საქართველოში მოქმედი სამედიცინო და სპა-ველნეს აპარატურის იმპორტიორი და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიათა ქსელის მმართველი კომპანია „მედიქალ ვორლდი” ქართულ ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს.
კომპანია თავდაპირველად მხოლოდ სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტზე იყო ორიენტირებული, 2017 წლიდან კი, მათ პორტფელს ლაბორატორიული მიმართულებაც დაემატა და შექმნეს ქსელი, რომელიც დღეს მომხმარებელს 800-ზე მეტ ლაბორატორიულ კვლევას სთავაზობს.
"მედიქალ ვორლდის" ლაბორატორიები დღეს ქვეყნის 13 ქალაქში 15 ფილიალითაა წარმოდგენილი, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ყველანაირი ლაბორატორიული კვლევა ჩაიტაროს და სრული სერვისით ისარგებლოს, ნიმუშის აღებიდან დაწყებული, დიაგნოსტიკით დასრულებული.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ლევან ქობალიამ გადაცემა "საქმიან დილაში" აღნიშნა, ორი თვის წინ მათ რიგით მე-15 ფილიალი ამბროლაურში გახსნეს, უახლოეს მომავალში კი, ახალი ფილიალის გახსნას მესტიაშიც აანონსებენ.
"მესტიაში უკვე რამდენჯერმე ვიყავით და ვარჩევთ შესაბამის კადრებს, რომელთა გადამზადებასაც ჩვენვე უზრუნველვყოფთ და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ლაბორატორიული სერვისი ადგილზე მიიღოს", - ამბობს ლევან ქობალია.
“Medical World Spa&Wellnes” კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებაა, რომელიც მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე არის ორიენტირებული. კომპანია ამ მიმართულებით ცენტრალური ევროპის წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობს და მუდმივად ცდილობს, ბაზარს ინოვაციური პროდუქტები შესთავაზოს.
ლევან ქობალიას განმარტებით, დღეს საქართველოს თითქმის ყველა კურორტთან თანამშრომლობენ, სადაც სპეციალური გამაჯანსაღებელი აბაზანებისა და ფიზიოთერაპიული აპარატების ინსტალაციას უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიის მართვისთვის საჭირო კადრების გადამზადებას კომპანია თავადვე უზრუნველყოფს.
"თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით უზრუნველვყოფთ ამ კურორტების მოწყობას. აღსანიშნავია, რომ დღეს სრულიად სხვა სიმაღლეზე გადადის სასტუმროს სპა და ველნეს მომსახურება. თუ ადრე საუნით და სულ რამდენიმე პროცედურით შემოიფარგლებოდნენ, ახლა უკვე მომსახურების ძალიან დიდი სპექტრი აქვთ. გარდა ამისა, უამრავ ტრენინგს ვატარებთ, ჩამოგვყავს უცხოელი სპეციალისტები და გადამზადებას უზრუნველვყოფთ როგორც ჩვენი თანამშრომლების, ასევე ჩვენი მომხმარებლების, ვინც ამ აპარატურაზე მუშაობს", - ამბობს "მედიქალ ვორლდის" დამფუძნებელი.
ამ ყველაფერთან ერთად, მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდმა" სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი "მედ 11" შეიძინა, რომელიც საქართველოში გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალია. "მედ 11" პაციენტების ჰოსპიტალიზაციას როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ უზრუნველყოფს. რასაკვირველია, კომპანია მომხმარებელს ბინაზე მომსახურებასაც სთავაზობს.
"გვყავს 7 რეანიმობილი და ასევე მცირე ზომის მანქანები, რომლითაც ექთნები საქართველოს 13 ქალაქში გადაადგილდებიან და სხვადასხვა მომსახურებას უწევენ პაციენტებს. ყველა რეანიმობილი უმაღლესი სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი, მათ შორის საკაცეებით - რომლითაც ბარიარტრიული პაციენტების გადაყვანაც შეგვიძლია. ჩვენი მანქანები საერთაშორისო გადაყვანებსაც უზრუნველყოფს. შეგვიძლია, პაციენტების როგორც საქართველოში ჰოსპიტალიზაცია, ასევე ევროპაში გადაყვანა. უკვე არაერთ ქალაქში გვყავს პაციენტები გადაყვანილი", - აღნიშნავს "მედიქალ ვორლდის" დამფუძნებელი ლევან ქობალია.
ცნობისთვის, "მედ 11"-ის სერვისების სპექტრი მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით არ შემოიფარგლება. ის ასევე მოიცავს 24/7-ზე ექთნის მომსახურებას, რენტგენის, ექოსკოპიის, ელექტრო კარდიოგრამის გადაღებას, სასუნთქი გზების სანაციას, სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაციასა და ლაბორატორიულ კვლევებს. შესაბამისად, რეანიმობილები როგორც კარდიოგრაფებით, ასევე სპეც კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტებით არის აღჭურვილი.