროცესის ევრაზიაში გაშლა კი, გლობალური სპორტის მიმართულებაში საქართველოს როლს უსვამს ხაზს”, - განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა “საქმიან საღამოში”.

BMG-ის გადაცემაში სტუმრობისას, SMH Global-ის დამფუძნებელმა La Gazzetta Dello Sport-ის ისტორიაზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, რაც ქვეყანაში სპორტული დაჯილდოების შექმნას ითვალისწინებს.

"ცოტა ხნის წინ, დიდხნიანი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოში სპორტული მედიის გლობალური კორიფესთან, La Gazzetta Dello Sport-თან ევრაზიაში ფრენჩაიზის ხელშეკრულება გავაფორმეთ. საქართველოდან დავიწყეთ და საკმაოდ წარმატებულად გავეშვით, რაზედაც La Gazzetta Dello Sport-ის 100%-იანი ცნობადობა მიუთითებს.

იტალიურ გაზეთთან ურთიერთობა გვაძლევს საშუალებას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამართულ სპორტულ ღონისძიებას დავესწროთ, საიდანაც ჩვენი ჟურნალისტები მკითხველებს ექსკლუზიურ ინფორმაციას სთავაზობენ. ეროვნულ და ოლიმპიურ ნაკრებებსაც დავყვებით და ცოტა ხნის წინ, სტუდიური გადაცემებიც დავამატეთ.

ჯერ ვერ გავაჟღერებ, მაგრამ მალე iGaming-ის ინდუსტრიის დიდ მოთამაშესთან სტრატეგიულ პარტნიორობას დავიწყებთ და მათთან ერთად, La Gazzetta Dello Sport-ის ეგიდით და საერთაშორისო ჟიურის ჩართულობით დაჯილდოებას გავაკეთებთ”, - განაცხადა SMH Global-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა “საქმიან საღამოში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები